დააფუძნა "კიოლნის" მოძრავი ფეხბურთის სკოლა, მუშაობდა ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ სკოლა NRV-ში, 2006-2011 წლებში - "კიოლნის" პირველ ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში. ახლა მე-5 გერმანული ლიგის საფეხბურთო კლუბ "ჰიურტის" მწვრთნელი გახლავთ.
შთამბეჭდავია ამ ახალგაზრდა კაცის სამწვრთნელო ლიცენზიებიც: გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის DFB- A ლიცენზია, ფიზმომზადებისა და ფიტნესის B ლიცენზია.
გერმანიაში გამგზავრებამდე ვარჯიშობდა თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიასა და "ვიტ ჯორჯიას" საბავშვო ჯგუფში, თამაშობდა თბილისის სკა-ში.
"გერმანიაში 2002
პარალელურად, მწვრთნელობა დავიწყე და მას შემდეგ საკმაოდ დიდი გამოცდილებაც შევიძინე. ამას გარდა, დავაფუძნე "კიოლნის" მოძრავი ფეხბურთის სკოლა", - ამბობს კახიშვილი.
გერმანიის საფეხბურთო სკოლების პირობებზე ლეგენდები დადის. კახიშვილი გვიყვება, მათ შორის რა სახის განსხვავებებია:
"სკოლები კატეგორიებით განსხვავდება - არის ბუნდესლიგების და ჩვეულებრივი სკოლები. მათ შორის განსხვავება არც ისე დიდია. მაგალითად, ბუნდესლიგების სკოლებში მხოლოდ შერჩეული ბავშვები არიან.
კიოლნის სკოლა, სადაც მე ვმუშაობდი, პოპულარული სკოლების კატეგორიაში იყო. სწავლის ხარისხი და პირობებიც ყველგან გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს - სკოლები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ იმ პირობებით, რომ ბავშვები გაზარდონ.
კიოლნის ბავშვებს ბუნდესლიგის გუნდებისთვის ვამზადებდით და მხოლოდ შერჩეულ ბავშვებთან ვმუშაობდით".
* * *
- რა მინიმალურ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში საფეხბურთო სკოლა, რამდენი უნდა ჰქონდეს მოედანი, საშხაპე, გასახდელი?
- ბუნდესლიგის სკოლებს ბევრი კრიტერიუმი აქვთ დასაკმაყოფილებელი. მაგალითად - მოედნების რაოდენობა, ხარისხი, გასახდელები და ა.შ. დიდ ყურადღებას აქცევენ მწვრთნელთა ლიცენზიებს, არაკვალიფიკაციურებსა და ლიცენზიის არმქონეებს ბავშვებთან მუშაობის უფლებას არ აძლევენ.
ამ ყველაფერს ყოველწლიურად გერმანიის საფეხბურთო კავშირი ამოწმებს და ლიცენზიებსა და 1-დან 5-მდე ვარსკვლავს გასცემს. თუ გუნდი ბევრ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, პრობლემები დროულად უნდა გამოასწოროს, თორემ ლიცენზიას ვერ მიიღებს.
- რამხელა გადასახადებია გერმანულ სკოლებში და ვინ აფინანსებს მათ საქმიანობას?
- პირველი და მეორე ბუნდესლიგის სკოლებში წლიური გადასახადი 40-დან მაქსიმუმ 70 ევრომდეა. სკოლებს ძლიერი კომპანიები ასპონსორებენ და მათგან შემოსავლები აქვთ.
თქვენ წარმოიდგინეთ, სკოლები საკმაოდ დიდ შემოსავლებს იღებენ სატელევიზიო და სარეკლამო კონტრაქტებიდან: ყოველ შაბათ-კვირას საბავშვო გუნდების თამაშებს ტელევიზიით აშუქებენ. ასე რომ, პირველი და მეორე ბუნდესლიგის სკოლებს არ უჭირთ, ყველას კარგი პირობები აქვთ.
სხვა დანარჩენ სკოლებშიც კარგი პირობებია, მოედნები, მწვრთნელები, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა - ეს ჩვეულებრივი ამბავია. გადასახადებიც დაახლოებით იგივეა, მაგრამ ბუნდესლიგის გუნდების მსგავსი შემოსავლები არ გააჩნიათ და მწვრთნელებსაც შედარებით დაბალ ხელფასებს უხდიან, მაგრამ ეს შედარებით მცირე ხელფასებიც საკმაოდ მისაღებია და სხვებზე არანაკლებ მუშაობენ.
ამას გარდა, არსებობენ პრივატ-სკოლები და ინტერნატები, სადაც, რა თქმა უნდა, გადასახადი მეტია.
* * *
ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტი ამბობს, რომ ქართული საფეხბურთო სამყაროს გულგრილობას წააწყდა:
"ვინტერესდები საქართველოში მიმდინარე ამბებით, მაგრამ სულ პირობებზე მესმის ლაპარაკი. გერმანული გადასახედიდან ვხედავ, რომ ბევრი რამ არის შესაცვლელი. ყველა დეტალზე საუბარი რომ დავიწყოთ, დღეს ვერ მოვრჩებით, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან დიდი განსხვავებაა.
ცხადია, სურვილი მაქვს, რომ ჩემი კავშირები საქართველოს მოვახმარო. რამდენიმე თვის წინათ ფეხბურთის ფედერაციასთან და სპორტის სამინისტროსთან კავშირის დამყარება ვცადე - მსურდა, ქართველ მწვრთნელებს კიოლნის უნივერსიტეტში კვალიფიკაციის ამაღლებაში დავხმარებოდი, რადგან ეს მსოფლიოში ცნობილი სასწავლებელია.
აგრეთვე, ვფიქრობდი ნაკრები გუნდების მომზადების დაგეგმვაში, შეკრებაზე გამგზავრებასა და სპარინგების მოწყობაშიც ხელის შეწყობას.
გარდა ამისა, ევროპაში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტი მუშაობს, რომელთაც საქართველოში არ იცნობენ და მიმაჩნია, რომ მათ სამშობლოს დახმარება შეუძლიათ - წერილებში სწორედ ამაზე მივუთითებდი.
მაგრამ დაინტერესება არ ყოფილა. არ დავმალავ და ძალიან გაოცებული დავრჩი".
* * *
ჩვენი მხრივ, დავძენდით, რომ 2011 წელს დიასპორის საკითხების ძველმა სახელმწიფო მინისტრმა და ფეხბურთის ფედერაციამ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმადაც, უცხოეთში ქართველი მოთამაშეები და მწვრთნელები უნდა მოეძებნათ და ქვეყნის სამსახურში ჩაეყენებინათ. ანალოგიურ დოკუმენტს 2012 წლის ბოლოს უკვე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან მოეწერა ხელი.
ცხადია, სურვილი დასაფასებელია და მუშაობაც მიდის - ყველაფერს ხაზს ნუ გადავუსვამთ, მაგრამ იმედია, ერთობლივი ძალებით უფრო მეტ ისეთ ადამიანს მოვძებნით, რომლებიც თავად ცდილობენ სამშობლოს სამსახურს. ვინ იცის, მათ შორის რამდენი საინტერესო მოთამაშე და მწვრთნელია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"