მაისურის გადაცემა კამერების წინ, ზოგადი ფრაზები და ინტერესი - როგორ გაამართლებს უცხოელი ქართულ კლუბში.
ლეგიონერის ჩამოყვანა კარგი საქმეა, ოღონდაც ამისთვის მიზანია საჭირო. თუ უცხოელი იმისთვის ჩამოგყავს, რომ ქართულ გუნდებს აჯობო, ცხადია, ესეც საქმეა, მაგრამ თუ უცხოელი იმისთვისაც ჩამოგყავს, რომ ევროპა ლიგის ან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდე, მაშინ კიდევ უფრო გამართლებულია ლეგიონერების მოწვევა.
ქართულ კლუბებში ჯერ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, ლეგიონერს გუნდი ჩემპიონთა ლიგის,
ახლა ქართულ გუნდებში ერთი კი არა, იმდენი ლეგიონერია, ვიფიქრე, გევშველა და ეგ არისო. თანაც დააკვირდით, თითქმის ყველა მწვრთნელი ერთსა და იმავეს ამბობს: თუ უცხოელი ერთი-ორი თავით მაღლა არ დგას ჩვენებურზე, მის აყვანას რა აზრი აქვსო.
მიმდინარე სეზონის მეორე ეტაპისთვის ლეგიონერები მომრავლდნენ და თუ ისინი მართლაც ასე აღემატებიან ჩვენებურებს, ნამეტანი წინ წავსულვართ და ეგაა.
საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელების დეფიციტია, თუმცა ეს არ არის მხოლოდ პატარა საქართველოს პრობლემა. დიდი იტალია ავიღოთ, ამხელა ტრადიცია და სკოლა აქვს, მაგრამ ბოლო წლებში ვარსკვლავ ფეხბურთელებს ვერ ზრდის - პირლო, კასანო და მერე ვინ?...
ფეხბურთს მხოლოდ ვარსკვლავები არ თამაშობენ, ამ საქმეს ფრიადოსნებიც სჭირდება, კარგოსნებიცა და სამოსნებიც. საქართველოში და არა მხოლოდ, ლეგიონერები ხშირად კარგოსნებიც არიან და სამოსნებიც, ალაგ-ალაგ ფრიადოსნებიც გამოერევიან. ანუ ჩვენთან, ისევე როგორც სხვაგან, მხოლოდ უნარჩევეს უცხოელებს როდი იწვევენ და რადგან ასეთნაირად წავიდა საქმე, ალბათ ღირს დაფიქრება ლეგიონერების ლიმიტზე.
ლიმიტი კი რამდენიმენაირია, მაგალითად, კლუბს შეუძლია იმდენი ლეგიონერი იყოლიოს, რამდენიც მოესურვება, მაგრამ მოედანზე ერთდროულად მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობის უცხოელი ეყოლება.
მოკლედ, ლეგიონერების მომრავლება რაღაც ჩარჩოში თუ მოექცევა, კარგი იქნება, საქართველო ჯერ ხომ მაინც უფრო ფეხბურთელების ექსპორტიორი ქვეყანაა.
* * *
ამ რამდენიმე დღის წინ სანდრო კოტორაშვილი 70 წლისა მოიყარა. ძია სანდროს ფოტოლაბორატორია ჰქონდა გამომცემლობა "სამშობლოში". ის არ იყო მხოლოდ სამუშაო ადგილი, იქ სტუმრად მისვლა ბევრს უხაროდა, მათ შორის მეც, როცა ჯერ კიდევ დამწყები ჟურნალისტი ვიყავი.
იმ ლაბორატორიაში ძალიან ბევრ საინტერესო ისტორიას გაიგებდით ქართველ სპორტსმენებზე, მწვრთნელებზე, ამ სფეროში მოსაქმე სხვა ხალხზე. ძია სანდრო ამ ყველაფერს ფოტოებით ახარისხებდა და აარქივებდა, მის ყველა ფოტოს საკუთარი ისტორია ჰქონდა.
რამაზ შენგელია ორ მცველთან რომ იბრძვის მაღალ ბურთზე - ვინ იცის, ამ ფოტოს რამდენი გაზეთი, ჟურნალი და წიგნი მოუვლია. ეს ფოტო მაშინ არის გადაღებული, როცა ფოტოტექნიკა ისე არ იყო განვითარებული, როგორც ახლა.
დღეს ასეთი ფოტოს გადაღება ბევრად უფრო ადვილია, ოღონდაც ასეთ ფოტოს მხოლოდ თანამედროვე კამერა ვერ ეყოფა - ამას კოტორაშვილის ოსტატობა სჭირდება.
კოტორაშვილის ფოტოებიდან უტყვი არც ერთი არ ყოფილა იმ ლაბორატორიაში, ყველა ფოტო მეტყველი იყო.
* * *
2013 წლის პირველი ტროფეი კი "ზესტაფონისაა". კახა კაჭარავას გუნდმა ვალდას ივანაიუსკასს გორული დებიუტი ჩაუმწარა, თუმცა სუპერთასი არ არის ის ტიტული, დიდი რეგალიები რომ მოაქვს. არც "ზესტაფონი" გამხდარა საქართველოს ჩემპიონი კაჭარავას ხელში და არც გორის "დილას" მოუგია საქართველოს თასი ივანაუსკასის მწვრთნელობით.
თამაშის წინა დღეს, "ზესტაფონის" ვარჯიში რომ იწყებოდა "მიხეილ მესხზე", კაჭარავამ თავისი ფეხბურთელები მოედნის ცენტრში იხმო, წრე გააკეთებინა და შეგონებანი ასე დაიწყო: ქალაჩუნა ფეხბურთელები არ მჭირდება, მოედანზე რომ გადიხართ, თქვენ ხართ მებრძოლები, გლადიატორები...
კაჭარავას ფეხბურთელებმა მოიგეს, მათ თითქოს ირწმუნეს მთავარი მწვრთნელის, სუპერთასის აწევაზე უფრო ალბათ ეს იყო მნიშვნელოვანი "ზესტაფონისთვის".
ფეხბურთის ასეთია, ძალიან რთულია, ყველა ნიუანსი ფაქიზი და წონიანია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"