პლაჟის ფეხბურთი და საქართველო - ბათუმში გრანდები გვესტუმრებიან?

AutoSharing Option
პლაჟის ფეხბურთში ვარსკვლავების მონაწილეობამ (ერიკ კანტონა, კრისტიან კარამბუ, მიგელ და ხულიო სალინასები, რომარიო, ჟუნიორი, ზიკო...) სახეობას დიდი პოპულარობა მოუტანა და მისი ტელეაუდიტორიაც გააფართოვა - საპლაჟო ფეხბურთის მატჩების ტრანსლირება უკვე 170 ქვეყანაში ხდება.

ამან პლაჟის ფეხბურთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებად და ბიზნესისთვის მიმზიდველ სპორტის სახეობად აქცია.

2005 წლიდან კოპაკაბანასა და რიო დე ჟანეიროს პლაჟებზე ფიფა მსოფლიო ჩემპიონატებს ატარებს. მსოფლიოს ცნობილ კურორტებსა და ქალაქებში ქალთა და ვაჟთა შორის კიდევ მრავალი კომერციული ტურნირი ტარდება სამოყვარულო და პროფესიონალ გუნდებს შორის, უნივერსიადები.

ამინდის სეზონურობაზე
რომ არ იყვნენ ორგანიზატორები და პრომოუტერები დამოკიდებულნი, ჩრდილოურ ქვეყანაში დახურული საპლაჟო ფეხბურთის სტადიონები მოაწყვეს; მისმა პოპულარობამ განაპირობა, რომ ბევრ გრანდს ("ბარსელონა", "რეალი", "მილანი", "ინტერი", "რომა", "მარსელი" და ა.შ.) საპლაჟო ფეხბურთის გუნდიც ჰყავს.

2013 წლიდან, ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულთა მონაწილეობით, დაიწყება ოფიციალური საკლუბო ჩემპიონატი, ე.წ. ჩემპიონთა ლიგა.

მსოფლიო საპლაჟო ფეხბურთის მესვეურებსა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შორის მოლაპარაკება ოლიმპიურ სახეობად აღიარების თაობაზე მიმდინარეობს.

...ასე რომ, ეს თითქოსდა გასართობი და ტურისტული სპორტი რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან მზარდ ინდუსტრიად ჩამოყალიბდა.

როგორ მდგომარეობაშია საქართველოში ეს სახეობა? ამის შესახებ ქვიშის ფეხბურთის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ჯაბა ჭანტურია გველაპარაკება.

დღევანდელობა
გასული წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრები მხოლოდ ერთხელ შეიკრება და სარეიტინგო ტურნირში ითამაშა, მაგრამ ეს მცდელობა უიღბლოდ დასრულდა.

შემდეგ ეროვნული გუნდი აღარ შეკრებილა.

უმოქმედობის გამო დღესდღეობით საქართველო ფიფას და BSWW-ის (პლაჟის ფეხბურთის მსოფლიო ასოციაცია) ოფიციალურ რეიტინგში ბოლო ადგილებზეა.

სულ მცირე დროა, რაც საქართველოში სახეობის განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯებიც დაიგეგმა. 2010-2012 წლებში, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის და ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ბათუმში აჭარის ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის ასოციაციებმა საერთაშორისო საკლუბო ტურნირი ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობდნენ ყაზახეთის, მოლდოვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანის, სომხეთისა და საქართველოს კლუბები.

ტურნირისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. რამდენიმე კომპანია სპონსორობაზე დაგვთანხმდა, მაგრამ ტურნირებს არ ჰქონდა საერთაშორისო ან სარეიტინგო სტატუსი, რის გამოც ცნობილი კლუბები და ვარსკვლავები ვერ მოვიწვიეთ, საქართველომ კი სარეიტინგო ქულები ვერ მოიპოვა.

ჟენევის შემდეგ
პლაჟის ფეხბურთის მსოფლიო ასოციაციამ 2013 წლის 8-9 იანვარს ციურიხში, ფიფას ოფისში მიგვიწვია სემინარზე, სადაც საქართველოში სახეობის განვითარებაზე მოლაპარაკებები გავმართეთ, განვიხილეთ სხვა საინტერესო საკითხები, 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან და 2013 წლის ჩემპიონთა ლიგასთან დაკავშირებული თემები.

კონფერენციაში მონაწილეობდა გადაწყვეტილებების მიმღები თითქმის ყველა რელევანტური ორგანიზაცია და ფიგურა.

ვიზიტის შემდეგ ეროვნულ ფედერაციაში დავიწყეთ უახლოესი წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა: საქართველოს ისტორიაში პირველად, წელს ჩატარდება ეროვნული ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის. გამარჯვებულ გუნდებს მიიწვევენ ფიფას, უეფასა და პლაჟის ფეხბურთის მსოფლიო ასოციაციის ეგიდით დაგეგმილ მსოფლიო საპლაჟო ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგაზე; ბათუმსა და ქობულეთში ჩატარდება უნივერსიადა, სასკოლო ტურნირი და ქალაქის პირველობა, ბათუმის საერთაშორისო ტურნირზე ვაპირებთ ევროპული გრანდების მიწვევას.

რისი იმედი გვაქვს?
ჩემპიონატისა და ტურნირების ჩატარებას ბათუმში, ქობულეთსა და ანაკლიაში არსებულ 10-მდე ქვიშის მოედანზე ვაპირებთ.

პლაჟის ფეხბურთის მსოფლიო ასოციაციის წარმომადგენლებთან გაიმართა მოლაპარაკება, რომ საქართველოში მისი ეგიდით ოფიციალური ტურნირის ერთ-ერთი ეტაპი ან სარეიტინგო შეჯიბრება ჩატარდეს - მათ მზაობა უკვე გამოხატეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაფინანსების მოძიების შემთხვევაში, უკვე წლეულს, ზაფხულში, საქართველოში მსოფლიო ორგანიზაციის სარეიტინგო ტურნირის ან საერთაშორისო "ჩელენჯ კაპის" ორგანიზება შესაძლებელია.

თუ გავითვალისწინებთ პლაჟის ფეხბურთის მონათესავე ფუტსალის სწრაფ წინსვლას, ჩვენთან "ეზოს ფეხბურთის" პოპულარობასა და სპორტის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ფაქტორს - საქართველოში ტურიზმის პოტენციალს - შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ ამ სახეობას ჩვენში დიდი მომავალი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარია ბიჩსოკერი,წარმატებები.
tipitip
17:13 12-02-2013
0

სიახლეები პოპულარული