საინტერესო პროექტი: ბარსელონის საფეხბურთო აკადემია საქართველოში?

AutoSharing Option
გოდერძი ჩიხრაძე "გაგრას" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტია. მან "ლელოს" საინტერესო ჩანაფიქრი გაუმხილა.

"ნებისმიერი ქართული კლუბის ამოცანა საქართველოს ნაკრებების სამსახური უნდა იყოს. 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების მწვრთნელებს რომ ვუყურებ, მეცოდებიან.

ნაცვლად იმისა, რომ მთელი დრო გუნდის შეთამაშებასა და ახალ-ახალი ტაქტიკური ვარიანტების დამუშავებაზე დახარჯონ, ადრეც და ახლაც ბევრჯერ მინახავს, ასაკობრივ ნაკრებებში მწვრთნელები ფეხბურთელებს სწორ სირბილს, ბურთის გაჩერებას და მსგავს ელემენტარულ რაღაცებს რომ ასწავლიან, რაც მათ ბავშვობაში უნდა აეთვისებინათ.

ბავშვთა ფეხბურთში რომ უამრავი პრობლემაა, ეს ყველას მოეხსენება.

ამ კუთხით, ერთი საინტერესო ამბავი უნდა
გითხრათ. დიდი ხანია, ესპანეთში ქართველი ახალგაზრდა, თორნიკე მაისურაძე ცხოვრობს. ის ამ ქვეყნის მოქალაქეა და სევილიას "ოლიმპიკის" საფეხბურთო სკოლაში 17-წლამდელების გუნდში მუშაობს. ამავე დროს, ადგილობრივი რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტის თანამშრომელია.

მისგან შევიტყვეთ, რომ ბარსელონის საფეხბურთო აკადემიას მთელს მსოფლიოში საფეხბურთო აკადემიების ქსელი აქვს - ევროპაში, აფრიკაში, აზიაში და ახლა მის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავენ.

მაისურაძისგან შევიტყვე, რომ სავსებით შესაძლებელია, ამ სისტემაში საქართველოც ჩაერთოს.

ჩვენთან ბევრი ნიჭიერი ბავშვია და ამას გარდა, საქართველო კავკასიის ცენტრია - ძირითადი ბირთვი ქართველები იქნებიან, მაგრამ შესაძლებელია, საინტერესო ბავშვები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ჩრდილო კავკასიიდან ჩამოვიდნენ.

ასეთია კატალონიელთა გათვლა. საფეხბურთო სკოლების სისტემაში ჩართულ მხარეს ბარსელონელები დაეხმარებიან სპეციალისტების მომზადებაში, გუნდების შეკრებებისა და ტურნირების ორგანიზებაში.

მოკლედ, ძალიან კარგი პროექტია და როდესაც შესაძლო პარტნიორობაზე დაიწყო ლაპარაკი, "საბურთალოსთან" თანამშრომლობა დაუფიქრებლად შევთავაზე.

მიმაჩნია, რომ ის ყველაზე პერსპექტიული სკოლაა. ბოლო წლებში საკმაოდ გაძლიერდა და უახლოეს მომავალში, მისი ხელმძღვანელობა გაფართოებასა და ახალი სტადიონების შემატებას აპირებს.

მიმაჩნია, რომ კატალონიელები თავადაც დაინტერესდებიან სკოლით, რომელმაც ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი ნიჭიერი ბავშვი გაზარდა, სადაც კვალიფიციური სპეციალისტები ჰყავთ და სწორი მიმართულებით მიდიან.

მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ ამ სკოლაში ბავშვებთან მუშაობენ უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებში ნამუშევარი ცნობილი მწვრთნელები - თემურ შალამბერიძე, გია ჭიაბრიშვილი, დავით კევლიშვილი. წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა, მაგრამ ასე მგონია, ამ საქმეს კარგი გაგრძელება ექნება",
- ამბობს ჩიხრაძე.

"გაგრას" ვიცე-პრეზიდენტი ფეხბურთისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების შეცვლის აუცილებლობაზეც გველაპარაკა:

"სამწუხაროდ, ბოლო 20 წელია, სახელმწიფომ საფეხბურთო სკოლების პატრონობაზე, ფაქტობრივად, ხელები დაიბანა.

ბევრი სტადიონი და საფეხბურთო სკოლა გაიყიდა ან რაგბის გადაეცა: "სინათლე", "შევარდენი", სტუდქალაქისა და ვარკეთილის მეურნეობის სტადიონები, "ლოკომოტივის" ბაზა, აღარ არსებობს ძველი 35-ე სკოლა, რომლის ტერიტორიაზეც ახლა ბაზარია, ავლაბრის სტადიონზე სახლი ააშენეს, ფეხბურთი ვერც დიდ დიღომში ფეხბურთისთვის გადაცემული ტერიტორიით სარგებლობს, რადგან ისიც სხვას გადაეცა და ამხელა უბანი სკოლის გარეშე დარჩა...

ჯერ ისედაც ცოტა სტადიონი გვქონდა და ახლა მათი რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა. ახლები თუ არ ავაშენეთ, ფეხბურთს არაფერი ეშველება.

რაგბის ნაკრები ჩვენი ქვეყნის სიამაყეა, მაგრამ მათთვის სიკეთე თუ უნდოდათ, ახალი სტადიონები აეშენებინათ, ფეხბურთისთვის კი მისი კუთვნილი დაეტოვებინათ, ეს იქნებოდა კარგი საქმე და არა ის, რაც გააკეთეს და ეს ორი სახეობა ლამის ერთმანეთს რომ გადაჰკიდეს.

წლების წინ, თბილისის "ლოკომოტივში" სპორტის დღევანდელ მინისტრთან, ლევან ყიფიანთან ერთად ვმუშაობდი და ამ საკითხების მიმართ მისი დამოკიდებულება კარგად ვიცი. მჯერა, ლევანი მდგომარეობის შეცვლას აუცილებლად შეეცდება".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
კაცი საქმეზე ლაპარაკობს და თქვენ კინკლაობაზე გადადიხართ რაგბი თუ ფეხბურთი. ორივეს გაცილებით მეტი ყურადღება სჭირდება, მეტი სტადიონები და მეტი ფინანსები.
grisha
10:27 20-02-2013
0
სინათლის და შევარდენის სტადიონი ფეხბურთის განვითარებას აფერხებს?რაგბს თუ არ უკბინეთ ისე არ იქნება.ჩემი აზრიტ გშურთ რაგბის დონემდე რონ ვერ ავიდა ფეხბურთი საქარტველოში
nano
19:03 19-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული