"ავტოდორის" მწვრთნელმა დავით დვალიშვილმა 1995 წელს დაბადებული 20-მდე ახალგაზრდა ფეხბურთელი შეკრების ჩასატარებლად თბილისში ჩამოიყვანა. გუნდს 35-ე საფეხბურთო სკოლა და მისი დირექტორი გოჩა ავსაჯანიშვილი მასპინძლობდნენ.
თავიდან ერთმანეთში 2 საკონტროლო შეხვედრის ჩატარება დაგეგმეს, მაგრამ საქართველოს სამხედრო გზის გადაკეტვის გამო ოსები თბილისში ერთი კვირა დარჩნენ და 35-ე სკოლის გუნდს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ.
ურთიერთობები სწორედ ამ დროს აეწყო. ბიჭებმა ერთმანეთი გაიცნეს,
ახალგაზრდა სპორტსმენები და მათი მწვრთნელები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსაც ესტუმრნენ. დახვედრით კმაყოფილებმა და გაოცებულებმა ერთობლივ ტურნირებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე თანხმობა თქვეს.
"ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა ვლადიკავკაზური კლუბის ჩამოსვლა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოსმა და ქართველმა ბავშვებმა ერთად გაიარეს შეკრება და ბავშვებს შორის თბილი, მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა.
არანაირი დაძაბულობა და ომზე მინიშნება არ ყოფილა. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ სპორტი ერებს აერთიანებს.
მალე ოსი და ქართველი ბავშვები ტურნირებში ერთად მიიღებენ მონაწილეობას", - განაცხადა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.
დავით დვალიშვილი, "ავტოდორის" მწვრთნელი: "როდესაც შეკრების მოწყობის ადგილს ვარჩევდით, მკითხეს, წასვლა სად გირჩევნიაო. მაშინ, ინერციით, საქართველოზე ლაპარაკი არც ყოფილა და ცხადია, ამ ვარიანტს არც განიხილავდნენ.
ამ დროს ვთქვი, თბილისში მირჩევნია წასვლა-მეთქი. არანაირი პრობლემა არ ყოფილა, მაშინვე დამთანხმდნენ.
ჩვენი ჩამოსვლის მიზანი სეზონისთვის კარგად მომზადება იყო. მადლობა ყველა ჩვენს მასპინძელს, ბიჭები ძალიან კმაყოფილები ბრუნდებიან.
იმედია, ჩვენ ერთმანეთს გავუგებთ და ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება".
ომისა და ხიდების ნგრევის შემდეგ ეს იყო ქართველებისა და ოსების მიერ ერთმანეთისკენ გადადგმული ერთ-ერთი ყველაზე სწორი და ადამიანური ნაბიჯი.
ოსები ჩვენი ძმები იყვნენ და ძმებადვე დარჩებიან, ისევე, როგორც აფხაზები. წარსულის ორმხრივმა შეცდომებმა კავკასიაში დიდი ტრაგედია დაატრიალა. პოლიტიკოსების შეცდომების შედეგებს კი ხალხი იმკის. ამიტომ ემოციურ მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებს ყოველთვის გონივრული და ადამიანური სჯობია.
ვფიქრობთ, აუცილებელია საერთო ენის ხელახლა გამონახვა. ხალხს პრობლემა არც დღეს ჰქონია და არც გუშინ. ხელს ყოველთვის ბინძური პოლიტიკა აფათურებდა და ის იყო პრობლემის მთავარი მიზეზი. ახლა კი ის დროა, ხალხმა ისევ თავის თავზე აიღოს ურთიერთობის დამყარებისა და გამყარების ინიციატივა, პოლიტიკოსთა ნაწილი ხომ ხშირად სხვა მოტივებით საზრდოობს.
არ დაგვავიწყდეს, რომ ვლადიკავკაზელ ოსებს ქართველები უყვარდათ და მათთვის დედაქალაქი თბილისი უფრო მშობლიური იყო, ვიდრე შორეული მოსკოვი. ვლადიკავკაზში ქართული ბევრმა იცოდა და იცის. ამის მაგალითი გნებავთ? ზემოხსენებული "ავტოდორის" სპონსორი, ხასან ალბეგოროვი ვლადიკავკაზში იმ ქართულ სკოლას პატრონობს, სადაც ბავშვობაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სწავლობდა.
ამ ურთიერთობების გაციება მხოლოდ ჩვენს მტერს ელანდება და რაც მტრის ნატვრაა, ის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ჩვენი ურთიერთობით ქართული ფეხბურთიც სარგებლობდა, ახლა კი რუსები. თუ ადრე ვლადიკავკაზელი ფეხბურთელები თბილისის "დინამოს" ეტანებოდნენ, წლეულს "ავტოდორის" 5 მოთამაშე ვლადიკავკაზის "ალანიამ" დაიმატა, ორ-ორი - მოსკოვის "დინამომ" და ცსკა-მ, ერთიც - სანკტ-პეტერბურგის "ზენიტმა".
არადა, ადრე თბილისის "დინამოს" აძლიერებდნენ ანდრო ზაზროევი, ზაურ კალოევი, გურამ ცხოვრებოვი, ვლადიმერ გუცაევი...
თუ გვინდა მშვიდობა და საქართველოს გაძლიერება, მეზობლებთან მეგობრობა და სიყვარული უნდა აღვადგინოთ. ხოლო ის ამბავი, რომ ცხინვალი ქართულია, იმედია, ამას დრო და სამართალი მოაგვარებს.
კმაყოფილი ვლადიკავკაზელები (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"