კვირის 1000 წვრილმანი: არ ინანებთ!

AutoSharing Option
22 მარტამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, დიდი ალბათ იმიტომ, რომ თემურ ქეცბაიას ჯერ არ დაუსახელებია საფრანგეთთან მატჩისთვის გამოძახებულთა სია.

როცა რჩეულების სია დაიდება, თამაშიც ახლოს ჩანს. საფრანგეთი კიდევ გრანდია და ასეთთან შეხლა სულ სხვანაირად აფორიაქებას სულსა და გულს.

როცა ქეცბაის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებზე ჩამოვარდება სიტყვა, უკვე ძნელი გასარკვევია, რა უფრო სჭირდება ჩვენს ეროვნულ გუნდს - ფსიქოანალიტიკოსი თუ ჯადოქარი. ალბათ ორივე საჭიროა, გაორებული მახვილი უკეთესად გაუსწორდება ყველაფერს.

გადაღძუებული კითხვაა - რატომ არაფერი არ ეშველა საქართველოს ნაკრებს? ისევე როგორც ყველას, ალბათ მეც
მაქვს უფლება, საკუთარი ვერსია მქონდეს.

მე მაინც მგონია, რომ ცოტა მეტი ტვინი რომ დაგვეტანებინა საქმისთვის, ქართული ფეხბურთი უფრო წინ იქნებოდა. არ მახსოვს ვინ თქვა, თუმცა მოხდენილად კი გამოუვიდა: ადამიანის სიბრიყვე ჭკუის ნაკლებობის კი არა, სიმამაცის ნაკლებობის ბრალიაო.

ჩვენც მასე დაგვემართა, გაბედულად არ ვიძახდით ცუდზე ცუდიაო, ცუდს გაბედულად არ ვებრძოდით, არ ვიყავით კარგი დისიდენტები.

ქეცბაიას სია სავარაუდოდ მომავალ კვირაში გამომზეურდება. მნიშვნელოვანი ცვლილებები ალბათ არ იქნება, საფრანგეთს ვეთამაშებით და ექსპერიმენტების დრო არ არის.

ადამიანის ტვინის წვრილი ხვეულები საფრანგეთში საქართველოს ნაკრების მოგებას არ ვარაუდობენ, თუმცა ასეთ მეტოქესთან ჩვენი გუნდი კარგი სანახავი იქნება, ასეთ მოწინააღმდეგესთან თამაში უკვე ზეიმია.

* * *
ზურაბ ხიზანიშვილზე დაიწერა, მომავალი სეზონიდან ვინძლო "ტრაბზონსფორში" ითამაშოსო. მაისის მერე ზურა თავისუფალი აგენტი ხდება და ასეთი გამოცდილი მცველი ბევრს დასჭირდება.

ხიზანიშვილს "გლაზგო რეინჯერსში" და ინგლისურ პრემიერლიგაში აქვს ნათამაშები, ასეთებს კი ემირატებშიც და ყატარშიც შეუძლიათ წასვლა, როცა 30 წელს გადააბიჯებენ.

ხიზანიშვილი სტაბილურად თამაშობს "ქაისერისფორში", რობერტ პროსინეჩკი კი თურმე მას ფერნანდო იეროს ადარებს.

ხიზანამ თავისი უკვე ითამაშა. თუ საფრანგეთთანაც დაუძახებს ქეცბაია, ალბათ ერთხელაც გამოადგება გუნდს.

იყო დრო, ხიზანიშვილსა და კახა კალაძეს ერთმანეთს რომ ადარებდნენ ჩვენთან. აქეთ ალღო და ტექნიკა, იქით ათლეტურობა და შეუპოვრობა - კამათში გამარჯვება არ იყო ადვილი. მერე ისე მოხდა, რომ საკამათო არაფერი დარჩა...

ხიზანა მაინც უფრო "ფუტბოლნია" - მოკამათეთა ერთი ფლანგი ახლაც ამით ამართლებს საკუთარ პოზიციას.

* * *

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში გერმანელ თანატოლებთან სტუმრად 1:4 წააგო.

ეს ის ასაკია, როცა საქართველო გერმანიასთან ძალიან უმწეო არ უნდა იყოს, მაგრამ ფეხბურთში გერმანელებთან მარცხი ჩვენთვის დიდად დასაძრახი ამბავიც არ უნდა გამოდგეს.

ამ ასაკში ქართველებსა და გერმანელებს თბილისშიც უთამაშიათ, შესარჩევის ჯგუფში. 1990 წელს დაბადებულები თამაშობდნენ, იმ თაობაში ჩვენგან ყველაზე გამორჩეული მაშინ ლევან ყენია იყო, გერმანელებს კი ყველაზე მეტად ტონი კროოსის ეიმედებოდათ.

კროოსი ახლა ნაციონალმანშაფტის და მიუნხენის "ბეიერნის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია...

საქართველოს ამ 17-წლამდელებშიც ჰყავს ნიჭიერები. გიორგი დევდარიანის გუნდი საერთაშორისო ტურნირებზე რომ მიდის, ლუკა ზარანდიას საუკეთესო ფეხბურთელად ან საუკეთესო თავდამსხმელად ასახელებენ. თუ ფეხბურთის ფედრაციის ვებგვერდს ვენდობით, ლუკამ გერმანელებსაც ლამაზი, ინდივიდუალური ოსტატობით გაჯერებული გოლი უსახსოვრა.

ღმერთმანი, ნიჭიერი ბიჭია.

* * *
9 მარტს ეროვნული ჩემპიონატი განახლდება. მოწოდებები ჟურნალისტის საქმე არ არის, თორემ გულით კი მინდა ქომაგს ქართული სტადიონებისკენ მოვუწოდო.

საქართველოს ჩემპიონატში ბევრი კარგი თამაშია, თასის მერვედფინალებშიც ბევრი საინტერესო მოხდა. ფეხბურთი საქართველოს ჩემპიონატშიც სანახაობა გახლავთ, ტრივიალურად რომ ვთქვათ, შოუ, რომელიც უნდა გაგრძელდეს.

9 მარტს ქომაგს ასარჩევად აქვს საქმე, შესვენების შემდეგ პირველი ტურია და შედეგი ძნელად გამოსაცნობია.

არ ინანებთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
"როცა ქეცბაის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებზე ჩამოვარდება სიტყვა, უკვე ძნელი გასარკვევია, რა უფრო სჭირდება ჩვენს ეროვნულ გუნდს - ფსიქოანალიტიკოსი თუ ჯადოქარი". - კარგი შეკითხვაა. როდესაც მივხვდებით, და ეს მალე არ მოხდება, დავიწყებთ ძებნას და თუ გაგვიმართლა, იქნებ ქართულ ფეხბურთსაც ეშველოს.
guja_kakhadze
17:20 09-03-2013
0
"გაბედულად არ ვიძახდით ცუდზე ცუდიაო, ცუდს გაბედულად არ ვებრძოდით, არ ვიყავით კარგი დისიდენტები"

დღეს ის რეალობაა ფეხბურთში, რომ დიდი წარმატება, დიდი ფულის გარეშე არ მოდის. იმ ფონზე როცა მთავრობასა და ფეხბურთის ფედერაციას შორის უნდობლობაა, რა თქმა უნდა დიდი ფულის ჩადებას არ უნდა ველოდოთ. შესაბამისად თუ ეს გუნდი დარჩა ფედერაციაში, მინიმუმ რამდენიმე წელი ქართული ფეხბურთი კუს ნაბიჯით ივლის წინ. შექმნილ სიტუაციაში დღევანდელ ფეხბურთის მამებს თუ თავიანთი სკამები ქართულ ფეხბურთზე ძალიან არ უყვართ, რა გადაწყვეტილება აქვთ მისაღები ყველასთვის ნათელია.

"ადამიანის სიბრიყვე ჭკუის ნაკლებობის კი არა, სიმამაცის ნაკლებობის ბრალიაო"
პაატა
18:56 09-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული