კვირის 1000 წვრილმანი: ლეგიონი და ერი

AutoSharing Option
ბურთი მრგვალია და სპორტის ბურთიან სახეობებშიც შეცდომის თუ შემთხვევითობის ალბათობა დიდია.

გავიგეთ, "დინამო თბილისის" ესტონელი ლეგიონერი ვლადიმერ ვოსკობოინიკოვი დუბლებში ვარჯიშობსო.

ლეგიონერის ჩამოყვანით კლუბის ხელმძღვანელობა და გუნდის მთავარი მწვრთნელი ორმაგად არიან პასუხისმგებლები გულშემატკივრების წინაშე, რადგან უცხოელი ქართველის ადგილს იკავებს.

ვოსკობოინიკოვმა თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა ახმახი აღნაგობისა და გრძელი ქერა თმების გარდა, ოღონდაც საფეხბურთო მოედანი ბრძოლის ველი უფროა, ვიდრე პოდიუმი.

უმცროსი დუშან უჰრინი "ლელოს" რედაქციაში რომ გვყავდა სტუმრად, ვოსკობოინიკოვზეც ჩამოვუგდეთ სიტყა. დინამოელთა თავკაცმა გვითხრა, ეს ისეთი თავდამსხმელია, ბევრს რომ დარბისო. მორბენლები ფეხბურთშიც საჭირო
ხალხია, მაგრამ...

ვოსკობოინიკოვის ჩამოყვანა უჰრინის შეცდომად უნდა ჩაითვალოს. ფეხბურთელის შერჩევაში უჰრინზე დიდი მწვრთნელებს დაუშვიათ შეცდომა, ეს ფეხბურთის ნაწილია.

და რა მწვრთნელია უმცროსი უჰრინი? მისი დამოძღვრილი "დინამო" ჩემპიონატის ლიდერია, ოღონდაც მე ჯერ არც ერთი სპეციალისტისგან თუ ფეხბურთელისგან არ გამიგია, უჰრინის "დინამო" ლამაზ, საინტერესო ფეხბურთს თამაშობსო.

რაც ვნახეთ, უჰრინი ძალიან პრაგმატული სტილის მიმდევარი უნდა იყოს. ამ მწვრთნელს ზურგს უმაგრებს "დინამოს" მდიდარი ტრადიციები, შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და მძლავრი ფინანსები.

ცხადია, ამ სეზონში "დინამო" ჩემპიონობის ფავორიტია, ყველაზე კარგი ინდიკატორი კი მე მაინც ევროსარბიელი მგონია, იქ უკვე ხელის გულზე დადებულივით ჩანს მწვრთნელიცა და ფეხბურთელიც.

"დინამომ" დიმიტრი ტატანაშვილი დაიმატა. იყო დრო, ეს თავდამსხმელი ცხინვალის "სპარტაკში" რომ გამოდიოდა და გულშემატკივარსაც არ ეზარებოდა დიღმის მასივში, კარლო მჭედლიძის "ოლიმპიკის" სტადიონზე მისვლა.

ქომაგი ბევრი არ იყო, დაახლოებით სამი ათეული კაცი, მაგრამ მაინც, იქ რომ ამდენ ხალხს მიიყვან, უკვე საქმეა.

ტატანაშვილი გოლის შემგდებიც იყო და მომტყუებელიც. თბილისის "ამერმა" ერთხელ მისი გოლით მოიგო საქართველოს თასი. "ტატანა იგროკია" - ასე ამბობდა ყველა მასზე და ამაში გადაჭარბება არ არსებობდა.

ეს თავდამსხმელი მერე ჩეხეთში წავიდა, მაგრამ ვერა, ევროპულ ფეხბურთში ისე ვერ მოიკიდა ფეხი, როგორც მის ნიჭს შეეფერებოდა.

ტატანაშვილი ხელმეორედ ითამაშებს "დინამოში" და დარწმუნებული ვარ, რომ ის ვოსკობოინიკოვზე ბევრად მეტ სარგებელს მოუტანს უჰრინის გუნდს.

რუსთავის "მეტალურგი" ხორვატ მეკარეს, ივან ჰოსმანს ემშვიდობება. არა მგონია, ამის მიზეზი მხოლოდ ის იყოს, რომ "მეტალურგი" ზედაექვსეულში ვერ მოხვდა, უბრალოდ, ჰოსმანის ადგილი ამ გუნდში არ გამოჩნდა, ხორვატი თითქოს ანტისხეული იყო "მეტალურგში".

ლეგიონერის ჩამოყვანა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. გულშემატკივარი უცხოტომელის სანახავად არ დადის სტადიონზე, ქართულ სტადიონებზე მისულ ქომაგსაც კარგი ფეხბურთის ყურება აინტერესებს.

ვოსკობოინიკოვი და ჰოსმანი ვინძლო ნორმალური ფეხბურთელები არიან, მაგრამ ლეგიონერმა თუ თვალი არ მოგჭრა, რა აზრის აქვს მის აქ ჩამოყვანას?

ბოლნისის "სიონის" სპორტულ დირექტორად ლადო ბურდული დაინიშნა. ალბათ გახსოვთ, რა საოცარი გოლი გაუტანა მან უკრაინის ნაკრებს კიევში. ფეხბურთელი ერთი გოლით როდი ფასობს, მაგრამ ეს ისეთი იყო, მეხსიერებაში რომ იკირება.

საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან სტუმრად 1:4 რომ წააგო, ბურდულმა მარჯვენა ფლანგზე ისეთი რეიდი იკისრა, საკუთარი საჯარიმოდან მეტოქის საჯარიმომდე ჩაიტანა ბურთი. ასეთი სოლო შემთხვევით არ გამოსდის ფეხბურთელს.

არ ვიცი, როგორი მენეჯერი გამოდგება ბურდული, ფეხბურთელობას კი ისე დაანება თავი, რომ სევდა დაგვიტოვა - სწრაფი, ტექნიკური, ჯანიანი - ჰქონდა ყველაფერი ის, რითაც ფეხბურთელი უნდა აფეთქდეს. ივო შუშაკიც სულ მაგას ამბობდა, ლადო თავისი შესაძლებლობებით მალე აფეთქდებაო, მაგრამ...

და რატომ არის ქართულ ფეხბურთში ამდენი "მაგრამ"? ამაზე წიგნის დაწერაც შეიძლება ზღვა ამბების გამოყენებით...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამომ" ესტონეთის ნაკრების ფორვარდი დუბლებში გაუშვა
მკითხველის კომენტარები / 10 /
.... მაგრამ, (აი, კიდევ ერთი-"მაგრამ"!) რა კავშირშია ეს სტატია ეროვნულ ნაკრებთან და რატომ არის გრაფაში-"ეროვნული ნაკრები" შეყვანილი?
დევიდ აირონს
06:14 22-01-2013
0
დაწერას ვაპირებდი და შევხედე გიორგისუკვე დაუწერია ის, რისი დაწერაც მე მინდოდა.
მართლაც და წაკითხულის აღქმის პრობლემა როგორც ჩანს სერიოზულად დგას...
სად ამბობს ავტორი რომ-"უჰრინი ცუდი მწვრთნელია"? ან უარყოფითად სად ნახეთ შეეფასებინოს? მწვრთნელის საბოლოო ავ-კარგიანობის საზომი რომ ევრო სარბიელია, ამას რათ უნდა ცილობა?
მე მიხარია პირადად "დინამოს" გაძლიერება, მიზარია ისიც, რომ ლიდერობს და ისიც გამეხარდება თუ ევროსარბიელზე ომახიან სიტყვას იტყვის! დაველოდოთ წლევანდელ ენკენისთვეს (თუ "მივედით" იქამდე) და ვნახოთ....რაც შეეხება "ვოსკოს" შეძენას, ვერ ვიტყვი რომ თვით "შეძენაა" შეცდომა, თვით "ვოსკო" არაა ცუდი ფეხბურთელი, მაგრამ ვერ შეეწყო ჩვენ ლიგას..ვერ გაიხსნა, ვერ ათამაშდა. თუმცა (თუ-"მაგრამ"?) ლეგიონერი მართლა უნდა ბრწყინავდეს ადგილობრივზე უკეთ, ეს სრული სიმართლეა.
წარმატებები უჰრინ "ჯუნიორს" და "დინამოს". აგრეთვე თითოეულ ქართულ კლუბებს და ყველა მწვრთნელს.
დევიდ აირონს
06:11 22-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული