არმაზ ჯელაძე: იმედიანად ვართ, ოღონდ შესათამაშებლად დრო გვჭირდება

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერის, ბოლნისის "სიონის" ხემძღვანელობაშიც და გუნდშიც საკადრო ცვლილებები მოხდა.

არც არის გასაკვირი - 22 ტურის შემდეგ გუნდმა 13 ქულა დააგროვა, საუკეთესო ექვსეულში ვერ მოხვდა და კვლავ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოლებს.

მოლოდინი გამართლდა და "სიონის" ხელმძღვანელობა მოთამაშეთა მნიშვნელოვან ნაწილს დაემშვიდობა.

"სიონის" მთავარ მწვრთნელ არმაზ ჯელაძესთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხზე ლაპარაკით დავიწყეთ.

- "სიონში" მოსალოდნელ ცვლილებებზე წინასწარ ბევრი რამ ითქვა, თუმცა ჯერ მხოლოდ ნაწილია ცნობილი.
- საქმე ისაა, რომ პირველი წრის
დასრულების შემდეგ კონტრაქტი აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს დაუმთავრდა, ხელმძღვანელებსაც და მწვრთნელებსაც. ამიტომ ხელახლა მოგვიხდა მოთამაშეთა შერჩევა.

სამი ახალწვეულის ამბავი უკვე გეცოდინებათ: დავიმატეთ დაჩი ფოფხაძე, ლანჩხუთის "გურიას" ნახევარმცველი დავით მაისაშვილი და თავდამსხმელი კოკა მიკუჩაძე.

ამას გარდა, "სიონში" ვარჯიშობს თავდამსხმელი დავით ჩაგელიშვილი, რომელიც შარშან ყაზახეთის ჩემპიონატში "ოკჟეტპესში" თამაშობდა და ლეგიონერების ნაკრებში მოხვდა; ჩვენთან არიან თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ლადო ახალაია და მეკარე მირზა მერლანი.

ამას გარდა, ვფიქრობ, დადებითად გადაწყდება "ზესტაფონიდან" გამოცდილი მცველის, ზაალ ელიავას დამატების საკითხიც.

- ელიავა "ზესტაფონიდან" საბოლოოდ წამოვიდა?
- არა, ლაპარაკია ნახევარწლიან იჯარაზე. კონტრაქტის გაფორმებას კიდევ რამდენიმე მოთამაშესთან ვაპირებთ. პარალელურად, საკონტროლო შეხვედრებში ახალგაზრდა მოთამაშეებსაც ვაკვირდებით.

- შევიტყვეთ, რომ თბილისის "დინამოდან" ირაკლი ლექვთაძე და ლაშა პარუნაშვილი მიიწვიეთ.
- ლექვთაძე მართლაც დავიმატეთ და ის ჩვენთან იჯარით ითამაშებს. რაც შეეხება პარუნაშვილს, მის გადმოსვლაზეც იყო მოლაპარაკება, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერია.

- გუნდი ვინ დატოვა?
- საკმაოდ ბევრმა მოთამაშემ: ლომაიამ, მაჭავარიანმა, ჩიკვილაძემ, ხუბუამ, ფეიქრიშვილმა, ქუცურუამ, ჭედიამ, ჯიქიამ. იჯარის ვადა დაუსრულდათ და დაგვტოვეს თარხნიშვილმა და ჭანკოტაძემ.

- ლეგიონერების დამატებას ხომ არ აპირებთ?
- არის ლაპარაკი ერთ მცველზე, მაგრამ ჯერ არ გადაგვიწყვეტია და გვარის დასახელებას მოვერიდები. კიდევ რამდენიმე მოთამაშესთან გვაქვს მოლაპარაკება და ვნახოთ. ეგაა, მომზადება გვიან დავიწყეთ და შესაბამისად, საკადრო საკითხების გარკვევა დაგვიანებით ამიტომ გვიწევს.

- ძველი შემადგენლობიდან ვინ დატოვეთ?
- მეკარეები; აგრეთვე - ორბელაძე, ქემოკლიძე, მანწკავა, ნემსაძე, ჯოჯუა, ხურციძე, კემუხტაშვილი. დავტოვეთ ყველა ბოლნისელი, სვანიძე, უგრეხელიძე, ძმები ოქროპირიძეები, უგულავა, ისიანი...

- მოსამზადებელი ეტაპის მეორე ნახევარს სად ჩაატარებთ?
- შეკრება 18 იანვარს დავიწყეთ და ჯერ თბილისში ვვარჯიშობთ. თავიდან იყო ლაპარაკი, რომ ურეკში გავემგზავრებოდით, მაგრამ ახლა გადაწყდა, რომ თურქეთში მოვემზადებით და მზადებას იქ გავაგრძელებთ.

- საკონტროლო შეხვედრები თუ დაგეგმეთ?
- 23 იანვარს "ბენდელაზე" "ზოოვეტს" შევხვდით და 2:1 მოვუგეთ. გოლები ბიბილეიშვილმა და ჩაგელიშვილმა გაიტანეს. 26 იანვარს "ბენდელაზე" "სასკოსთან" ვითამაშებთ. სპარინგს 28-შიც ვგეგმავთ, სავარაუდოდ, საჩხერის "ჩიხურას" შევხვდებით.

- საკმაოდ კარგი მოთამაშეები დაგიმატებიათ და წესით, უმაღლესში დარჩენა არ უნდა გაგიჭირდეთ.
- რა თქმა უნდა, იმედიანად ვარ. ეგაა, რომ ახალი გუნდი ყალიბდება და შესათამაშებლად დრო გვჭირდება.

- ამაზეც უნდა გკითხოთ. ბოლო წლებში, ვერ გავიხსენებთ სეზონს, როდესაც შესვენებაზე "სიონმა" მოთამაშეთა 60 პროცენტი მაინც შეინარჩუნა. ასეთი არასტაბილური გუნდით რომელი გუნდის მშენებლობაზეა ლაპარაკი?
- გეთანხმებით, გუნდის ძალას შემადგენლობის სტაბილურობა განაპირობებს. ამიტომ გადაწყვიტეს "სიონის" ახალმა ხელმძღვანელებმა, რომ მოთამაშეების ნაწილთან ერთწლიანი კონტრაქტები გააფორმონ. სტაბილურად ერთი წელი მაინც რომ ვიმუშაოთ, დარწმუნებული ვარ, უკეთესი შედეგი გვექნება.

ამას გარდა, ყურადღება დუბლშემადგენლობის გაძლიერებას და იქ ახალგაზრდებთან მუშაობას მიექცევა, "სიონმა" შევსება ადგილობრივებიდანაც რომ მიიღოს და მხოლოდ მიწვეულ ფეხბურთელებზე არ იყოს დამოკიდებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული