ბექა გოცირიძე: "დილას" მიწვევით მეორედ დავიბადე

AutoSharing Option
გორის "დილა" თბილისში განაგრძობს მზადებას. ყველაზე დიდი მოულოდნელობა გუნდში ბექა გოცირიძის გამოჩენა იყო - 24 წლის თავდამსხმელს ხომ 3 წელიწადი გაუცდა.

გოცირიძისთვის დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" დათარსული გამოდგა. 2009 წლის ზაფხულში მომხდარი ავარიის შემდეგ, მან ძველი კონდიციებისა და მდგომარეობის აღდგენა ვერ მოახერხა.

ჯერ იყო და ნახევარი წელი მკურნალობას მოანდომა, შემდეგი ნახევარი წელი - ფორმის აღდგენას. ცხადია, ერთი წელი დიდი დრო იყო, დნეპროპეტროვსკელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და დუბლებში გადაიყვანეს.

2010 წელს გოცირიძე იჯარით კრივოი როგის "კრივბასში" გაუშვეს, მაგრამ არ ათამაშებდნენ და ისევ
"დნიპროს" დუბლებს დაუბრუნდა. ეს დრო გაუცდა, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს - 2010-2011 წლებში "კრივბასსა" და "დნიპროში" სულ 10 მატჩი ჩაატარა.

თავდამსხმელს საქართველოში დაბრუნება სურდა, 2011 წლის იანვარში მისით თბილისის "დინამო" დაინტერესდა, უკრაინელებთან მოლაპარაკებაც გაიმართა, მაგრამ "დნიპრომ" შეთანხმების საფასურად მილიონი ევრო მოითხოვა, იმდენივე, რამდენადაც "ზესტაფონისგან" შეიძინა.

ისედაც გაწვალებულმა ბექა გოცირიძემ 2011 წლის შემოდგომაზე "დნიპროში" ვარჯიშისას აქილევსის მყესი დაიზიანა და კიდევ იძულებითი დასვენება და ისევ უსაქმოდ ყოფნა მოუხდა.

მართალია, ოპერაციას გადაურჩა, მაგრამ ორი თვის შემდეგ ვარჯიში განაახლა და ისევ პრობლემა შეექმნა

- ქართველ თავდამსხმელს დნეპროპეტროვსკელებმა დუბლებში ვარჯიშიც აუკრძალეს და იძულებული იყო, ინდივიდუალურად მომზადებულიყო.

ამხელა დაბრკოლებების შემდეგ, ვინ არ გატყდებოდა და თამაშის სურვილი შერჩებოდა. ბექა კი სამწლიანი ჩავარდნის შედეგებს მონდომებით ებრძვის და "დილაში" ვარჯიშობს.

ცხადია, ის აღარ არის, ბულგარეთის ნაკრების მცველებს ქარივით რომ ჩაუქროლებდა, წონაშია და ფორმის აღსადგენად დრო სჭირდება.

ბექა გოცირიძეს "ლელომ" ინტერვიუ ჩამოართვა - ახალგაზრდა თავდამსხმელი საკუთარ ტკივილსა და იმედებზე გველაპარაკა.

- ავარიის შემდეგ 3 წელზე მეტი გავიდა. რას გრძნობ, ძველი ფორმის დაბრუნება და უკეთ თამაში შეგიძლია?
- კი, მჯერა, რომ შემიძლია. გორის "დილა" ჩემპიონობისთვის იბრძვის და საკუთარი თავის რომ არ მჯეროდეს, არ მივიდოდი. არაფერი მაწუხებს, ეგაა, მართლა ზედმეტი წონა მაქვს და დიდი ხანია, რაც გუნდთან არ მივარჯიშია.

- პირველ ვარჯიშებზე არ გაგიჭირდა?
- გამიჭირდა და ამის უარყოფას აზრი არ აქვს. წონა ხელს მიშლის. ცალკე ისიც სათქმელია, რომ უგუნდოდ ვიყავი და სრულფასოვნად ვარჯიშის საშუალება არ მქონია.

- შენ ხომ "დნიპროს" ეკუთვნოდი?
- გუნდში ვირიცხებოდი, მაგრამ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დამეძაბა და დუბლებში ვარჯიშიც ამიკრძალეს. ამის გამო, ბევრი დავკარგე. ინდივიდუალური მომზადებით კი ფორმის შენარჩუნება შეუძლებელია. ასე რომ, ახლა ფორმის აღსადგენად დიდი შრომა დამჭირდება, მაგრამ სხვა რა საქმე მაქვს?

- როგორც მახსოვს, "დნიპროსთან" კონტრაქტი დაგიმთავრდა.
- საბედნიეროდ, დეკემბერში დამიმთავრდა და თავისუფალი აგენტი გავხდი.

- თუ დუბლებშიც არ გავარჯიშებდნენ, რატომ არ გიშვებდნენ?
- ეს ჩემთვისაც გაუგებარია. საქართველოში არ გამომიშვეს. ამას ახსნა არ აქვს. რას ვიზამთ, ბევრი დავკარგე, მაგრამ კარიერა ხელახლა უნდა დავიწყო.

- ყველას აინტერესებდა, ელენთის ამოკვეთის შემდეგ ორგანიზმი სრული დატვირთვით ვარჯიშის საშუალებას გაძლევს?
- რა თქმა უნდა, ეს პრობლემა არ არის. მთავარი პრობლემა უთამაშებლობა იყო და არა - ჩემი ჯანმრთელობა. გული კი მწყდება, "დნიპროში" თავიდან კარგად დავიწყე და დიდი იმედები მქონდა.

- ძნელია, ასეთ დროს საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგო.
- ძნელია, მაგრამ მჯერა, რომ თამაში შემიძლია. თუმცა, ისიც კარგად ვიცი და მესმის, რომ 99 პროცენტმა დიდი, წითელი ხაზი გადამისვა. ვერავის გავამტყუნებ, დიდი ხანია არ მითამაშია და ასეთი დამოკიდებულება ლოგიკურია.

მაგრამ ჯერ 24 წლის ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დავკარგე, ძალიან მინდა, ფორმა აღვიდგინო და ყველას დავუმტკიცო: თამაში კიდევ შემიძლია! ფაქტია, რომ "დილას" მიწვევა ჩემთვის მეორედ დაბადებას ნიშნავდა.

ვიმეორებ, ახლა ვარჯიში მიჭირს, მაგრამ თამაშის სურვილი და ჟინი მაქვს.

არ შემიძლია, აქვე რომ არ ვთქვა: მადლობა გორის "დილას" ხელმძღვანელებსა და პირადად ლევან სილაგაძეს, ჩემთვის მძიმე პერიოდში ნდობა რომ გამომიცხადეს და ფორმის აღდგენის საშუალება მომცეს. მათ ხომ კარგად ესმით, რომ გუნდს ახლავე ვერ დავეხმარები.

წონის და უთამაშებლობის გამო, სხვებზე მეტი შრომა მჭირდება, მოედანზე შესვლის უფლება რომ მომცენ.

მაგრამ მათ ნდობას ვაფასებ და შევეცდები, საქმით და თამაშით დავუფასო. მე გუნდში შანსი მომცეს, რასაც სხვა არავინ გააკეთებდა. ვნახოთ, ნახევარი წელი იმედის გამართლების საშუალება მექნება და უნდა გამოვიყენო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბექა ყველაფერი კარგად იქნება,მთავარია მონდომება,ნიჭიერი ხარ და ძველებური ჟილკით თუ იქნები,წარმატებები კიდევ იქნება
0
ღირსეული ოჯახის შვილო! წარმატებებს გისურვებ კარიერასა და პირად ცხოვრებაში!!!!!!!!!!!!!
დედაშენის მეგობარი
15:39 21-01-2013
0

სიახლეები პოპულარული