რუსთავში საფეხბურთო სკოლა იხურება?

AutoSharing Option
ბავშვთა ფეხბურთში პრობლემები დედაქალაქში გვაქვს, პერიფერიებში კი ამ მხრივ კიდევ უფრო რთულადაა საქმე. ამჯერად ერთ კონკრეტულ ამბავზე შევაჩერებთ მკითხველის ყურადღებას - შესაძლოა, რუსთავში საფეხბურთო სკოლა დაიხუროს.

იყო ასეთი ფეხბურთელი - მალხაზ ბოლქვაძე, რომელმაც საფეხბურთო გზა "ავაზაში" დაიწყო, მერე თბილისის "დინამოს" დუბლებში მოხვდა, 1979 წელს კი უკვე პირველი გუნდის განაცხადში ხვდებოდა. იმავე წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოსკოვის "დინამოს" წინააღმდეგ ითამაშა და ალექსანდრე მახავიკოვთან ისე შევიდა ორთაბრძოლაში, რომ მას ფეხი მოსტეხა...

"დინამოს" შემდეგ ბოლქვაძე ლანჩხუთის "გურიაში" და რუსთავის "მეტალურგში" თამაშობდა.

ბოლქვაძე რუსთაველია და მშობლიურ ქალაქში გადაწყვიტა ბავშვთა საფეხბურთო სკოლის შექმნა. ბანკიდან აღებული კრედიტით ეს 2000 წელს მოახერხა და სკოლასაც "შევარდენი-2000" დაერქვა.

"სკოლა ჟიული შარტავას სახელობის მოედანზე გავაკეთეთ, რუსთავის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილას. ახალ რუსთავში სხვა საფეხბურთო სკოლა არც არის.

ორი არასტანდარტული ზომის მოედანი გვაქვს, 50/20 და 25/14 ზომის. არის კიდევ ადმინისტრაციული შენობა, გასახდელები, ავტოსადგომი. სრული ფართი 3515 კვადრატული მეტრია.

ეს ტერიტორია ჯერ იჯარით გვქონდა აღებული, მაგრამ მერე გამოსყიდვა მოვახერხეთ. სკოლას ორი დამფუძნებელი ჰყავს, მე და ჩემი მეგობარი.

ამ დროისათვის სკოლა დამატებით ინვესტირებას საჭიროებს, მოედნები გაცვდა და ახალი საფარის დაგებაა საჭირო. ახლა ასორმო
ცდაათამდე ბავშვი დადის ჩვენს სკოლაში. თუ ყველაფერს მოვაწესრიგებთ, დარწმუნებული ვარ, რომ პირველი სექტემბრისთვის ჩვენთან 500-600 ბავშვი მოვა", - გვითხრა ბოლქვაძემ.

"შევარდენი-2000" სპეციფიკური სკოლაა. ასაკი ლიმიტირებულია, მხოლოდ 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ბოლქვაძის თქმით, სკოლის მიმდებარედ არის ტერიტორია, სადაც კიდევ ორი სტანდარტული ზომის მოედნის გაკეთებაა შესაძლებელი, რაც ინვესტიციის მოსაზიდად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

"მამუკა კვარაცხელიას დახმარებით 2002 წელს სკანდინავიური ტურნე გვქონდა. ერთი ტურნირი შვედეთში ვითამაშეთ, ორიც დანიაში და ორივეში გავიმარჯვეთ.

ჩვენი აღზრდილია ბექა ზაქრაძე, რომელიც წლების განმავლობაში თბილისის "ვიტ ჯორჯიაში" თამაშობდა. რუსთავის "მეტალურგის" ჭაბუკთა გუნდშიც (1996/97 წლებში დაბადებულები) ჩვენი აღზრდილები თამაშობენ. ამ გუნდს ვარლამ კილასონია წვრთნის.

სკოლა ისეთ ადგილას გვაქვს, რომ კომერციული საქმიანობისთვის საინტერესო ტერიტორიაა. მზად ვართ გავყიდოთ კიდეც სკოლა იმ პირობით, თუ ახალი მეპატრონე ერთ მოედანს მაინც დატოვებს და საფეხბურთო კერა არ ჩაქრება. უკეთესი ვარიანტია, თუ კომპანიონი გამოგვიჩნდება და სკოლა განვითარდება.

შეგვიძლია, რომ ნაწილ-ნაწილ გავყიდოთ ტერიტორია. მსურველები არიან, მაგრამ ამით ხომ ახალ რუსთავში საფეხბურთო კერა აღარ იარსებებს",
- განგვიმარტა ბოლქვაძემ.

"შევარდენი-2000"-ის დამფუძნებელმა გვითხრა, რომ ყველას მიაწვდინა ხმა, მაგრამ ჯერ შედეგი არ ჩანს.

"ყველაზე უფრო "ქართუ ჯგუფის" იმედი გვაქვს, იქნებ დაბალპროცენტიანი სესხი ავიღოთ და ისევ ჩვენი სახსრებით მოვახერხოთ სკოლის გადარჩენა", - ამბობს ბოლქვაძე.

მაინც რა თანხაა საჭირო, რომ "შევარდენი-2000" გაუქმებას გადაურჩეს? სკოლამ გამართულად, მაღალი სტანდარტებით რომ იმუშაოს, 160 000 დოლარის ინვესტიცია სჭირდება - ასე აქვთ გამოთვლილი დამფუძნებლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბიძინას სთხოვეთ იქნებ დაგეხმაროთ...
0

სიახლეები პოპულარული