საქართველოში ჟურნალისტიკა ჯერ აქამდე არ მისულა, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს. ჩვენთან სკანდალები ისედაც ბევრია, ოღონდაც ზოგჯერ ჟურნალისტები კარგად ვერ აყვირებენ ასეთ ამბავს, ან კიდევ პატივცემული საზოგადოება სკანდალად არ მიიჩნევს ხოლმე სკანდალურ ისტორიას.
გუშინწინდელი ამბავია - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, გენერალური მდივანი
სპორტის ახლანდელი მინისტრი ლევან ყიფიანი, ყაველაშვილი და ჯამარაული თანამებრძოლები ჯერ კიდევ მაშინ გახდნენ, როცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უმცროსი ნოდარ ახალკაცი გახლდათ. მაშინდელი ხელისუფლების ძალმომრეობა იმდენად აშკარა იყო, რომ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში გია ნემსაძის გამარჯვებიდან ერთი საათიც კი არ იყო გასული, ნემსაძე ტელევიზიით რომ გამოვიდა და თქვა, ჩემი მიზანი ფედერაციის პრეზიდენტობა არ ყოფილაო.
ამ სამარცხვინო ფაქტის შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტი ისევ უმცროსი ახალკაცი გახდა.
ფეხბურთის საქმე საქართველოში კარგად ვერ მიდიოდა. ყიფიანი, ყაველაშვილი და ჯამარაული სამართლიანად აკრიტიკებდნენ ფეხბურთის ფედერაციას მთელ რიგ საკითხებში. მათი კრიტიკა არგუმენტირებული იყო, კონკრეტული ფაქტებით გამყარებული.
უმცროსმა ახალკაცმა პრეზიდენტობის მეორე ვადა ბოლომდე ვერ ამოწურა, დაიბარეს კაბინეტში და იქიდან გამოსულმა განაცხადა, ეროვნულმა ნაკრებმა შესარჩევში ერთი მატჩიც ვერ მოიგო და თანამდებობას ვტოვებო.
დადგა ფედერაციის პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჯერიც, მაგრამ არ ჩანდნენ კანდიდატები. რატომ? ალბათ, ზოგს ეშინოდა, ზოგსაც კიდევ გამარჯვების იმედი არ ჰქონდა. არჩევნებზე კანდიდატურის არწამოყენება რეალობისთვის თვალის გასწორებას ნიშნავდა - ასეთი იყო მაშინდელი ლოგიკა და ამ ლოგიკის საფუძველი, პირველ რიგში, იყო შიში.
ფედერაციის პრეზიდენტის კანდიდატი ერთი აღმოჩნდა - ზვიად სიჭინავა.
შეიცვალა ხელისუფლება, ლევან ყიფიანი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი გახდა და ცხადია, აქვს საკუთარი ხედვა საქართველოში ფეხბურთის განვითარებაზე.
რამდენიმე თვის წინ სპორტის მინისტრი და ფედერაციის პრეზიდენტები შეხვდნენ ერთმანეთს. იმ შეხვედრის დეტალები სიჭინავამ გაახმაურა და მისი ნათქვამიდან გაჩნდა იმის შთაბეჭდილება, რომ მთავრობა გარკვეულ ზეწოლას ახდენდა ფედერაციის პრეზიდენტზე.
ახლახან კი მინისტრმა ფედერაციის სხვა მაღალჩინოსნები რომ დაიბარა, შეხვედრას ყაველაშვილი და ჯამარაულიც დაესწრნენ. რას უნდა ნიშნავდეს ყოველივე ეს?
"ქართულ ოცნებას" საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ არ მოსწონდა მოქმედების ის ფორმები, რითაც წინა ხელისუფლება სარგებლობდა. ვფიქრობ, ამაში საკამათო არაფერია.
მინისტრის კაბინეტში ფეხბურთის ფედერაციის ოპონენტების გამოჩენა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ როცა მინისტრი ფედერაციის ხელმძღვანელობას იბარებს, ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებზე ესაუბრება და ასეთ შეხვედრას ყაველაშვილი და ჯამარაულიც ესწრებიან, ვერ უნდა იყოს კარგი საქმე არა მხოლოდ სამინისტროსთვის, არამედ მთელი მთავრობისთვის.
ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში სამინისტრო მხარე არ უნდა იყოს. სამინისტროს არც იმის უფლება აქვს, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება პირდაპირ თუ ირიბად მოსთხოვოს ფეხბურთის ფედერაციას - ასეთი რეგულაციები მე არსად წამიკითხავს და თუ რამე გამომრჩა, ბოდიში მომითხოვია.
მე მაინც მგონია, რომ მინისტრის კაბინეტში ფედერაციის ოპონენტების გამოჩენა ზემოხსენებულ შეხვედრაზე სკანდალური ამბავია. შესაძლოა, ჩემი თვალსაზრისი საკამათოც კი იყოს, საქართველოში სტანდარტები თითქმის არ არსებობს და მაგიტომ.
პატივცემულო მკითხველო, როგორ ფიქრობ, მე რომ პარტიული გაზეთის რედაქტორი ვყოფილიყავი, უფრო წარმატებული ჟურნალისტი გავხდებოდი თუ პირიქით?
პასუხი ამ კითხვას ერთი აქვს - პარტიული ხაზით ჟურნალისტი მეტ ავტორიტეტს იქმნის ხალხშიც და კოლეგებშიც. ასეა საქართველოში და ამიტომაც ჩვენთან არ არის სკანდალი მინისტრის კაბინეტში მეგობრებისა და ფედერაციის ჩინოსნების თავყრილობა.
"ქართულ ოცნებას" შესაძლოა საინტერესო პროექტი აქვს მოფიქრებული ფეხბურთის განვითარებაზე, ოღონდაც, თუ საკითხი ისე დგას, რომ ეს პროექტი მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ ფედერაციის პრეზიდენტად ჩვენი კაცი იქნება, ეს უკვე წინა ხელისუფლების ხელწერას ჰგავს.
ფეხბურთის განვითარებაზე წინა ხელისუფლებამაც იზრუნა, მილიონობით ლარს ურიცხავდა ფეხბურთის ფედერაციას, მაგრამ მოქმედების ფორმებში დიდი იაღლიშები მოსდიოდა და დახარჯულმა ფულმაც დიდი ეფექტი ვერ მოიტანა.
წინა ხელისუფლების შეცდომები გაკვეთილი უნდა იყოს ახლანდელისთვის - ამაზე მაინც ნუ ვიკამათებთ.
ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე არჩევნები კი თუ ასე აუცილებელია, ფედერაციის სუბიექტები რატომ არ ლაპარაკობენ ამაზე? დღესაც შიში და ძალმომრეობაა საქართველოში?..
ვითარება ასეთად დარჩა: ზვიად სიჭინავა მინისტრისა და მისი მეგობრების ნათქვამზე გადადგომას არ აპირებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რატომ დაიბარა სპორტის მინისტრმა უეფადან დაბრუნებული სფფ-ის ხელმძღვანელები
ლევან ყიფიანი: ფეხბურთი გვქონდა და აღარ გვაქვს
რევაზ არველაძე: ზვიად სიჭინავას ხელში ფედერაცია წარმატებულად მუშაობს
მიხეილ ყაველაშვილი: რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას სიჭინავას არავინ ეკითხება
ზვიად სიჭინავა: სინდისში ჩავიხედე და ვრჩები
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/44905-ratom-daibara-sportis-ministrma-uefadan-dabrunebuli-sff-is-khelmdzghvanelebi.html