ანდრეს კარასკო: საქართველოში თითოეულ ნიჭიერს გაფრთხილება სჭირდება

AutoSharing Option
ანდრეს კარასკო "დინამოში" 2011 წელს ალექს გარსიასთან ერთად გამოჩნდა და საფეხბურთო აკადემიის დირექტორად დანიშნეს.

მას ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა, ავარჯიშებდა "ბარსას" მომავალ თაობებს და "დინამოში" კატალონიურ მოდელს ნერგავდა.

მას უკავშირდება მასობრივი შერჩევები, რომელშიც 300-მდე ბავშვი მონაწილეობდა, შემოიკრიბა ახალგაზრდა, პერსპექტიული და წესიერი მწვრთნელები; ჩამოაყალიბა საქართველოში საუკეთესო ასაკობრივი გუნდები, რომლებიც სხვებისგან განსხვავებული სტილით თამაშობენ.

თუმცა, ალექს გარსიას გაშვების შემდეგ მალე სამშობლოში დაბრუნება თავად გადაწყვიტა და "მალაგას" საფეხბურთო სკოლის კოორდინატორი და 16-წლამდელების მთავარი მწვრთნელი გახდა.

მერე უკვე "საბურთალოს" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი და
გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე დაუკავშირდნენ და თანამშრომლობაზე დაითანხმეს, დეკემბერში კი კარასკომ გუნდი "სალერის თასის" გათამაშებაში ჩამოიყვანა.

ახლა ესპანელი სპეციალისტი ისევ თბილისშია და "საბურთალოს" მწვრთნელებს სემინარებს უტარებს.

რა გეგმები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით? ჩვენი ინტერვიუ ამას შეეხება.

- თქვენი ჩამოსვლა რამ განაპირობა?
- მსურს, "საბურთალოს" მუშაობას და კოლეგებს ახლოს გავეცნო, გადავცე ჩემი ცოდნა და გამოცდილება.

- ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დაბრუნდით?
- "საბურთალოს" ხელმძღვანელობასთან შევთანხმდი, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გაგვიფორმებია. შემომთავაზეს ხანგრძლივი თანამშრომლობა. ალბათ, ივლისში სამწლიან კონტრაქტს გავაფორმებთ და სავარაუდოდ, აკადემიის დირექტორად ვიმუშავებ.

- ესპანელ სპეციალისტებზე მთელს მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა. საქართველო ძლიერი არც ფინანსურადაა და არც ინფრასტრუქტურით - "საბურთალომ" ასე რითი მიგიზიდათ?
- ჯერ ერთი, საქართველოდან დაინტერესებამ გამახარა და მეორე - კარგი სამუშაო პირობები შემომთავაზეს. მე არ დავმალავ, "დინამოში" კარგი პირობების გამო წამოვედი, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია - პროფესიონალმა იცის, რა უნდა გააკეთოს და ამ სამსახურში რამდენს მიიღებს.

მაგრამ ესეც არ არის მთავარი, მოტივაცია მხოლოდ საინტერესო წინადადება არ იყო, საქართველოში ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელი გავიცანი. ამას გარდა, ქართველები ხასიათით ესპანელებს ჰგვანან და ესეც დამატებითი სტიმულია. ასეთი გარემო ნებისმიერი მწვრთნელს დააინტერესებს.

დარწმუნებული ვარ, "საბურთალოში" ნაყოფიერად მუშაობა შესაძლებელია. მე ყოველთვის ვცდილობ, ბავშვებს ავუხსნა, რომ მოგება მხოლოდ ღირსეული თამაშით ფასდება. კარგიც არის, როდესაც შენი გუნდი მაყურებელს ლამაზი ფეხბურთით ჭრის თვალს.

Sportall.Ge

- მოთამაშე რომ იზრდება, მერე უკეთეს ფეხბურთს აჩვენებს. საქართველო ამითაც უცნაური ქვეყანაა. მაგალითად, "ბენდელას თასის" ბავშვების ფინალს მეტი მაყურებელი ჰყავდა, ვიდრე დიდებისას, რადგან უფრო ლამაზად, სანახაობრივად და ალალად თამაშობენ. საქართველოში მუშაობდით და გაანალიზებდით, რატომ ვერ იზრდებიან ქართველი ახალგაზრდები?
- ძირითადი მაინც ეკონომიკაა. საქართველოში მოთამაშეებისთვის ფეხბურთი ერთ-ერთი შანსია, მდგომარეობა რომ გაიუმჯობესონ. მაგრამ ბევრი ოდნავ უკეთესი კონტრაქტითაც კმაყოფილდება, შემდგომ წინსვლაზე აღარ ზრუნავს და ჩერდება.

ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, ესპანეთშიც ბევრი უმოტივაციო მინახავს, მაგრამ ჩემი ქვეყანა 46-მილიონიანია და ასეთებს გადაიტანს, საქართველოში კი სულ 4 მილიონი მოსახლეა და თითოეულ ნიჭიერს გაფრთხილება ესაჭიროება.

- "სალერის თასზე" შევხვდით "ლოკომოტივს" და "საბურთალოს". ქართულმა გუნდებმა როგორი შთაბეჭდილება დატოვეს?
- ჩემი მოთამაშეებისთვის დიდი სიურპრიზი იყო, ასეთი წინააღმდეგობა რომ გაგვიწიეს და ფინალში მოგვიგეს. არ ელოდნენ, ქართველები ასეთ ფეხბურთს თუ აჩვენებდნენ. მართალია, კაცი გაგვიგდეს, მაგრამ "საბურთალოს" თამაშმა გამაოცა. ღირსეულად ითამაშეს და გუნდურადაც კარგად გამოიყურებოდნენ.

- როგორც ვიცი, "ბარსელონას" საფეხბურთო აკადემიაში გიმუშავიათ. ცნობილი მოთამაშეები გაგიწვრთნიათ?
- უშუალოდ ჩემთან ვარჯიშობდნენ ბოირ კრჩიჩი, ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა.

- მათ შორის, ვინ იყო ყველაზე რთული მოსათვინიერებელი?
- ორი აზრი არ არის - ალბა! ის თავიდანვე გუნდში ყველაზე დაბალი იყო, მაგრამ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. თავისებური ბავშვი გახლდათ, მაგრამ ამავე დროს, გულიანი და მებრძოლიც და მოედანზე მწვრთნელის თანაშემწის როლს ასრულებდა. პიკე კი მხიარული ბიჭი იყო, ბავშვებს სულ ართობდა და აცინებდა.

- საქართველოში მუდამ იყვნენ "ათიანები", მაგრამ ბოლო 20 წელია, ასეთები თითქმის აღარ იზრდებიან. ბევრი ამტკიცებს, რომ მიზეზი ბავშვობიდან ნასწავლი ერთი შეხებით თამაშია და რომ ინდივიდუალურ მოქმედებებს უკრძალავენ. ამ საკითხზე როგორია თქვენი დამოკიდებულება?
- სიმართლე გითხრათ, არ მომწონდა, როდესაც ბავშვებს ერთი შეხებით ათამაშებენ. ჩემი აზრით, ფეხბურთელმა ჯერ აზროვნება უნდა დახვეწოს და მოედანზე გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და გუნდურ თამაშთან შერწყმა ისწავლოს. ეს არის ყველაზე მთავარი. ერთი შეხებით თამაში დღეს მიღებულია, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამდე ბავშვი თავად უნდა მივიდეს. მერწმუნეთ, ასე ნიჭსაც გამოავლენს და გუნდსაც უკეთ შეეწყობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კაცი რო გაუშვეს და აფერისტი მინაშვილი მიიყვანეს, რა შეემატება ამით დინამოს აკადემიას, ნეტა?
საბურთალოს მაინც გამოადგება. კაია.
tengo
16:34 18-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული