ისევე, როგორც ზოგადად სხვა სახის ფინანსური ოპერაციები, ჩვენში ამის გასაჯაროებაც იშვიათი მოვლენაა, რადგანაც ფეხბურთელების გარიგების ფინანსურ მხარეზე, როგორც წესი, დუმილს ამჯობინებენ.
ამიტომაც იწერება ამ საკითხზე ჩვენთან ნაკლები, ვიდრე ევროპაში, სადაც ეს თანხები, ფაქტობრივად, გასაჯაროებულია.
რას ვიზამთ, ჩვენ ჯერ კიდევ პოსტსაბჭოური ქვეყანა ვართ და, ყველაზე უცნაური ის არის, რომ ჩვენთან ბევრი კლუბი სახელმწიფოს საკუთრებაშია, რომლის სახსრების განკარგვაც დასამალი არ შეიძლება იყოს.
არადა, საიდუმლო რა არის? და თუ ჩვენ გვიმალავენ, საერთაშორისო სააგენტოები დახურულ
ასე მაგალითად, საინტერესო სტატისტიკაა გერმანულ ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტზე". თუ მის ადმინისტრაციას ვენდობით, ზაფხულის ბოლოს გორის "დილამ" დანიური "ორჰუსისგან" მათე ვაწაძის ტრანსფერში 300 000 ევრო მიიღო, ხოლო ვლადიკავკაზის "ალანიასგან", შოთა გრიგალაშვილის გადასვლაში - 450 000 ევრო.
აქვე კიდევ რამდენიმე საინტერესო შიდა ტრანსფერის ამბავი შევიტყვეთ: შარშან თბილისის "დინამომ" "ზესტაფონს" ჯაბა დვალის კონტრაქტში 400 ათასი ევრო გადაუხადა, გორში გოგიტა გოგუას გაშვებისთვის კი "დილამ" თბილისელებს - 170 ათასი ევრო.
დავინტერესდით და აღმოვაჩინეთ, რომ ვარშავის "ლეგიამ" თანაქალაქელ "პოლონიას" საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, ლადო დვალიშვილის ტრანსფერში 500 ათასი ევრო ჩაურიცხა.
მხოლოდ თბილისის "დინამოს", "ზესტაფონსა" და გორის "დილას" აქვთ შემოსავალი დაფიქსირებული, 12-იდან 9 გუნდს კი სატრანსფერო გარიგებების გრაფაში არც შემოსავალი უწერიათ და არც გასავალი.
ვერ გეტყვით, ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ უცხოელები ამას რომ ნახავენ, სულ მცირე, ჩვენი კლუბების ფინანსური გამჭვირვალობის თაობაზე კითხვები ისევე დაებადებათ, როგორც თითოეულ ჩვენგანს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"