Wyscouot.com - ეს არის ამ იტალიური კომპანიის ვებგვერდი, რომლის შესაძლებლობები უსაზღვროა. ამ საიტის მეშვეობით შეგიძლიათ მოიძიოთ ფეხბურთელი და მასზე ყველანაირი ვიდეოინფორმაცია მიიღოთ.
როგორია ფეხბურთელის ტექნიკა, აზროვნება, დისციპლინა, რამდენად ძლიერია ის ბურთის ართმევაში, თანაგუნდელების დაზღვევაში, რამდენად აგრესიულია, როგორია ერთი-ერთზე თამაშში, გოლის გატანაში, როგორი დარტყმა აქვს...
ანუ ირჩევთ ფეხბურთელს და ამ ფეხბურთელის რა თვისებაც გაინტერესებთ, ყველაფერს კომპიუტერის
ყოველივე ეს არის დამხმარე საშუალება სელექციონერისა და მწვრთნელისთვის. არის სხვა საიტებიც, რომელთაც მსგავსი მომსახურება აქვთ, თუმცა ამ საქმეში ლიდერად ზემოთ ხსენებული კომპანია ითვლება.
სარგებლობა იაფი არ არის, მომსახურების მაქსიმალური პაკეტი შვიდი ათას ევრომდე ღირს - ასე ვიცი მე ეს იმ ქართველი მწვრთნელებისგან, საზღვარგარეთ რომ მუშაობენ.
მომსახურება მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჩვენი ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებისთვისაც. უცხოეთში არაერთი ისეთი ქართველი ფეხბურთელია, მათზე ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ რთული რომ არის.
გაფორმებული მემორანდუმის მეშვეობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უმაღლესი ლიგის თორმეტივე კლუბს ჩუქნის ამ ვებგვერდით მომსახურების შესაძლებლობას, ანუ თორმეტივე კლუბს დაურიგდება პერსონალური კოდი, რომლითაც Wyscouot.com-ზე შესვლა იქნება შესაძლებელი.
"ამ კომპანიის ვებგვერდზე მსოფლიოს 30 ეროვნული ასოციაციის ფეხბურთელების მონაცემებია ატვირთული, დაახლოებით 350 მოთამაშის. რამდენიმე ხნის წინ Wyscouot-ის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები თბილისში და მოლაპარაკებაც მაშინ დაიწყო.
გარდა იმისა, რომ ამ ვებგვერდის შესაძლებლობებით ქართული კლუბები და ჩვენი ნაკრებების მწვრთნელები ისარგებლებენ, მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიც მოხვდება ამ ვებგვერდზე და შესაბამისად, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებზეც გაკეთდება ვიდეოანალიზი.
ხელშეკრულება წელიწადნახევრიანია. ამ იტალიურმა კომპანიამ დიმა ბოკერია ხანმოკლე ტრენინგზე მიიწვია და ბოკერია საქართველოში რომ დაბრუნდება, მერე დავურიგებთ კოდს ქართულ კლუბებს", - გვითხრა ნიკა ჩხეიძემ.
ერთი სიტყვით, ფედერაციამ ქართულ კლუბებს საკმაოდ საინტერესო საჩუქარი გაუკეთა და ფეხბურთელების ტრანსფერებზე მომუშავე აგენტებსაც საქმე გაუადვილა - საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელებზე დაკვირვება უკვე ბევრს შეეძლება ოპერატიულად და თითქმის სრულყოფილად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"