კვირის 1000 წვრილმანი: მატადორი და მხატვარი

AutoSharing Option
საფეხბურთო მილეთმა ყბად იღო მათე ვაწაძის ჩაუქობა ალბანეთთან ამხანაგურ შეხვედრაში.

რომ არ დაშავებულიყო ლევან მჭედლიძე, ვინ იცის, როდის შეუშვებდა მოედანზე მათე ვაწაძეს თემურ ქეცბაია.

ფეხბურთში ყისმათსა და მოულოდნელობის ფაქტორს ცეცხლის ფასი ადევს.

ფასზე თუ მიდგა საქმე, ყველაზე ძვირი თავდამსხმელი ღირს, ყველაზე მეტ ფულს სწორედ ამ ხელობაში იხდიან. ვაწაძესაც ძვირიანი პროფესია აქვს, ის მეგოლე თავდამსხმელია და ამ ყველაფერს შეძლება უნდა.

3-4 წელი იქნება, რაც ვაწაძის ნიჭში თითქმის ყველა დარწმუნდა, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში მას სულ რაღაც ექვსი მატჩი აქვს ჩატარებული. რისი და
ვისი ბრალი უნდა იყოს ეს?

ერთხელ იყო, ვაწაძემ ჩვეულად რომ გაიბრწყინა ეროვნულ ჩემპიონატში და მოხდენილი გოლები შეაგდო, მაშინ ვაწაძე "მატადორად" მოვიხსენიეთ და ზოგმა ეს გადაჭარბებაში ჩამოგვართვა.

რას ვიზამთ, როცა საკუთარ ნააზრევს აწვდი მკითხველს, ჟურნალისტიკა ვერ არის აბსოლუტურად ზუსტი პროფესია. უცხოურ პრესაში მატადორი ხშირად ყოფილა საქებარი სიტყვა მეგოლე თავდამსხმელებისთვის და ეს გაცვეთილი, მაგრამ გემრიელი მეტაფორა აქაც გამოვიყენეთ.

მატადორი კლავს, მატადორი ამარცხებს, ბოლო დარტყმა მატადორს ეკუთვნის - ვაწაძეც ხშირად ყოფილა მატადორის როლში.

ალბანეთამდე ოდენ ხუთი კეპი - აქ საფეხბურთო გემოვნების ამბავი უფრო უნდა იყოს, ვიდრე სხვა რამეები.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნაკრების სასტარტოში ითამაშა ლევან ყენიამ. განზე წასული ბურთი ისე შემოატრიალა, რომ საგოლე გადაცემით დააჯილდოვა ვაწაძე - ეს მხოლოდ ნიჭიერების ხვედრია, ასეთი ეპიზოდი შემთხვევითობა ვერ იქნება.

თორნიკე ოქრიაშვილმა ერთხელაც დაამტკიცა, რომ არაორდინალური ფეხბურთელია. მეორე გოლი მან მოიგონა და უჩა ლობჟანიძემ უცნაური დარტყმით დააგვირგვინა. საქართველომ მოიგო!

VideoSportall.Ge
ალბანეთი - საქართველო 1:2


ეს გამარჯვება ძალიან საჭირო იყო თემურ ქეცბაიასთვისაც. მწვრთნელსაც სჭირდება თავდაჯერებულობა ისეთ მეტოქესთან მატჩის წინ, როგორიც საფრანგეთის ნაკრებია.

ალბანეთი-საქართველოს შემდეგ ვინც უყურა საფრანგეთი-გერმანიის შეხვედრას, ერთიდან მეორე პლანეტაზე გადაინაცვლა. ეს ის შემთხვევაა, რომელიც ძალაუნებურად დაგაფიქრებს, ოქრიაშვილი გერმანიაში რომ დაბადებულიყო, განა ტომას მიულერზე ნაკლები იქნებოდა, ან ვაწაძე საფრანგეთში რომ დაბადებულიყო, რატომ ვერ იქნებოდა ბენზემაზე მეტი...

და ალბანეთმა რაღა უნდა თქვას? ისეთ მინდორზე უმასპინძლა საქართველოს, თავი ვერტყვიჭალაში გეგონებოდათ. არადა, ალბანეთი ნატოს წევრია და ევროკავშირს უმიზნებს, ტაქსის მძღოლები კი იტალიურადაც ლაპარაკობენ.

ახლახან ერთი ჩემი ნაცნობის სვეტი დაიპოსტა ფეისბუქზე. პატივცემული ავტორი წერს, რომ საქართველოში ნამდვილი ცხოვრება 2003 წლიდან დაიწყო, მანამდე კი მუქთახორები ვიყავით.

ეს სვეტი ალბანეთთან მატჩის წინ წავიკითხე და ენვერ ხოჯა გამახსენდა. რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში მომიწია ყოფნამ და იქაური ქართველი ემიგრანტებისგან გამიგონია, ჩვენ და ალბანელები აქ ერთ კასტაში გავდივართო. მსგავსება ალბათ იმან გამოიწვია, რომ ჩვენც გვყავდა ჩვენი ხოჯა.

მუქთახორობის კი რა მოგახსენოთ, გზები 2003 წლამდეც გაჰყავდათ და ქალაქებიც შენდებოდა, გვყავდა "დინამო" და ქართველ ფეხბურთელებს მთელ დუნიაზე ჰქონდათ სახელი დაგდებული, ამ ყველაფერს კი შრომა სჭირდებოდა.

ალბანეთმა ნატოში შეგვასწრო, თორემ ფეხბურთს ქართველები უკეთესად თამაშობენ, ტირანას ოღრო-ჩოღროზეც გამოჩნდა, რომ მატადორიცა გვყავს და ერთი-ორი მხატვარიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზაზა ზამთარაძე: გამოჩნდა, რომ ამ ნაკრებში ლევან ყენია ძალიან დიდი ძალაა
თემურ ქეცბაია: საფრანგეთში წარმატებისთვის სხვა თამაში გვჭირდება
ოთარ გაბელია: ალბანეთთან მოგება კარგია, მაგრამ საფრანგეთი სულ სხვაა
ალბანეთი-საქართველო 1:2 - ხასიათი ვნახეთ, გუნდი უკეთესი გვინდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
ამ ეტაბზე ვაწაძე საუკეთესო დავდამსხმელია, გასულ წელს და ალბათ ისეთი პირი უჩანს ამ წესაც უკეთესი არ გვეყოლება. ნამდვილად ღირსია ნაკრებში თამაშის.
m.m.m
12:03 10-02-2013
0
ეს არასწორია. ნაკრებში 6 თამაშზე მეტი იმიტომ ვერ ითამაშა რომ ხან ტრამვები აქვს და ხან ფორმაში არ არის. მოდი ჯერ თავის გუნდში გახდეს ძირითადის მოთამაშე და ბატონმა დავითმა მერე იბლატაოს. ეხლა კი უბრალოდ უძაღლო ქვეყანაში გამოჩნდა. აბა მჭედლიძე და გელაშვილი მარტო მატადორებად თუ ივარგებენ თორე ფეხბურთში (ნაკრებში) მაგათი სათამაშო ნაღდად არ არის.
ramo
15:09 10-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული