თამაზ ბოკერია: "ზენიტმა" მატჩი ჩაგვიშალა - ასე, ადგნენ, წავიდნენ და გაოცებული დაგვტოვეს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი მაღალჩინოსანი თამაზ ბოკერია თბილისის "ლოკომოტივის" მენეჯერად მიიწვიეს. ის გუნდს თურქულ შეკრებაზე ახლდა და ბევრი საინტერესო ამბავი გაგვიმხილა.

"თურქეთში გუნდი 31 იანვრიდან 12 თებერვლამდე იმყოფებოდა და ოთხი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა.

3 თებერვალს "ზენიტის" დუბლებს შევხვდით. პირველ ტაიმში რამდენიმე ძალიან კარგი მომენტი შევქმენით. შესვენებაზე პეტერბურგელებმა ცუდი განათებისა და უხარისხო საფარის მომიზეზებით, სტადიონი დატოვეს - აი, ასე, ადგნენ, წავიდნენ და გაოცებულები დაგვტოვეს.

შემდეგი შეხვედრები სოფიის "ლოკომოტივთან", ბელგრადის "ცრვენა ზვეზდასთან" და ნოვი სადის "ვოევოდინასთან" ერთნაირი ანგარიშით, 0:2 დავთმეთ, მაგრამ ჩვენი
ახალგაზრდული გუნდის წევრთა საშუალო ასაკი 18 წელიც არ არის და გამოუცდელობის გამო დავმარცხდით.

მიმაჩნია, რომ გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა და დიდი პერსპექტივაც აქვს. "ლოკომოტივი" სწორედ მომავალზე მუშაობს. ჩვენთან თამაშობს შარშან ევროპის ჩემპიონატზე ოთხეულში მოხვედრილი ვასილ მაისურაძის 17-წლამდელების 6 ფეხბურთელი, 19-წლამდელთა სამი წევრი და პლუს ლუკა ზარანდია, რომელიც გიორგი დევდარიანის 17-წლამდელების ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.

გუნდში არის ნიკა ჭანტურია, რომელიც ზაფხულში ლონდონის "არსენალში" ვარჯიშობდა.

საერთოდ, გუნდის მიზანი უმაღლეს ლიგაში რაც შეიძლება მალე დაბრუნებაა - მიზნიდან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობა მოთამაშეთა ბირთვის შენარჩუნებას ცდილობს",
- ამბობს ბოკერია.

1 ნოემბერს "ლოკომოტივის" მთავარ მწვრთნელად ბარსელონას საფეხბურთო აკადემიის ყოფილი მთავარი სკაუტი, "ესპანიოლის" დუბლებსა და კატალონიის 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ნამუშევარი ჟერარდ სარაგოსა მულეტი დაინიშნა:

"მან გუნდი ესპანურ სტილზე გადააწყო და ამ კუთხით შეკრებაზე ძალიან სასარგებლოდ იმუშავა. მულეტის ასევე ესპანელი ფიზმომზადების მწვრთნელი ალბერტო ბერიკალ კორეა ეხმარება, რომელიც "ხეტაფეში" ბერნდ შუსტერთან თანამშრომლობდა.

ეს საკადრო გადაადგილებები გუნდის მიზანს ემსახურება - "ლოკომოტივის" პრეზიდენტის, ლექსო თოფურიას მიზანი პერსპექტიული გუნდის აშენებაა, რომელიც ქართულ ფეხბურთს წაადგება".

დაბოლოს, ბოკერიას თქმით, ამიერიდან "ლოკომოტივში" ბასკი ფეხბურთელი ითამაშებს:

"ენდიკა ბორდასი ბილბაოს "ატლეტიკის" გაზრდილია და პრიმერადივიზიონში, უეფას თასზე და სეგუნდადივიზიონში უთამაშია.

ის საყრდენი ნახევარმცველია, მაგრამ დაცვაში ასპარეზობაც შეუძლია.

მიმაჩნია, რომ "ლოკომოტივმა" ძალიან კარგი მოთამაშე დაიმატა, რაშიც სეზონის დაწყებისთანავე ყველა დარწმუნდება".


Sportall.Geენდიკა ბორდასი
დაიბადა: 1982 წლის 8 მარტს
სიმაღლე: 178 სმ
ამპლუა: ნახევარმცველი

საკლუბო კარიერა
2000 ბასკონია 15 (0)
2001/2003 ატლეტიკი ბ 66 (0)
2005 → ტესერა (იჯარა) 12 (0)
2003/2006 ატლეტიკი 14 (0)
2006 ოსპიტალეტი 18 (0)
2007/2009 კორდობა 56 (2)
2009/2012 სალამანკა 45 (0)
2012 ბერმეო?

ასაკობრივი ნაკრებები
2001 U18 ესპანეთი 7 (0)
2002 U20 ესპანეთი 3 (0)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული