თვალსაზრისი: პროფესია პრესატაშე

AutoSharing Option
სეზონის განახლებისთვის მწვრთნელებისა და ფეხბურთელების გარდა, პრესატაშეებიც ემზადებიან.

თავის დროზე მეც გახლდით ერთ-ერთი ქართული კლუბის პრესატაშე და სეზონის დაწყება თუ განახლება ჩემთვისაც თავისებურ პასუხისმგებლობას ნიშნავდა.

მოკლედ, პრესატაშე არ არის ისეთი იოლი ხელობა, როგორც ეს გარედან ჩანს.

უეფას საკლუბო ლიცენზირებაში ამ პროფესიას მედიაოფიცერი ჰქვია. საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში არის ისეთი გუნდიც, რომელსაც არ ჰყავს მედიაოფიცერი, ან თუ ჰყავს, მხოლოდ ფორმალურად, მაგრამ გუნდი მაინც არის უმაღლეს ლიგაში.

პრესატაშის მოვალეობა ის არის, რომ ურჩიოს თავის დამქირავებელს, როგორ მოიქცეს მედიასთან, რათა მისმა დაწესებულებამ შეინარჩუნოს
პოზიტიური დამოკიდებულება ჟურნალისტებთან.

კარგი დამოკიდებულება კი მოაქვს იმას, რომ ჟურნალისტებს გაუადვილდეთ მუშაობა ამა თუ იმ დაწესებულებასთან, ჩვენს შემთხვევაში კი, საფეხბურთო კლუბებთან.

დასრულდა ამ სეზონის პირველი ეტაპი, ვუკავშირდები ერთ-ერთი კლუბის პრესატაშეს, რადგან მსურს მისი კლუბის ერთ-ერთ ფეხბურთელთან ინტერვიუ. პრესატაშე მეუბნება, რომ შვებულების შემდეგ ალბათ შესაძლებელი იქნება ამ ინტერვიუს გაკეთება.

მთავრდება შვებულება, პრესატაშე მეუბნება, რომ ინტერვიუს გაკეთება სავარაუდოდ პირველი შეკრების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

დასრულდა პირველი შეკრება. პრესატაშე მეუბნება, რომ ინტერვიუ მეორე შეკრების მერე თუ მოხერხდება. დასრულდა მეორე შეკრებაც. პრესატაშე ამბობს, რომ ინტერვიუ მოხერხდება თუ არა, ხვალ გაირკვევა...

ცხადია, ამ სასაცილო ისტორიაში პატივცემული პრესატაშე სრულიად უბრალოა, რადგან ის, პირველ რიგში, საკუთარი კლუბის ხელმძღვანელობასთან არის ვალდებული და პასუხისმგებელი. კლუბს კი, როგორც ჩანს, არ ესმის, რომ ჟურნალისტს საქმე უნდა გაუადვილოს. თუ საპირისპიროს აკეთებს, ამით პოზიტიურ დამოკიდებულებას ვერ შეიქმნის მედიასთან.

არის კიდევ ერთი გუნდი, რომლის პრესატაშეს დავურეკე და მასაც ფეხბურთელთან ინტერვიუსთვის დახმარება ვთხოვე. ხელმძღვანელობასთან გავარკვევო, მითხრა პრესატაშემ.

რამდენიმე დღის შემდეგ ხელმეორედ დავრეკე მასთან იგივე თხოვნით და მითხრა, მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ინტერვიუ არ გამოვა, მეტად საპასუხისმგებლო მატჩი გველის და მანამდე ინტერვიუ ვერ იქნებაო.

ახლა ვიკითხოთ, მკითხველისთვის ფეხბურთელთან ინტერვიუ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩის წინ უფრო საინტერესოა თუ სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანი მატჩის წინ.

პასუხი ამ კითხვაზე ნათელია, ოღონდაც კლუბი სხვანაირად ფიქრობს.

ჟურნალისტისთვის საქმის გაადვილება - ეს არის კლუბის პრესსამსახურის მთავარი დანიშნულება.

მქონდა იმის ბედნიერება, რომ რამდენჯერმე დავესწარი ევროპის კლუბების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას. ვესაუბრე არაერთი კლუბის წარმომადგენელს და ყველამ ის მითხრა, პრესსამსახური ჟურნალისტებთან ურთიერთობაში გვეხმარება, მედია ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია და პარტნიორს საქმე უნდა გავუადვილოთ, პრობლემები არ უნდა მოვიგონოთო.

აქეთაც შესაძლებელია შემოდავება - ჟურნალისტიკის დონე ჩვენთან მაღალი არ არის, ჟურნალისტებს ბევრი რამე არ გესმით, ჟურნალისტთა უმეტესობას ამ ხელობით არ შეუძლია ღირსეულად ცხოვრება, ზოგი ჟურნალისტი გამორჩენას ელის ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისგან და ასე შემდეგ...

ერთი სიტყვით, ვითარება მარტივი არ არის. თუ იმას ველოდებით, როდის გახდება საქართველო კარგად დავარცხნილ-დალაგებული ქვეყანა, მაშინ მცონარები უნდა გავხდეთ.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დავარცხნილ-დალაგებული სამყარო იმაზე ზრუნავს, ადამიანებს როგორ გაუადვილდეთ ცხოვრება და რაღა ჩვენ უნდა ვიყოთ ყველასგან მოგლეჯილი.

ჩვენთან ყველაფერი რთულად ხდება ხოლმე, ქართველები თითქოს ლაღი ხალხი არ ვართ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული