"ბენდელას თასზე" პირველი სენსაციები დაფიქსირდა

AutoSharing Option
26 იანვარს დაიწყო "ბენდელას თასის" 22-ე გათამაშება. აფხაზეთის ომის გმირის, ზაზა ბენდელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის მთავარი პრიზისთვის უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდები იბრძვიან.

26 იანვარს პირველი ტურის ზოგიერთი მატჩი გაიმართა: I ჯგუფში რამაზ მუმლაძის გაწვრთნილმა "დინამო 2"-მა დიღმის ბაზაზე გორის "ქართლს" დიდი ანგარიშით მოუგო - 6:1. დუბლი შეასრულეს ბუდუ ზივზივაძემ და მიშა ჯიშკარიანმა, თითო ბურთი გაიტანეს ვატო ფოცხვერიამ და ლაშა ჩაფიძემ.

დინამოელთა შემადგენლობაში ითამაშეს ძირითადი გუნდის მეკარე კოკა სეფიაშვილმა და ნახევარმცველმა ლაშა პარუნაშვილმა, რომლებიც, შესაძლოა, მალე სხვა კლუბებში იჯარით გაუშვან.

II ჯგუფში "ზესტაფონის" მეორე გუნდი პირველლიგელ ხონის "იმერეთს" სამტრედიაში დაუპირისპირდა და 2:0 გაიმარჯვა. თავი ბადრი კვარაცხელიამ და ნოდარ გაჩეჩილაძემ გამოიჩინეს.

II ჯგუფის შეხვედრები 27 იანვარს გაიმართა: "ბენდელას" სტადიონზე ცხინვალის "სპარტაკმა" რუსთავის "მეტალურგის" დუბლშემადგენლობას 5:1 სძლია.

"მცხეთა პარკზე" "ვიტ ჯორჯიას" დუბლშემადგენლობა პირველლიგელ "იუსი ბესტთან" ვერაფერს გახდა: ძირითადი დრო 0:0 დასრულდა და, დებულების თანახმად, პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უკეთ ამ უკანასკნელმა შეასრულა - 4:5.

მაგრამ "იუსი ბესტის" ანგარიშზე არა 3, არამედ, მხოლოდ 2 ქულა ჩაიწერა. დებულების თანახმად (რომელიც გია გეგუჩაძის რეკომენდაციით შედგა), ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ორივე გუნდს ქულა ეწერება, პენალტებით გამარჯვებულს კი - დამატებითი ქულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული