კვირის 1000 წვრილმანი: ბრძოლა თურქეთიდან

AutoSharing Option
ქართულ გუნდებს მოსამზადებელი პერიოდი უმთავრდებათ, სეზონიც მალე განახლდება სათასო მატჩებით, მარტიდან კი ჩემპიონატიც გახურდება.

და ვინ ხურდება ყველაზე კარგად სეზონის მეორე ეტაპისთვის? "დინამო თბილისმა" ორი უცხოური შეკრება მოილია, უკრაინულ "ზარიასთან" 0:4 წაგებაც მოასწრო, მაგრამ ეს ბევრს არაფერს უნდა ნიშნავდეს - თეთრი და შავი ყველაზე კარგად არეულ მარტში გამოჩნდება.

"დინამომ" სასელექციო ფრონტზე იაქტიურა, არაერთ ლეგიონერს დაადგა თვალი.

ამ საქმეში "დინამოს" არც გორის "დილა" ჩამორჩა, ბალტიისპირელი მეკარე კასპარას იკსტენსი შეიგულა და არც კამერუნელ შუახაზელ რობერტ ლობეზე ამბობს უარს.

სახელგანთქმული მენეჯერი მამუკა ჯუღელი
რუსეთში კი დაბრუნდა, მაგრამ ამბობენ, ჯუღელის სული ისევ ტრიალებს "დილაში", ამ მენჯერს ისევ უთანხმებენ რაღაც-რაღაცებსო.

ჯუღელი საჭირო კაცია, ეს ყველას ესმის გორის "დილაში". კარგია, რომ ამ კლუბს ისევ აქვს დაფინანსება, ვალდას ივანაუსკასის ხელში რა თარგზე იქნება მოჭრილი, ამასაც მალე ვნახავთ. მოლოდინი საღერღელის ასაშლელად დიდებული საშუალებაა.

ზედა ექვსეულიდან ხუთმა გუნდმა მოახერხა უცხოურ შეკრებაზე წასვლა. ლეგიონერულ ფრონტზე "ზესტაფონმაც" იაქტიურა.

სასიამოვნოა, ქართული კლუბები კარგად დაქოქილ მექანიზმს რომ ემსგავსებიან. ხინჯად "ზუგდიდის" ამბავი გვრჩება, ამ გუნდს ამბიციურობა არ ეტყობა, თუმცა ვინ იცის, იქნებ არც "ზუგდიდი" გამოდგეს ბალასტი ზედა ექვსეულისთვის.

ქვედა ექვსეულშიც შეინიშნება მოძრაობა. ექვსიდან სამმა გუნდმა მოახერხა თურქულ შეკრებაზე წასვლა. ჯამში უმაღლესი ლიგის ცხრა ქართული კლუბი შესწვდა უცხოური შეკრების მოწყობას, რაც უკვე კარგი ტენდენციაა.

პირველლიგელი "ლოკომოტივიც" კი წავიდა თურქეთში მოსამზადებლად.

ფეხბურთელებს ჰაერის, გარემოს შეცვლა სჭირდებათ, მწვრთნელისთვისაც სასარგებლოა თვალსაწიერის გაფართოება, ძლიერ უცხოურ გუნდებთან თამაში. ერთი სიტყვით, საქართველოდან გასვლა და მომზადება ჩინებული რამეა.

გავიგეთ, ქართული გუნდების წარმომადგენლები თურქეთში ერთმანეთის თამაშებზეც კი დადიოდნენ ამ მოსამზადებელ პერიოდში, ერთი ქართული გუნდი მეორეს დასაზვერად რომ მიდიოდა, ვიდეოოპერატორიც თან მიჰყავდაო.

მოკლედ, გადამწყვეტი ბრძოლა თურქეთიდან დაიწყო.

ფეხბურთის ფედერაცია მალე უმაღლესი ლიგის თორმეტივე კლუბს დაურიგებს Wyscot.com - ის კოდს. მისარგებლია ამ ვებგვერდით და მინდა გითხრათ, ეს ისეთი რამეა, რომ თუ ფეხბურთი გიყვარს, ვერ მოსცილდები, კიდევ უფრო ჩამთრევია, ვიდრე რაგინდარა სოციალური ქსელი.

* * *
ლევან კობიაშვილმა დისკვალიფიკაცია მოიხადა და უკვე ითამაშა მეორე ბუნდესლიგაში. ინტერნეტპორტალზე ქომაგთა კითხვებსაც უპასუხა.

კობიაშვილი ნაკრებს ისე ჩამოაცილეს, რომ გულშემატკივარს მისთვის მადლობის ტაში არ დაუკრავს, არადა "კობიმ" ნაკრებში 100 მატჩი ითამაშა.

კობიაშვილთან მაგრად შეეშალა ჩვენს საფეხბურთო სამყაროს, ამ ყველაფერს მხოლოდ ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვერ დავაბრალებთ, რადგან ნაკრები ყველასია.

* * *
სეზონის განახლებამდე ათი დღეღა დარჩა. სათასო მატჩებს სჩვევიათ სენსაციები, მოულოდნელი შედეგის ალბათობას ისიც ზრდის, რომ 26 თებერვალს გუნდები საშუასეზონო პაუზის შემდეგ პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავენ.

რას გიგრძნობთ გული? რაღაც სიურპრიზი აუცილებლად იქნება, ბურთი ასეთ დროს განსაკუთრებულად ცელქია და სენსაციის ამხანაგი ხდება.

ქართულ გუნდებს ახლა ფულზე არანაკლებად გულშემატკივარი სჭირდება, ხალხი სტადიონზე თუ მივა, კლუბი ბილეთების გაყიდვით ვერ გამდიდრდება, მაგრამ გუნდის დამფინასებელს მეტი სტიმული გაუჩნდება.

დამფინანსებელი უნდა დარწმუნდეს თუნდაც იმაში, რომ უცხოური შეკრებისთვის გამოყოფილი ფული ფუჭი არ არის.

საქართველოს ჩემპიონატის თამაშზე წასვლა ან უფასოა, ან ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი ღირს. მოწევა კლავს, საფეხბურთო ღელვები კი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ინტერნეტში ისიც კი წავიკითხე, ასეთი ღელვა ძუნძულსა და ცურვაზე არანაკლებ ეფექტურიაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილის ნანატრი დაბრუნება
ლევან კობიაშვილი: ნაკრების გაახალგაზრდავება არ შეიძლება
მკითხველის კომენტარები / 6 /
რაც შეეხება კობის.მესმის რომ განაწყენებულია ,მაგრამ ვინაიდან ინტელექტითა და პატიოსნებით.ბევრზე მაღლა დგას .შეეძლო დალაპარაკებოდა ქეცბაიას ერთი ერთზე.და ამით დაელაგებინა სიტუაცია.
VEP1963
12:28 18-02-2013
0
ქართულ საფეხბურთო სამყაროს,განსაკუთრებით მის ელიტარულ ნაწილს .უკვე დიდი ხანია ,რაც ეშლება.და სწორედ ამ მედროვეების გამოა,რომ ბინძური პოლიტიკა ჩაერია მის მართვაში.ქეცბაიას ვეთანხმები როცა მან ამ დამყაყებულებს დაუცაცხანა.მაგრამ ვინაიდან მას ინტელექტი ასე თუ ისე შეზღუდული აქვს.მიუხედავად იმისა რომ ფეხბურთი ესმის ,ნაკრების გაძღოლა მაინც გაუჭირდება.
vep1963
12:18 18-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული