მისი თქმით, უეფამ ძალზე გაამკაცრა წესები, მაგრამ სფფ-ის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რამდენიმე კლუბს სტადიონების ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ მოუწესრიგებელი აქვს.
"უეფაში ლიცენზირების პერიოდი თებერვლიდან აპრილამდეა. საუბარია იმ სტადიონების ლიცენზირებაზე, სადაც ევროთასებზე გასულმა გუნდებმა უნდა ითამაშონ.
მოთხოვნები ჩემპიონატშიც გამკაცრდება, რაზეც კლუბები ჯერ კიდევ აგვისტოში გავაფრთხილეთ. მიუხედავად ამისა, რამდენიმე სტადიონზე სერიოზული პრობლემებია.
უკვე გავუგზავნეთ წერილები "სიონს", "ჩიხურას", ფოთის "კოლხეთს", ქობულეთის სტადიონს და მარტვილის "მერანს". ლაპარაკია ვიპ-ადგილებზე,
ასე რომ, თუ პრობლემები ჩემპიონატის განახლებამდე არ მოგვარდება, ამ არენებზე თამაშს ავკრძალავთ და მატჩებს ნეიტრალურ მოედნებზე დავნიშნავთ", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.
* * *
12-თა საბჭოს წევრებს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ორიოდე დღის წინ წამოყენებული იდეა გააცნო, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელების მეტ დასაქმებას გულისხმობს.
საამისოდ უმაღლესი ლიგის გუნდების ძირითად შემადგენლობაში 21 წლამდე 2 ახალგაზრდის თამაშის დაკანონებას ითხოვს.
ამას გარდა, 12-თა საბჭოს დეკემბრის შეხვედრაზე კლუბებმა მოითხოვეს, რომ მათ სამი ლეგიონერის დამატების უფლება უფასოდ მიეცეთ. აქამდე კლუბები თითოეულში 15 ათას ლარს იხდიდნენ.
შეხვედრის მონაწილეების კომენტარებიდან ირკვევა, რომ ჯერ ყველა საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
ირაკლი ქავთარაძე, რუსთავის "მეტალურგის" გუნდის უფროსი:
"ლეგიონერზე გუნდი 15 ათას ლარს აღარ გადაიხდის, თუ სამზე მეტი უცხოელი არ ჰყავს. მე რომ მკითხოთ, ეს ქართული ფეხბურთის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს.
მაგრამ "ზესტაფონის" პრეზიდენტის მოსაზრება იყო, როდესაც ლეგიონერები გვეყოლება, ადგილობრივებს კონკურენციისთვის მეტი სტიმული გაუჩნდებათო.
ჩვენ ლეგიონერები, ფაქტობრივად, არ გვყავს და ეს პრობლემა ნაკლებად გვაწუხებს.
მაგრამ დღეს უფრო მეტად იყო ლაპარაკი 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების მოთამაშეთა დასაქმება-გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე, 18-კაციან განაცხადში ორი ასეთი მოთამაშე მაინც რომ შევიყვანოთ. მაგრამ ჯერ ვერ დავინახეთ, ეს არის თუ არა გამოსავალი.
ამიტომ უნდა განვიხილოთ, რა და როგორ აჯობებს. შესაძლოა, ამან უხერხულობა გამოიწვიოს გუნდებში."
ამ საკითხზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელსაც ვთხოვეთ.
თემურ ქეცბაია: მთავარი ქართული ფეხბურთის ინტერესია
- საინტერესო საუბარი გვქონდა. ჩვენი სურვილია, ასაკობრივი ნაკრებების კანდიდატები, რაც შეიძლება, მეტად დასაქმდნენ და სათამაშო პრაქტიკა მიიღონ. თუ ეს ინიციატივა დამტკიცდება, კლუბი სათადარიგოებში კიდევ ორ კაცს მაინც დასვამს, რათა მათი შემცვლელი ჰყავდეს.
კლუბები ამბობენ, რომ ასეთი ახალგაზრდები თითქმის ყველა კლუბში თამაშობენ, მაგრამ ერთია, რომ თამაშობენ, მეორეა, როდესაც ამას კანონის ძალას აძლევ და ახალგაზრდების გაზრდას ავალდებულებ. ასეთი გადაწყვეტილება ახალგაზრდებს სტიმულს მისცემს, რადგან აქ ლაპარაკია მინიმუმ 24 მოთამაშეზე.
აიღეთ კონკრეტული მაგალითები: ვხედავთ პროგრესს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში. ისინი ბოლო სამი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ყველა შესარჩევიდან ელიტრაუნდში მოხვდნენ; მაგრამ მეორე მხრივ, ვხედავთ იმასაც, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში ძალიან ბევრ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა აკლია.
ეს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს საქმეს გაუადვილებს, გუნდში ყოველ კვირას ნაკრების 24 ფეხბურთელი დასაქმდება, დანარჩენი 24 კი სათამაშოდ მზად იქნება.
- კლუბები ამ პოზიციას ფრთხილად ეკიდებიან...
- რა თქმა უნდა, ზოგისთვის საკუთარი ინტერესი უფრო მნიშვნელოვანია და მათი, გარკვეულწილად, მესმის. იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ნაკრებების პოზიცია არ აინტერესებთ, მაგრამ ბოლოდროინდელი ტენდენცია უნდა გაითვალისწინონ და ასაკობრივ ნაკრებებში გარკვეულ პროგრესს ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ.
ინიციატივის გაზიარებით ის ნეგატიური ტენდენციაც შემცირდება, 18-19 წლის ბავშვებს უცხოეთში რომ არბენინებენ.
- ლეგიონერებზე გადასახადის მოხსნას როგორ შეაფასებდით?
- კლუბს ლეგიონერის ჩამოყვანა 15 ათასი ლარი თუ არ უღირს, ან მოთამაშე საქართველოს ჩემპიონატში ძირითად შემადგენლობაშიც რომ ვერ ხვდება, ასეთი ფეხბურთელის ჩამოყვანას რა აზრი აქვს? უცხოელთა სკამზე დასმას განაცხადში ისევ ქართველების შეყვანა აჯობებს, ამაზეა ლაპარაკი.
რა დასამალია, ხშირად ეროვნული ნაკრების შეკრებაზე მოთამაშეების ჩამოსვლა სახვეწარი გვიხდება, რადგან კლუბებში პრობლემები ექმნებათ. ასეთ დროს იდეალური ვარიანტი ადგილობრივ ჩემპიონატში დასაქმებულთა გამოძახებაა.
ჩემპიონატში წინსვლა არ არის და რაღაც ჩვენი მხრიდანაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენი პოზიცია იციან. ახლა მათი ჯერია.
- ანუ ჯერ კლუბებს წინადადებაზე საბოლოო უარი არ უთქვამთ?
- არა, მხოლოდ მოსაზრებები გამოხატეს. ცხადია, შეუძლებელია ამ გადაწყვეტილების ყველა შედეგის განსაზღვრა, მაგრამ ის მაინც გვეცოდინება, რომ ახალგაზრდების დასაწინაურებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით.
და მეორეც: იდეალური გადაწყვეტილება არ არსებობს და ის ყველას ინტერესსაც ვერ დააკმაყოფილებს, მაგრამ მთავარი ქართული ფეხბურთის ინტერესია. დანარჩენს თავად კლუბები გადაწყვეტენ.
გაიზიარებენ კლუბები ქეცბაიას ინიციატივას? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია სფფ-ში გამართულ შეხვედრაზე საინტერესო იდეით გამოვიდა