"ბენდელას თასი" - ლამაზი ფინალის ლოგიკური შედეგი

AutoSharing Option
ის, ვისაც არ დაეზარა და 25 თებერვალს ცივ ამინდში "ბენდელას" სტადიონზე მივიდა, არაფერს ინანებდა: "ბენდელას თასის" ფინალში გულშემატკივრებმა და სპეციალისტებმა ქართული ფეხბურთის მომავალი იხილეს.

ტრიბუნაზე 1000-მდე მაყურებელი მაინც იყო - დამეთანხმებით, რომ დუბლების შეხვედრისთვის საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრია.

ტრიბუნაზე მრავლად იყვნენ სხვადასხვა გუნდის მწვრთნელები, აბსოლუტურად ყველა ასაკობრივი ნაკრების დამრიგებლები და მათი სტაფის წევრები, სელექციონერები, მათ შორის, ჰოლანდიური "ვიტესის" წარმომადგენელიც.

შესაძლოა, ბევრი ამ ტურნირს არასერიოზულად უყურებს, მაგრამ ზემოთ დასახელებული ფაქტები მეტყველებს, რომ აშკარად ცდებიან. ცდებოდა ისიც, ვინც 22 თებერვალს საქართველოს სუპერთასის უფერული
შეხვედრა სეზონის დასაწყისით ახსნა, ამ დროს კარგი ფეხბურთი იშვიათიაო.

25 თებერვალს კი ახალგაზრდა მოთამაშეებმა საკმაოდ კარგი ფეხბურთი გააჩაღეს. მაღალ ტემპში თამაშობდნენ, ალაგ-ალაგ ბურთს ძალიან ტექნიკურად აგორებდნენ და ლამაზ და სწრაფ კომბინაციებსაც ახერხებდნენ.

პირველი წუთიდან უპირატესობა დინამოელებმა მოიპოვეს და ანგარიში მე-8 წუთზე გახსნეს. კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ერთ-ერთმა ტორპედოელმა მცველმა მოიგერია, რომელსაც საჯარიმოს ხაზთან ჯაბა ჯიღაური დაუხვდა და ძლიერი დარტყმით მეტოქის კარის ბადე შეარხია.

"დინამო" შეტევებს აგრძელებდა, მაგრამ თედო მარკოზაშვილმა და ნიკა ახვლედიანმა თამაშის "ტორპედოს" სასარგებლოდ შეტრიალება მოახერხეს და რამდენიმე მწვავე კონტრშეტევის განხორციელება შეძლეს: მე-16 წუთზე ანგარიშის გათანაბრება მამია გავაშელიშვილს შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კოკა სეფიაშვილს ვერ აჯობა - ამ უკანასკნელმა მშვენიერი რეაქცია გამოავლინა.

მალე საქმეში მისი ქუთაისელი კოლეგა, დავით კუპატაძე ჩაერთო, რომელმაც ასევე პირისპირ დარჩენილ ლაშა ჩაფიძეს "დინამოს" უპირატესობის ორამდე გაზრდის საშუალება არ მისცა.

37-ე წუთზე "ტორპედოს" შეტევებმა შედეგი მაინც გამოიღო: საჯარიმოსთან გათამაშებული მარტივი კომბინაციით, მეკარესთან ერთი-ერთზე უკვე ახვლედიანი დარჩა და შანსი გოლად გარდასახა - 1:1.

შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი აღმოჩნდა მეორე ტაიმში განხორციელებული ცვლილებები, აგრეთვე, დინამოელთა კლასი და გამოცდილება. თბილისელთა რიგებში უმაღლეს ლიგაში ნათამაშები ფეხბურთელები იყვნენ: კოკა სეფიაშვილი, არჩილ ტვილდიანი, ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა ჯიღაური, ლაშა პარუნაშვილი, ლაშა ჩაფიძე, ნიკა დიასამიძე.

ქუთაისელები მოედნიდან ახვლედიანის გასვლამაც დააზარალა - მას ფეხი ასტკივდა და ზედმეტ რისკს გაარიდეს.

Sportall.Ge

დინამოელები კვეკვესკირმა დააწინაურა: 56-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე, საჯარიმოს ხაზთან დანიშნული ჯარიმიდან ბურთი ახლო კუთხის "ცხრიანში" ჩაახვია!

ქუთაისელები საბოლოოდ 68-ე წუთზე გატყდნენ, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ბუბა რუხაძის ჩინებული გარღვევის შემდეგ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ბუდუ ზივზივაძესთან ბრძოლაში ქუთაისელთა მცველმა ზურაბ გელაშვილმა საკუთარ კარში ჩაჭრა - 1:3.

შეხვედრა ასეც დასრულდა და თბილისის "დინამო 2" "ბენდელას თასს" დამსახურებულად დაეუფლა. ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებული გუნდი და გამორჩეული ფეხბურთელები დააჯილდოვეს.

საუკეთესო მეკარე: კოკა სეფიაშვილი ("დინამო")
საუკეთესო მცველი: სანდრო გურეშიძე ("დინამო")
მაყურებლის სიმპათია: ალექსანდრე რეხვიაშვილი ("დინამო")
საუკეთესო თავდამსხმელი: თედო მარკოზაშვილი ("ტორპედო")
საუკეთესო ფეხბურთელი: ლაშა პარუნაშვილი ("დინამო").

ბენდელას თასი. ფინალი
ტორპედო 2-დინამო 2 1:3
გოლები: 0:1 ჯიღაური (8), 1:1 ახვლედიანი (35), 1:2 კვეკვესკირი (56), 1:3 გელაშვილი (68. ავტოგოლი).

დინამო 2: სეფიაშვილი, ა. ტვილდიანი, გურეშიძე, კვეკვესკირი, სამხარაძე, რეხვიაშვილი (75. სარიშვილი), ჯიღაური (86. მახარობლიძე), დიასამიძე (46. ფოცხვერია), პარუნაშვილი (82. ჯიშკარიანი), ჩაფიძე (46. რუხაძე), შინდაგორიძე (46. ზივზივაძე)

ტორპედო 2: კუპატაძე, მამასახლისი, სანდოხაძე, გელაშვილი (79. ლობჟანიძე), ქიქავა, კუსიანი, პეტავა (ჩიხლაძე 88), მარკოზაშვილი, გ. ტვილდიანი (55. მარგველაშვილი), ახვლედიანი (53. კაკუშაძე), გავაშელიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული