ის 25 წლის გახლავთ. ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია, არადა, საქართველოს ჩემპიონატში მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.
კახელიშვილს აქეთურ-იქითურზე ვესაუბრეთ, ინტერვიუ კი გორის "დილას" ამბებით დავიწყეთ...
- მიმდინარე სეზონის მეორე ეტაპისთვის "დილა" ვალდას ივანაუსკასმა ჩაიბარა. რა სიახლეები შეიტანა გუნდში ლიტველმა სპეციალისტმა?
- ივანაუსკასი ავტორიტეტია, დიდი ფეხბურთელი იყო. მისი თამაში ჩვენს თაობას არ უნახავს,
"დილაში" ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგაც ყველაფერი კარგად მიდის. ივანაუსკასი ყველა მიმართულებით მუშაობს, იქნება ეს გუნდის ტექნიკური, ტაქტიკური, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მომზადება.
- "ლელოსთან" ინტერვიუში ივანაუსკასმა განაცხადა, რომ "დილა" ევროსარბიელზე გასასვლელად იბრძოლებს, "დინამო" - ჩემპიონობისთვის. რა თქმა უნდა, ეს იმას არ გამორიცხავს, რომ "დილაც" არ იბრძოლებს ტიტულისთვის, თუმცა მაინც საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე "დილას" ფეხბურთელები...
- მაქსიმუმს გავაკეთებთ, ყველა თამაშში მოსაგებად ვიბრძოლებთ. სასიხარულოა, ჩემპიონატი ექვსეულებად რომ დაიყო და კარგ გუნდებს ორჯერ რომ შევხვდებით.
უმაღლეს ლიგაში პირველად 2005 წელს ვითამაშე თბილისის "ლოკომოტივის" შემადგენლობაში და მაშინაც ასეთნაირად იყო დაყოფილი ჩემპიონატი, საინტერესო მატჩები ტარდებოდა. ვფიქრობ, ახლაც საკმაოდ დაძაბული თამაშები იქნება.
- "დინამოს" სამი ქულით ჩამორჩებით, თუმცა სხვა ფაქტორებიცაა გასათვალისწინებელი. "დინამო" რამდენიმე ლეგიონერით გაძლიერდა, უკეთესი სავარჯიშო პირობები აქვს; "დილა" კი ხან საგურამოში ვარჯიშობს, ხან თბილისში - "ბენდელაზე". თუმცა ყოფილა შემთხვევა, კონკურენტზე უარეს პირობებში მყოფი გუნდი რომ გამხდარა ჩემპიონი, მაგალითად, თბილისის "ვიტ ჯორჯიამ" ეს 2009 წელს მოახერხა...
- ჩისკო, ალვარო, ლორია, დვალი, მერებაშვილი - "დინამოდან" ამ მოთამაშეებს გამოვარჩევდი. ისინი წარმოადგენენ გუნდის ხერხემალს. მიხარია, როცა საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელები კმაყოფილები არიან და აქვთ იმის საშუალება, მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრონ.
რაც შეეხება საჩემპიონო შანსებს, ალბათ არც "დინამოს" ფეხბურთელებს ჰგონიათ, რომ ჩემპიონობა განაღდებული აქვთ. 2007 წელს, რუსთავის "ოლიმპის" შემადგენლობაში რომ გავხდი საქართველოს ჩემპიონი, თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე ვვარჯიშობდით და რუსთავში ვთამაშობდით. არც მაშინ გვქონდა საკუთარი ბაზა.
"დილაში" ძალიან კარგი სიტუაციაა, ფეხბურთელები ჯგუფებად არ ვართ დაყოფილნი, ერთიანი გუნდი ვართ, სადაც ძალიან კარგი სიტუაციაა. სხვა კარგი გუნდებიც არიან - "ჩიხურა", "ტორპედო", "ზესტაფონი"...
ძალიან სასიამოვნოა, რომ გორში ხალხი სტადიონზე დადის და დარწმუნებული ვარ, გორელი გულშემატკივრები ისევ ჩვენს გვერდით დადგებიან.
- "დილამდე" თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი იყავი. რატომ მოგიწია ყველაზე ტიტულოვანი გუნდის დატოვება?
- მიუხედავად იმისა, კონტრაქტით კიდევ ერთი წელი მქონდა დარჩენილი, "დინამოში" დარჩენას აზრი არ ჰქონდა, რადგან იმ მომენტში კლუბში გაურკვევლობა იყო. "დილაში" გადასვლა კი ნამდვილად არ მინანია.
- ფეხბურთელ კახელიშვილს ყველა აფასებს, თუმცა ისე ჩანს, რომ კიდევ რაღაცა სჭირდება უფრო მეტის მისაღწევად...
- რომელ გუნდშიც არ მივედი, მწვრთნელი ყოველთვის კმაყოფილი რჩებოდა ჩემით, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, მის დავალებას ვასრულებდი. უფრო მარჯვენა ფლანგიდან მირჩევნია თამაში. ჩემი ამოცანა მინიმუმ საგოლე პასის შესრულებაა. რამდენი გოლიც გამიტანია, დაახლოებით ოთხჯერ უფრო მეტი საგოლე გადაცემა მაქვს შესრულებული.
"დინამოში" დიდად ვერ გამოვიჩინე თავი. როგორც ეროვნულ ნაკრებშია ყველასთვის საოცნებო თამაში, ასევეა "დინამოც" და ბედნიერი ვარ, ორი წელი ამ გუნდის მაისურა რომ მეცვა და არანაკლებ ბედნიერი ვარ იმით, რომ ახლა "დილაში" ვთამაშობ.
- ტიტული "ვიტ ჯორჯიაშიც" გაქვს მოპოვებული. 2009 წელს, სუპერთასზე "დინამოს" წინააღმდეგ შეცვლაზე შეხვედი და შენს ფლანგურ გარღვევას მოჰყვა გადამწყვეტი გოლი...
- კარგი თამაში გამოვიდა, მე და დინამოელი ნიკა ფირცხალავა ერთად შევედით შეცვლაზე. ჩემი ჩაწოდების შემდეგ ბურთი მას მოხვდა და ასე აღმოჩნდა კარში. რუსთავის "ოლიმპში" და თბილისის "ლოკომოტივში" ყოფნის დროსაც ბევრი მნიშვნელოვანი გოლი გამიტანია.
- გარემარბებს სხვადასხვა სტილი აქვთ: ზოგი ჩაწოდებებშია ძლიერი, ზოგი დრიბლინგში, ზოგიც სისწრაფეში. მაინც რა არის ყველაზე მთავარი ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელისთვის?
- ყველა თავის საუკეთესო თვისებას იყენებს. აღარაა ისე, რომ გარემარბის მთავარი დანიშნულება ფლანგური თამაში იყოს. დააკვირდით, როგორ თამაშობს არიენ რობენი - იშვიათად აწვდის ფლანგიდან; უფრო იმას ცდილობს, მარჯვნიდან ცენტრისკენ შეიწიოს და კარში დაარტყას.
- თასის წილისყრით რამდენად კმაყოფილი ხართ? ნახევარფინალში გასასვლელად საჩხერის "ჩიხურასთან" მოგიწევთ ბრძოლა...
- ვფიქრობ, არავინ არ არის ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში და შესაბამისად, არავის არ გამართლებია წილისყრით. აგერ, პირველლიგელმა ლანჩხუთის "გურიამ" მერვედფინალში "ზესტაფონი" დაამარცხა და დაამტკიცა, რომ ყველასათვის ანგარიშგასაწევი გუნდია.
- საქართველოში ასეთი ტენდენცია შეიქმნა - 25 წელს მიტანებულ ფეხბურთელს ბევრი უპერსპექტივოდ მიიჩნევს. რას იტყოდი ამის შესახებ?
- ეს არასწორი შეხედულებაა. 25 წლის ვარ და ვგრძნობ, რომ ახლა უფრო შემიძლია პროგრესი, ვიდრე მანამდე. ხოლო ვინც ასეთი ტენდენცია ჩამოაყალიბა, ის ქართული ფეხბურთის მტერია.
- ალბათ, ხინჯად გრჩება, რომ ეროვნულ ნაკრებში ჯერ ერთხელაც არ გამოუძახებიხართ. ძალიან შორს არის ნაკრები გიორგი კახელიშვილისგან?
- შორს ნამდვილად არ არის, ის დროც მოვა, როცა სანაკრებო შანსი მომეცემა. რასაც ახლა ვთამაშობ, იმაზე მეტი შემიძლია. საქართველოს ჩემპიონატში კი მეტის მიღწევა შეუძლებელია. აქ ისეთი სიტუაციაა, ერთ ადგილას ხარ გაჩერებული...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ჩისკო, ალვარო, ლორია, დვალი, მერებაშვილი