"ზესტაფონის" სპარინგ-პარტნიორები თურქულ შეკრებაზე ცნობილია

AutoSharing Option
მიმდინარე წლის 29 იანვარს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" სეზონის განახლებისათვის მზადების მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილ საწვრთნელ შეკრებაზე თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება.

ხმელთაშუა ზღვის კარგად ნაცნობ სანაპიროზე საქართველოს ორგზის ჩემპიონები ხუთ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ.

თურქულ შეკრებაზე პირველ საკონტროლო მატჩს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" აზერბაიჯანული ფეხბურთის წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბ "ყარაბახის" წინააღმდეგ გამართავს.

აზერბაიჯანის 1993 წლის ჩემპიონთან და ქვეყნის თასის სამგზის მფლობელ აგდამელებთან იმერელთა დაპირისპირება 1 თებერვალს გაიმართება.

თავის მეორე სპარინგ-მატჩს მარგველები 3 თებერვალს ჩაატარებენ. ამჯერად მათი მეტოქე პოლონური ფეხბურთის წარმომადგენელი, ხოჟუვის "რუხი" იქნება. "რუხი" ზაბჟეს
"გურნიკთან" ერთად პოლონეთში ყველაზე მეტი (14-14) საჩემპიონო ტიტულის მფლობელი გახლავთ.

5 თებერვალს, რიგით მესამე საკონტროლო შეხვედრაში, იმერლები უკრაინულ "ვორსკლას" დაუპირისპირდებიან.

საინტერესოა, რომ ეს პოლტაველთა და ზესტაფონელთა პირველი შეხვედრა არ იქნება. ამ კლუბების "გაცნობა" 2009 წლის 21 იანვარს მოხდა - თურქულ სიდეში გამართულ ამხანაგურ მატჩში მურთაზ დაუშვილისა და ალექს ბენაშვილის გოლების წყალობით, ანგარიშით 2-1 გამარჯვება ქართველებმა მოიპოვეს.

ანატოლიაში გასამართ მეოთხე შეხვედრას საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" პოლონური ექსტრაკლასას კიდევ ერთ წარმომადგენელთან - გდანსკის "ლეხიას" წინააღმდეგ 9 თებერვალს გამართავს.

ხოლო წლევანდელ თურქულ შეკრებაზე თავის მეხუთე მატჩს იმერლები 12 თებერვალს გამართავენ.

დასკვნით სპარინგ-შეხვედრაში ქართველთა მეტოქის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

საგაზაფხულო ბატალიებისათვის მომზადების მეორე ეტაპის გასავლელად, მარგველთა დამრიგებლის, კახა კაჭარავას გადაწყვეტილებით, თურქეთში შემდეგი 24 ფეხბურთელი მიემგზავრება:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, კახაბერ მეშველიანი, რომან ტურავა;
მცველები: თეიმურაზ ღონღაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, მალხაზ გაგოშიძე;
ნახევარმცველები: თორნიკე აფციაური, ალექსი ბენაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, ლევან შარიქაძე, გურამ სამუშია, დავით რაჟამაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი, იგორ იელიჩი, ზვიად ენდელაძე, გიორგი ჭანკოტაძე, ლევან კუტალია, მიხეილ სარდალიშვილი;
თავდამსხმელები: რატი წინამძღვრიშვილი, ბოტი გოა დემელი, მოჰამედ რეკრუკი.

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისი-სტამბული-ანტალია-სიდეს მარშრუტით, 29 იანვარს, დილის 6:30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრება.

ხმელთაშუა ზღვის ანატოლიურ სანაპიროზე ზესტაფონელები კარგად ნაცნობ სასტუმრო "სუენო ბიჩ ოტელში" დაბინავდებიან.

fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
მცველები ცოტანი არ არიან??? ის სერბი რატო არ წაიყვანეს???ან ხიდაშელი სადღაააა???მოკლეთ არ არის სრულფასოვნებაა, ასე ვფიქრობ
levani imnadze
15:28 28-01-2013
0

სიახლეები პოპულარული