მნიშვნელოვანი სიახლე: აპრილში მიშელ პლატინი გვესტუმრება?

AutoSharing Option
მნიშვნელოვანი სიახლე: შესაძლოა, ფუტსალში უეფას ოთხთა ფინალის დღეებში, თბილისს უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ესტუმროს. ეს ამბავი "იბერია სტარის" პრეზიდენტმა ვატო წერეთელმა გაამხილა.

ასეთი რანგის ტურნირს საქართველო პირველად უმასპინძლებს და უეფას პრეზიდენტს სურს საკუთარი თვალით იხილოს, თუ როგორ მუშაობს საორგანიზაციო კომიტეტი ქვეყანაში, რომელიც 2015 წლის ევროპის სუპერთასსა და ასაკობრივი ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირებსაც უმასპინძლებს.

მოკლედ, ფუტსალზე კლასიკური ფუტსალის ამბებიც გაირკვევა და შესაძლოა, უეფას პრეზიდენტი ქვეყნის ხელისუფალთაც შეხვდეს. ცხადია, მას აინტერესებს, რა სამზადისია სუპერთასის მატჩისთვის და საერთოდ, რა მდგომარეობაშია ქვეყანა ოქტომბრის
არჩევნების შემდეგ, შეიცვალა თუ არა ხელისუფლების დამოკიდებულება ფეხბურთისა და სხვა დაგეგმილი მოსალოდნელი ტურნირების მიმართ და ა.შ.

მერე კი უეფაში შეაფასებენ, გაცილებით მაღალი რანგის ტურნირების სამასპინძლოდ არის თუ არა მზად საქართველო.

ამას გარდა, 2012 წლის ზაფხულში, როდესაც უეფას 60 წლისთავთან დაკავშირებით, ორგანიზაციის პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ევროპის ჩემპიონატის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარების ინიციატივა წამოაყენა, უეფას გენერალურმა მდივანმა, ჯანი ინფანტინომ გაამხილა, რომ 2020 წლის ჩემპიონატი არა ერთ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, არამედ ერთდროულად 12-ში გაიმართებოდა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ამბობს, რომ უეფა ევრო 2020-ის ან ევრო 2024-ის მასპინძელ ქალაქებს შორის თბილისის კანდიდატურასაც განიხილავს. AP-სთან ინტერვიუში კი მან გაამხილა, რომ ევროპირველობის რომელიმე ჯგუფის სამასპინძლოდ, შესაძლოა, საქართველო აზერბაიჯანს, რუსეთს ან ბელარუსს შეუამხანაგდეს.

ამ კუთხით საგულისხმო ამბავი მოხდა, რაც ირიბად ჩვენც გვეხება: თურქები ევრო 2020-ის მასპინძლობაზე პრეტენზიას აქტიურად აცხადებდნენ. მათ მიშელ პლატინი მხარს ღიად უჭერდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ინფანტინომ ახალი პროექტი საჯაროდ გაამხილა, უეფას პერზიდენტმა თურქეთს ნახევარფინალური და ფინალური მატჩების მასპინძლობა შესთავაზა.

ჩვენს მეზობლებს ტურნირზე ექსკლუზივის მოპოვების იმედი ჰქონდათ, მხოლოდ ერთ-ერთი მასპინძლის სტატუსით კი ვერ მოიხიბლნენ. გარდა ამისა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ ემხრობა იმ კანდიდატურას, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში, ორი დიდი მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობა სურს.

მოკლედ, ევრო 2020-ის ასეთი ფორმატით მიღებაზე თურქებმა უარი განაცხადეს და სტამბულში ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლაზე გადაერთვნენ.

ჩვენთვის ცნობილი კულუარული ინორმაციით, თურქული მხარის უარი ზრდის იმის შანსს, რომ თბილისმა ევრო 2020-ის ერთ შეხვედრას მაინც უმასპინძლოს - ეტყობა, უეფაში იმედი აქვთ, რომ უმაღლეს დონეზე ერთი შეხვედრის გამასპინძლებას მაინც შევძლებთ და სუპერთასის მატჩი ამიტომაც დაგვითმეს.

ევრო 2020-ის მატჩის საქართველოში ჩატარებას უეფაში გავლენიანი ქართველები ლობირებენ, მათ შორის, არნემის "ვიტესის" მეპატრონე მერაბ ჟორდანიაც.

დაინტერესება გასაგებია - ერთი ასეთი მატჩიც კი ქვეყნის იმიჯსა და ფინანსურ მდგომარეობას ძალიან წაადგება.

ასეა თუ ისე, საკითხის დადებითად გადაწყვეტისთვის აუცილებელია სახელმწიფოს, ფეხბურთის ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კოორდინირებული მუშაობა. იმედია, ქართველები ამ მიზნისთვის მაინც გავერთიანდებით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"უეფაში პირდაპირ ვთქვით, რომ ევრო-2020-ის მატჩის მასპინძლობა გვსურს"
ევრო 2020: 13 ქალაქი - 13 ქვეყანა... იქნებ, საქართველოც
ლევან ყიფიანი: ევრო-2020-ის ერთ-ერთი ეტაპის საქართველოში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული