ბუბა ტყავაძე: ევროპული ტურნირები ძველებურად ჩატარდება

AutoSharing Option
ევროპის კლუბთა ასოციაციის (ECA) დაარსებიდან 5 წელი შესრულდა. G-14-ის დაფუძნების შემდეგ აქტუალური გახდა, თუ რა მიმართულებით წარიმართებოდა ევროპული საკლუბო ფეხბურთი.

კლუბების ხელმძღვანელები განიხილავენ მიმდინარე მოვლენებს, ახალ ტენდენციებს, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე მსჯელობენ...

ევროპელთა ეს პატარა იუბილე 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტმა ორიგინალურად აღნიშნა და საიუბილეო ასამბლეის სხდომის ჩატარება ამ ქვეყნის დედაქალაქ დოჰაში 5-6 თებერვალს შესთავაზა.

შეკრებას ესწრებოდნენ უეფას წარმომადგენლებიც.

სამიტს ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და კავშირების დასამყარებლადაც იყენებენ, რადგან ორიოდე დღით ევროპის ყველაზე ცნობილი თუ უცნობი კლუბების თავკაცები
გვერდიგვერდ ჩნდებიან.

ECA კლუბების ინტერესების დასაცავად ჩამოყალიბდა და საფეხბურთო სამყაროში სიტყვა რომ ეთქმის, ესეც მეტყველებს - ორგანიზაციის თავმჯდომარე მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე გახლავთ, ხოლო ერთ-ერთი აღმასრულებელი წევრი - "ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი.

თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის ცნობით, ასამბლეაზე იმყოფებოდნენ თბილისის "დინამოს" დირექტორი ალექსანდრე შახოვი და სპორტული დირექტორი ბუბა ტყავაძე.

დოჰაში განიხილეს შეჯიბრებითობის პრინციპები, ფინანსური ასპექტები, ინსტიტუციონალური კავშირები, კლუბების მარკეტინგისა და ახალგაზრდული აკადემიების განვითარების პრობლემები, მარკეტინგული საკითხები და ევროპული კლუბების ფინანსური განვითარების მოდელი.

"დინამოსთვის" ეს საკითხები აქტუალურია, რადგან თბილისური კლუბის საფეხბურთო აკადემია უახლოეს პერიოდში ფუნქციონირებას ახალი ინფრასტრუქტურით და სამწვრთნელო მეთოდოლოგიით დაიწყებს.

ბუბა ტყავაძეს თურქეთში (სადაც "დინამო" შეკრებაზეა) დავუკავშირდით და ყატარული შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.

- ამჯერად საიუბილეო სხდომა გახლდათ და ნაკლებად იყო სამუშაო გარემო. ძირითადი დრო ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის პრეზენტაციასა და სხვა საკითხებს დაეთმო.

- უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უეფა ახალ პროექტებს ამზადებს.
- დიახ, ლაპარაკია ევროთასების პარალელურად, გუნდების ცხრამეტწლამდელების ტურნირის გამართვაზეც. ეს საკითხი შარშანაც განიხილებოდა და მისი განხორციელება რეალური და სასურველიც არის.

- როგორც შევიტყვეთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის ერთ ტურნირად გაერთიანებაზე მსჯელობა დასრულდა.
- დიახ, გადაწყდა, რომ ტურნირები იმავე ფორმატით დარჩება.

- ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა, თუ საკითხი მხოლოდ დროებით დაკონსერვდა?
- ჯერ მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩემპიონთა და ევროპის ლიგების გათამაშებები უახლოესი სამი წლის განმავლობაში კვლავ ცალ-ცალკე ჩატარდება.

- საქართველო ადრინდელ ასამბლეებზე სოლიდარობის ფონდიდან ჩვენნაირ ქვეყნებზე გამოყოფილი თანხების გაზრდას ითხოვდა.
- ამჯერად ჩვენი წინადადებები არ წარგვიდგენია, რადგან თავად ორგანიზაციამ მოამზადა რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი. "დინამოსთვის" მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კლუბებსა და ფეხბურთელებს შორის მესამე პირის ჩარევის საკითხი, რომლებიც ტრანსფერებზე მუშაობენ. უეფაშიც და ფიფაშიც მათ საქმიანობაზე არაერთი კითხვა გაჩნდა.

- კონკრეტულად?..
- არიან მენეჯერები, რომლებიც ამა თუ იმ კლუბში რამდენიმე ფეხბურთელთან თანამშრომლობენ. ფიფასა და უეფას და კლუბების გაერთიანებასაც აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთ მენეჯერებს კლუბში დასაქმებული ე.წ. მათი ფეხბურთელების დახმარებით, მატჩების შედეგზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ დადგა აქტიურად საკითხი - არის კი ფეხბურთში ასეთი ხალხის ადგილი?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული