ზვიად სიჭინავა: "ლოკომოტივის" გადაკეთება "ოლიმპიაკოსის" ვარიანტში გვსურს"

AutoSharing Option
საქართველოში სპორტული ობიექტების გასხვისება საკმაოდ რთული პროცესია, რასაც "ლოკომოტივის" სტადიონის ბოლო სამი წლის ისტორიაც ადასტურებს. თუმცა არ არის გამორიცხული, ამდენი წვალებისა და საკითხის გარკვევის შემდეგ, "ლოკომოტივი" ფეხბურთის ფედერაციას ჩაბარდეს. თბილისის მერიამ და ფედერაციის ხელმძღვანელებმა საკითხი სიტყვიერად შეათანხმეს, იურიდიული ფორმალობა კი უკვე მეხუთე თვეა გვარდება.

თუმცა, შეიძლება, მალე საკითხი გადაწყდეს: გუშინ, 19 ოქტომბერს, ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა შვეიცარიაში იმყოფებოდა. ის ნიონში უეფას ახალი შტაბბინის პრეზენტაციას დაესწრო და როგორც გავიგეთ, მიშელ პლატინისაც შეხვდა. სიჭინავას უნდა გაერკვია, თუ რა თანხით დაეხმარება უეფა საქართველოს
ფეხბურთის ფედერაციას "ლოკომოტივის" სტადიონის კეთილმოწყობაში. ჩვენი ინფორმაციით, ფედერაცია კი ასაიდუმლოებს, მაგრამ არქიტექტორებს სტადიონის რეკონსტრუქციის პროექტი შეუკვეთა და უკვე ჩაიბარა კიდეც - დაგეგმილია ინდივიდუალური სკამების სრული შეცვლა, ტრიბუნების ორივე მხარეს გადახურვა, ცხადია, საფარის შეცვლა და სათადარიგო მოედანთან სპორტული ტიპის სასტუმროს აშენება, რომელშიც გუნდები თუ ნაკრებები დაბინავდებიან.

გუშინ შვეიცარიიდან დაბრუნებულ ზვიად სიჭინავას უეფაში ვიზიტზე ველაპარაკეთ.

- ბატონო ზვიად, უეფადან რა დაპირება მიიღეთ?
- ფეხბურთის ფედერაცია დაინტერესებულია "ლოკომოტივის" სტადიონის კეთილმოწყობით. უეფას ხელმძღვანელებს ვაცნობეთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სტადიონი ფედერაციას გადმოგვეცა და ვთხოვეთ შეიქმნას კომისია, რომელიც თბილისში გვესტუმრება და თავად შეაფასებს, რა არის გასაკეთებელი, ევროპული სტანდარტები რომ დააკმაყოფილოს. ამას გარდა, ოფიციალურ წერილში უეფას სტადიონის რეკონსტრუქციაში ფინანსური დახმარებაც ვთხოვეთ.

- სოლიდურ თანხებზეა ლაპარაკი?
- რა თქმა უნდა. უეფა ახლო მომავალში გაგვცემს პასუხს, როდის ჩამოვა კომისია და რა თანხით დაგვეხმარება. ამის შემდეგ, ჩვენ ინვესტორების მოძებნა უნდა დავიწყოთ. ეს იმიტომ, რომ უეფას პრინციპია მშენებლობაში თანამონაწილეობაა. ამგვარად ეს ორგანიზაცია მის წევრ ქვეყანებს მშენებლობის სტიმულს აძლევს.

- სათადარიგო სტადიონიც გადმოგეცემათ?
- ლაპარაკია "ლოკომოტივის" მთლიან კომპლექსზე და ცხადია, სათადარიოგო მოედანიც იგულისხმება. პროექტში მისი მოედნის შეცვლაცაა გათვალისწინებული.

- როგორც ვიცით, სტადიონის რეკონსტრუქციის გეგმა უკვე არსებობს.
- გარკვეული მონახაზი მართლაც არსებობს. საბერძნეთის ნაკრებმა "ოლიმპიაკოსის" სტადიონზე გვიმასპინძლა, რომ არენა კარგად დავათვალიერე. ეს სტადიონი 30 ათას მაყურებელს იტევს, ანუ დაახლოებით იმდენივეს, რამდენსაც ჩვენი "მიხეილ მესხი". განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ჩვენი გადასახურია. უეფას წარმომადგენელთან ვილაპარაკეთ, რომ "ლოკომოტივის" გადაკეთება "ოლიმპიაკოსის" ვარიანტში გვსურს, რომ უნდა გახდეს ეროვნული სტადიონი და მოხმარდება ჩვენს ნაკრებებსა და ევროთასებზე გასულ ქართულ კლუბებს.

უეფა უპირველეს ყურადღებას უსაფრთხოებას აქცევს და ამ კუთხით ყველა პრობლემის მოვაგვარება გვსურს. ამას გარდა, უნდა მოეწყოს ვიპ და მაყურებელთა მანქანების პარკირების ადგილი, ტრიბუნები მთლიანად გადაიხუროს, შესასვლელში დამონტაჟდეს ელექტრონული ბილეთების გასატარებელი მოწყობილობები და შეიცვალოს როგორც ცენტრალური, ასევე სათადარიგო სტადიონის მოედნები.

- სათადარიგო სტადიონზე ახალი ტრიბუნები მოეწყობა?
- მხოლოდ მცირე მოცულობის, მაქსიმუმ 2500 მაყურებელი რომ დაიტიოს, მაგრამ ასეთ სტადიონზე ჩვენი ეროვნული პირველობის მატჩის გამართვა სავსებით შესაძლებელი და ვფიქრობ, უფრო კომფორტულიც იქნება. ჩემი აზრით, კარგი პროექტი უნდა გამოვიდეს.

სხვათაშორის, მხოლოდ უეფას იმედად არ ვართ. ზემოთნათქვამს, წესით, ფიფას დახმარებაც უნდა დაემატოს. ამ ორგანიზაციის დეპარტამენტის დირექტორთან ვილაპარაკეთ და მიწვევას ველოდებით. ჩვენი წინადადებაა, რომ პროექტ "გოლ4"-ის ეგიდით გათვალისწინებული დაფინანსებაც "ლოკომოტივისთვის" გამოიყოს და სათადარიგო მოედანთან ასაშენებელ სასტუმროში საფეხბურთო აკადემია დაარსდეს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული