"ქართლი 2011" - ფანჯარა ევროპაში, ადგილი ტრიბუნაზე

AutoSharing Option
რომელი ლიგაც უნდა იყოს, სატურნირო ცხრილის ლიდერის შესახებ ინფორმაცია გულშემატკივრისთვის მუდამ საინტერესოა. მით უფრო, როცა ცხრილის სათავეში მოქცეულ გუნდს შთამბეჭდავი უპირატესობა აქვს უშუალო მდევრებთან.

მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში პირველ ადგილზე მყოფი გორის "ქართლი 2011" წაუგებლად ასპარეზობს: პირველ წრეში ჩატარებული 13 მატჩიდან ერთი ფრე ითამაშა, დანარჩენი ყველა კი მოგებით დაასრულა (ბურთების სხვაობა 46:4)!

"ქართლი 2011"-ის შემადგენლობა მხოლოდ ადგილობრივი კადრებითაა დაკომპლექტებული. აქ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელიც ასპარეზობს, უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება რომ აქვს. გუნდს წვრთნიან გორელი სპეციალისტები, ემზარ წკრიალაშვილი და ლავრენტი ბოლოთაშვილი.

Sportall.Ge2011
წლის დეკემბერში ჩამოყალიბებული საფეხბურთო აკადემია "ქართლი 2011"-ის და საფეხბურთო კლუბ "ქართლი 2011"-ის სახით, გორში "დილას" შემდეგ, ფაქტობრივად, მეორე, ძლიერი საფეხბურთო ცენტრია ამოქმედებული.

კლუბის მზარდი ინფრასტრუქტურული განვითარებიდან, შემადგენლობიდან, ფინანსური ზურგიდან და სატურნირო ცხრილში არსებული მნიშვნელოვანი უპირატესობიდან გამომდინარე, ამ გუნდის პირველ ლიგაში აღზევება გასაკვირი არ იქნება, თუმცა საბოლოო მიზანი გაცილებით შორსმიმავალია.

კლუბი რუსეთში მოღვაწე გორელი ბიზნესმენის, 45 წლის პაატა ფილიევის ინიციატივითაა დაფუძნებული. იგი თავადაც ყოფილი ფეხბურთელი (მეკარე) გახლავთ, რომელიც შემდეგ უცხოეთში წავიდა, წარმატებით შეუდგა კომერციულ საქმიანობას და ბუნებრივია, ფეხბურთის დიდი სიყვარულით იყო ნაკარნახევი, რომ დაგროვებული კაპიტალი გორში, კერძოდ, ფეხბურთში დააბანდა.

ამ ცოტა ხნის წინ კლუბის კონსულტანტი გახდა გია დაუშვილი, რომელსაც რუსეთის პირველი ლიგის სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის სტრუქტურაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

ამბიციური სამომავლო მიზნებით ჩამოყალიბებულმა საფეხბურთო აკადემიამ ძირითადი აქცენტი გააკეთა გორის რაიონის სოფლის ბავშვებზე, კერძოდ, შინდისში, ხელთუბანში, ზეღდულეთსა და ქვახვრელში ჩამოაყალიბა თავისი ფილიალები.

Sportall.Geაკადემიაში მთლიანად 400-ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს. ისინი მონაწილეობენ შიდა ქართლის ჩემპიონატში, სამ ასაკობრივ ჯგუფში და ამას გარდა, აკადემია ორგანიზებას უწევს შიდა, ფილიალებს შორის ჩემპიონატს, სადაც მონაწილეობს 20 გუნდი.

საფეხბურთო აკადემია "ქართლი 2011"-ს აქვს თავისი ჰიმნი, გერბი, დროშა და ვებ-გვერდი fakartli2011.com, სადაც ოპერატიულად, მატჩის დასრულებისთანავე განათავსებს მისი ყველა ასაკობრივი გუნდის მიერ გამართულ შეხვედრათა შედეგებს.

აკადემიამ თავიდანვე ლიცენზირებული მწვრთნელები ჩაუყენა ასაკობრივ ჯგუფებს სათავეში. საფეხბურთო აკადემიის ინიციატივით განვლილი წლის მაისში ერთობ მასშტაბური ტურნირის ორგანიზება მოხდა, რომელიც აფხაზეთში დაღუპული ადგილობრივი ფეხბურთელის, სტანისლავ ბურაკოვის ხსოვნისადმი იყო მიძღვნილი. ორ ასაკობრივ (2000-2001 და 2002-2004 წწ.) ჯგუფში გამართულ შეჯიბრებაში გორის და გორის რაიონის 58-ე საჯარო სკოლის გუნდი იღებდა მონაწილეობას.

ერთი თვის განმავლობაში ჩატარდა 179 მატჩი. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებამ მაყურებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. სპონსორის ხელშეწყობით, თასები და ფინანსური წახალისება მხოლოდ გამარჯვებულ გუნდებს და ნომინაციების მიხედვით საუკეთესო მოთამაშეებს კი არა, ყველაზე აქტიურ გულშემატკივართა ჯგუფსაც კი გადაეცა.

ადვილი მისახვედრია, რომ აკადემიას და კლუბს ეკიპირებისა და სხვა პრობლემები არა აქვს. მათი უმთავრესი საწუხარი ამ ეტაპზე სტადიონი და ბაზაა.

"არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენთვის გადმოსაცემი არენა ან სტადიონის ასაშენებელი ტერიტორია გორში ვერ გამოინახა.

ამა
ს გარდა, წინა ხელისუფლების პირობებში ვერ მოგვარდა გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზე მქონე სოფელ ტინისხიდის საფეხბურთო სტადიონის რაიმე იურიდიული ფორმით ჩვენთვის გადმოცემის საკითხი.

ახლა კი დიდი იმედი გვაქვს, რომ ქალაქის ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ეს საკითხი დადებითად გადაწყდება.

გარდა ამისა, გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელთან მიწა შევიძინეთ, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაფერის ბაზას და რამდენიმე ათას მაყურებელზე გათვლილ სტადიონს ავაშენებთ.

სხვათა შორის, ბატონი პაატა ფილიევის უმთავრესი მიზანია, რომ უმაღლეს ლიგაში გადასვლის და იქ წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ევროტურნირებზე გასულმა "ქართლი 2011"-მა საშინაო შეხვედრები გორში, საკუთარ სტადიონზე ჩაატაროს",
- გვითხრა აკდემიის დირექტორმა გელა ნადირაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული