ქართული კლუბები და სტადიონები მეპატრონეთა მოლოდინში

AutoSharing Option
ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი სფეროს განვითარება ეკონომიკის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ასეა ჩვენთანაც. თუმცა ბოლო დროს ქართული საკლუბო ფეხბურთი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უშუალოდ დაუკავშირდა. მაგალითად, ბოლნისის "სიონი" ოქტომბრის დასაწყისისთვის "მადნეულს" უნდ გადასცემოდა, მაგრამ საკითხი დღემდე განიხილება.

სააქციო საზოგადოება "მადნეულის" წარმომადგენელი გიორგი არევაძე ამბობს:

- "სიონი" დღემდე სახელმწიფო საკუთრებაშია და "მადნეულს" არ გადასცემია. ამის გამო, ჯერჯერობით, ჩვენი კომპანია ბოლნისურ კლუბში სპონსორად ფიგურირებს.

- როგორც გვახსოვს, გუნდი ოქტომბრის დასაწყისში უნდა გადმოეცათ და რა საკითხი დარჩა მოუგვარებელი?
- მოუგვარებელია-მეთქი, ვერ ვიტყვი, რადგან არსებობს საკუთრების
ერთიდან მეორე მეპატრონის ხელში გადაცემის წესი, რომელსაც ვერავინ გადაახტება. ახლა სწორედ ეს იურიდიული ფორმალობის აღსრულებაა დარჩენილი.

- საერთოდ, "მადნეული" რა ხნით აპირებს "სიონის" პატრონობას? ერთი წლით, ორით თუ უფრო ხანგრძლივი პერიოდით?
- ესეც ზუსტდება, თუმცა "სიონს" ჩვენ უკვე ვპატრონობთ. მთავარია, რა პირობებს შემოგვთავაზებენ.

- რამდენიმე წლის განმავლობაში "მადნეული" ეროვნულ ნაკრებსაც სპონსორობდა...
- ახლა მხოლოდ ბოლნისის "სიონის" სპონსორია. ვიყავით ეროვნული ნაკრების სპონსორი, მაგრამ აღარ ვართ.

- როგორც შევიტყვეთ, საკლუბო ფეხბურთზე ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებით გადაერთვეთ.
- ეს საკითხი ფეხბურთის ფედერაციის დონეზე არ გადაწყვეტილა, ყოველ შემთხვევაში, ნაკრები აღარ ფინანსდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს ბალანსზეა გადასული ფოთის "კოლხეთიც", ზუგდიდის "ბაია" და "სამტრედია". ქვეყანას, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ბიზნესსაკითხებისა და იურიდიული ფორმალობის სწრაფი მოგვარებით დადებით იმიჯს იმკვიდრებს, ანალოგიური ოპერატიულობა სპორტული ობიექტების გასხვისებაშიც არ აწყენდა. არადა, "ლოკომოტივი" და ეროვნული სტადიონები დიდი ხანია კერძო მეპატრონის მოლოდინშია, უმაღლესი ლიგის ოთხი კლუბი კი - მეოთხე თვეა. ამ უკანასკნელთათვის სეზონის მესამედი მიილია და დრო აღარ ითმენს...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული