კვირის 1000 წვრილმანი: ლეგიონი და ერი

AutoSharing Option
ბურთი მრგვალია და სპორტის ბურთიან სახეობებშიც შეცდომის თუ შემთხვევითობის ალბათობა დიდია.

გავიგეთ, "დინამო თბილისის" ესტონელი ლეგიონერი ვლადიმერ ვოსკობოინიკოვი დუბლებში ვარჯიშობსო.

ლეგიონერის ჩამოყვანით კლუბის ხელმძღვანელობა და გუნდის მთავარი მწვრთნელი ორმაგად არიან პასუხისმგებლები გულშემატკივრების წინაშე, რადგან უცხოელი ქართველის ადგილს იკავებს.

ვოსკობოინიკოვმა თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა ახმახი აღნაგობისა და გრძელი ქერა თმების გარდა, ოღონდაც საფეხბურთო მოედანი ბრძოლის ველი უფროა, ვიდრე პოდიუმი.

უმცროსი დუშან უჰრინი "ლელოს" რედაქციაში რომ გვყავდა სტუმრად, ვოსკობოინიკოვზეც ჩამოვუგდეთ სიტყა. დინამოელთა თავკაცმა გვითხრა, ეს ისეთი თავდამსხმელია, ბევრს რომ დარბისო. მორბენლები ფეხბურთშიც საჭირო
ხალხია, მაგრამ...

ვოსკობოინიკოვის ჩამოყვანა უჰრინის შეცდომად უნდა ჩაითვალოს. ფეხბურთელის შერჩევაში უჰრინზე დიდი მწვრთნელებს დაუშვიათ შეცდომა, ეს ფეხბურთის ნაწილია.

და რა მწვრთნელია უმცროსი უჰრინი? მისი დამოძღვრილი "დინამო" ჩემპიონატის ლიდერია, ოღონდაც მე ჯერ არც ერთი სპეციალისტისგან თუ ფეხბურთელისგან არ გამიგია, უჰრინის "დინამო" ლამაზ, საინტერესო ფეხბურთს თამაშობსო.

რაც ვნახეთ, უჰრინი ძალიან პრაგმატული სტილის მიმდევარი უნდა იყოს. ამ მწვრთნელს ზურგს უმაგრებს "დინამოს" მდიდარი ტრადიციები, შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და მძლავრი ფინანსები.

ცხადია, ამ სეზონში "დინამო" ჩემპიონობის ფავორიტია, ყველაზე კარგი ინდიკატორი კი მე მაინც ევროსარბიელი მგონია, იქ უკვე ხელის გულზე დადებულივით ჩანს მწვრთნელიცა და ფეხბურთელიც.

"დინამომ" დიმიტრი ტატანაშვილი დაიმატა. იყო დრო, ეს თავდამსხმელი ცხინვალის "სპარტაკში" რომ გამოდიოდა და გულშემატკივარსაც არ ეზარებოდა დიღმის მასივში, კარლო მჭედლიძის "ოლიმპიკის" სტადიონზე მისვლა.

ქომაგი ბევრი არ იყო, დაახლოებით სამი ათეული კაცი, მაგრამ მაინც, იქ რომ ამდენ ხალხს მიიყვან, უკვე საქმეა.

ტატანაშვილი გოლის შემგდებიც იყო და მომტყუებელიც. თბილისის "ამერმა" ერთხელ მისი გოლით მოიგო საქართველოს თასი. "ტატანა იგროკია" - ასე ამბობდა ყველა მასზე და ამაში გადაჭარბება არ არსებობდა.

ეს თავდამსხმელი მერე ჩეხეთში წავიდა, მაგრამ ვერა, ევროპულ ფეხბურთში ისე ვერ მოიკიდა ფეხი, როგორც მის ნიჭს შეეფერებოდა.

ტატანაშვილი ხელმეორედ ითამაშებს "დინამოში" და დარწმუნებული ვარ, რომ ის ვოსკობოინიკოვზე ბევრად მეტ სარგებელს მოუტანს უჰრინის გუნდს.

რუსთავის "მეტალურგი" ხორვატ მეკარეს, ივან ჰოსმანს ემშვიდობება. არა მგონია, ამის მიზეზი მხოლოდ ის იყოს, რომ "მეტალურგი" ზედაექვსეულში ვერ მოხვდა, უბრალოდ, ჰოსმანის ადგილი ამ გუნდში არ გამოჩნდა, ხორვატი თითქოს ანტისხეული იყო "მეტალურგში".

ლეგიონერის ჩამოყვანა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. გულშემატკივარი უცხოტომელის სანახავად არ დადის სტადიონზე, ქართულ სტადიონებზე მისულ ქომაგსაც კარგი ფეხბურთის ყურება აინტერესებს.

ვოსკობოინიკოვი და ჰოსმანი ვინძლო ნორმალური ფეხბურთელები არიან, მაგრამ ლეგიონერმა თუ თვალი არ მოგჭრა, რა აზრის აქვს მის აქ ჩამოყვანას?

ბოლნისის "სიონის" სპორტულ დირექტორად ლადო ბურდული დაინიშნა. ალბათ გახსოვთ, რა საოცარი გოლი გაუტანა მან უკრაინის ნაკრებს კიევში. ფეხბურთელი ერთი გოლით როდი ფასობს, მაგრამ ეს ისეთი იყო, მეხსიერებაში რომ იკირება.

საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან სტუმრად 1:4 რომ წააგო, ბურდულმა მარჯვენა ფლანგზე ისეთი რეიდი იკისრა, საკუთარი საჯარიმოდან მეტოქის საჯარიმომდე ჩაიტანა ბურთი. ასეთი სოლო შემთხვევით არ გამოსდის ფეხბურთელს.

არ ვიცი, როგორი მენეჯერი გამოდგება ბურდული, ფეხბურთელობას კი ისე დაანება თავი, რომ სევდა დაგვიტოვა - სწრაფი, ტექნიკური, ჯანიანი - ჰქონდა ყველაფერი ის, რითაც ფეხბურთელი უნდა აფეთქდეს. ივო შუშაკიც სულ მაგას ამბობდა, ლადო თავისი შესაძლებლობებით მალე აფეთქდებაო, მაგრამ...

და რატომ არის ქართულ ფეხბურთში ამდენი "მაგრამ"? ამაზე წიგნის დაწერაც შეიძლება ზღვა ამბების გამოყენებით...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამომ" ესტონეთის ნაკრების ფორვარდი დუბლებში გაუშვა
მკითხველის კომენტარები / 10 /
ავტორ დინამომ ქუთაის რომ მოუგო არ იყო ლამაზი თამაში ან დინამომ გორის დილას რომ მოუგო არც ეგ იყო ლამაზი თამში ????თამაშში თუ ვერ ერკვევი ეგ შენი პრობლემაა
geo-otari
14:40 20-01-2013
0
ლეგიონერის ჩამოყვანის მინუსად ჩათვლა იმიტომ რომ ის ქართველის ადგილს იკავებს არასწორ ხედვად მიმაჩნია...
მითუმეტეს რომ ისედაც თითზე ჩამოსათვლელი უცხოელი თამაშობს ჩვენს ჩემპიონატში და მათი რიცხვის ოთხ-ხუთჯერ გაზრდის შემთხვევაშიც კი ქართველ ნიჭიერ მოთამაშეებს არაფერი ემუქრებათ, ტალანტი გზას ყველგან გაიგნებს და არ დაიკარგება...
არც აკვიატებული გამოთქმაა სწორი რომ ლეგიონერი ადგილობრივს ორი თუ ათი თავით უნდა სჯობდეს...
ნებისმიერი ფეხბურთელის გუნდში აყვანა, ლეგიონერი იქნება ის თუ ადგილობრივი გარკვეულწილად რისკია და კლუბის შედეგებისთვის სულერთი უნდა იყოს იმ არგამომდგარი ფეხბურთელის ეთნიკური წარმომავლობა...
საერთოდ ლეგიონერი რომ ჩამოგყავს არ არის აუცილებელი გამორჩეული იყოს და გუნდის ლიდერობა იტვირთოს...
ანორთოსისი რომ ჩემპიონთა ლიგაში მოხვდა განაცხადში 18 უცხოელი ჰყავდა, ხოლო შემდეგ წელს აპოელი რომ მოხვდა 17, ხოდა როცა ეს გუნდები თავის დროზე 17 და 18 ლეგიონერს კონტრაქტს უფორმებდნენ მშვენივრად ხვდებოდნენ რომ ყველანი ისინი ლიდერები კი არა ძირითად შემადგენლობაშიც ვერ მოხვდებოდნენ, ზოგიერთი საერთოდ არ გამოსულა მოედანზე, მაგრამ გუნდის საერთო სიძლიერისთვის ისინი საჭირო იყვნენ...
საფრანგეთის, ჰოლანდიის და ბელგიის გუნდებს რომ უამრავი სკაუტი ჰყავთ მესამე ქვეყნებში და ყოველსეზონურად უცხოელების შერჩევებს აწყობენ, მათ შორის ახალგაზრდული გუნდებისთვის, განა ის ტოგოელი, ანგოლელი, ჰონდურასელი ან პარაგვაელი ფეხბურთელი ჯობია თუნდაც ორი თავით ადგილობრივს ან მათი დონისას საფრანგეთში, ჰოლანდიაში და ბელგიაში ვერ იპოვნიან, უბრალოდ წინ იყურებიან, სხვადასხვა საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლები მოჰყავთ, აფრიკელებით ფიზიკურ ძალას იმატებენ, სამხრეთამერიკელებით ტექნიკურობას, კიდევ სხვებით სხვა კომპონენტებს დამთლიანობაში ვითარდებიან, არ იკეტებიან თავის ნაჭუჭში...
ჩვენ კიდევ რახან მესხი და ყიფიანი გვყავდა არ ვკადრულობთ ამას, ვაპელირებთ ტრადიციებით, ვითომ ახალგაზრდები არ დაგვეჩაგროსო, არადა საფრანგეთი, ჰოლანდია და ბელგია თუ კადრულობს ჩვენ ვინ ვართ, ჯიბეში ჩაგვისვავენ ტრადიციებით...
სადაც ჭკუა გამოიჩინეს კი წავიდნენ ამ გზით, მარტო კვიპროსოს მაგალითია საკმარისი თუ რამდენით გაგვისწრეს საკლუბო ფეხბურთში, არადა 15-20 წლის წინ ისე იყო მაგათთან ფეხბურთი განვითარებული როგორც ჩვენთან ეხლა კერლინგია...
მთელი აღმოსავლეთ ევროპა ამ გზით წავიდა, აზერბაიჯანიც კი და ხომ ვნახეთ რა გვიყო ნეფთჩიმ ბოლო ევროტურნირებზე, ჩვენ კიდევ ვიძახოთ რად გვინდა ლეგიონერები, ახალგაზრდა პერსპექტიული ნიჭიერი ბავშვები არ დაგვეჩაგროსო, მესხის და ყიფიანის პატრონებს უცხოტომელი როგორ გვეკადრებაო და ვიჯდეთ ჭაობში...
Walkabout
15:20 20-01-2013
0

სიახლეები პოპულარული