ფოთში სტადიონის მშენებლობა იწყება

AutoSharing Option
ფოთში სტადიონის მშენებლობის კონკრეტული ვადები დადგინდა - ეს ამბავი ფოთის "კოლხეთის" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფილიამ გვითხრა.

ლაპარაკი ამ თემაზე კარგა ხანი მიმდინარეობდა, იყო დაპირებებიც, მაგრამ საქმე ამის იქით არ წასულა.

სწორედ ამის შედეგი იყო კურიოზული ამბავი: ფედერაციამ მოედანი დააგო, შემდეგ კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტრიბუნების მშენებლობა დაიწყო.

მშენებლობის ცოდნა არ სჭირდება იმის გააზრებას, რომ ასეთ შემთხვევაში, სამშენებლო მტვერი და ჭუჭყი მოედანს დააზიანებს.

ასე მოხდა წლების წინ "მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე (მაშინდელ "ლოკომოტივზე"), რამაც ხარისხიანი საფარი შელახა და მალე ძალიან გააფუჭა.

"ფოთში
სტადიონის მშენებლობა გადაწყდა, სამუშაოები მაისში დაიწყება და ოქტომბერში უნდა დასრულდეს. ფოთის მუნიციპალიტეტს საამისოდ თანხას ცენტრალური ბიუჯეტიდან გადაურიცხავენ.

პროექტის მიხედვით, ტრიბუნები ჯერ სამ მხარეს აშენდება და საერთო ტევადობა 5500 ადგილს შეადგენს.

შესაძლოა, შემდეგ წელს ტრიბუნა მეოთხე მხარესაც აშენდეს და ჯამში 2000 ადგილი დაემატოს.

მოგეხსენებათ, ფოთი საკმაოდ ნალექიანი ქალაქია და ამის გათვალისწინებით, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ტრიბუნები გადაიხურება.

პლუს დამონტაჟდება განათების სისტემა, რომელიც უმაღლეს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს" - ამბობს ფილია.

გარდა ამისა, კლუბი კვლავ აყენებს ბიუჯეტის რადიკალური გაზრდის მოთხოვნას.

მოგეხსენებათ, წლეულს მაისამდე "კოლხეთს" მხოლოდ 300 ათასი ლარი ჩაერიცხა, რაც უმაღლესი ლიგის კლუბის საარსებოდ მეტისმეტად მცირე თანხაა:

"მაისამდე ეს 300 ათასი უნდა ვიმყოფინოთ, მაგრამ კლუბის გასაძლიერებლად, წლიურად მინიმუმ 1,5 მილიონი ლარი გვჭირდება.

ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ნაკლები თანხით კლუბი ვერ განვითარდება. ეს ჩემი ახირება კი არ არის, კლუბის საჭიროებაა. თუმცა, იმედიანად ვართ.

ახლა შეკრება ფოთის პორტის დახმარებით გავიარეთ, შესაძლოა, დამატებით, პორტი კიდევ 100 ათასი ლარითაც შეგვეწიოს.

მოკლედ, გარკვეული იმედები გვაქვს. მაგრამ ახალ სეზონამდე აუცილებელი საკითხია, რომ კლუბის დაფინანსების საკითხი გადაწყდეს, ყოველი წრის დაწყებამდე რომ არ ვკითხულობდეთ, დაგვაფინანსებენ თუ არა.

ეს უნდა იყოს მინიმუმ 3-წლიანი პროგრამა, "კოლხეთი" დღევანდელი კრიზისს თავი ერთხელ და სამუდამოდ რომ დააღწიოს და სერიოზული ამოცანებისთვის იბრძოლოს".

და ბოლოს: ცნობილია, რომ თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა თურქული შეკრების შემდეგ, ირაკლი ძარია "დინამო 2"-ში გადაიყვანა.

ირაკლი ფოთელია და თურმე, სოსო ფილია მისი იჯარით დამატებაზეც ფიქრობდა:

"ირაკლი რომ "კოლხეთს" გააძლიერებდა, ორი აზრი არ არის. როდესაც მისი მეორე გუნდში გადაყვანის ამბავი გავიგეთ, თბილისელებთან დაკავშირება გვსურდა.

მაგრამ მერე გაირკვა, რომ თბილისის "დინამო" ძარიას არსად უშვებდა და ჩვენი მცდელობა უშედეგო გამოდგა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული