საფეხბურთო აკადემიის დირექტორი გიორგი მინაშვილია, ფიზმომზადების მწვრთნელი - იტალიელი რიკარდო დევივო.
გიორგი მინაშვილი "ლელოს" სტუმარია და ჩვენს კითხვებს პასუხობს.
- საინტერესოა, რა ბიოგრაფიით მოხვედით თბილისის "დინამოს" აკადემიაში, ზურგს რა გამოცდილება და ცოდნა გიმაგრებთ?
- "ნორჩ დინამოელში" ვახტანგ კოპალეიშვილი მავარჯიშებდა. 1997-98 წლებში მექსიკის პრიმერადივიზიონის "ამერიკის" აკადემიის ასაკობრივ გუნდში სტაჟირებაზე ვიყავი. გუნდი ტიპურ სამხრეთამერიკულ სტილში თამაშობდა და ჩემი საფეხბურთო გემოვნების ჩამოყალიბებაზე ამან დიდი გავლენა მოახდინა.
სამწუხაროდ, სერიოზული ტრავმის გამო მექსიკაც დავტოვე და მალე კარიერაც დავასრულე.
- მწვრთნელობაც მექსიკაში დაიწყეთ?
- ჩემ სამწვრთნელო განათლება და კარიერა მთლიანად ინგლისს უკავშირდება. 2006-2012 წლებში იქ მივიღე ყველა ლიცენზია - პირველი ლეველიდან A ლიცენზიის ჩათვლით. პარალელურად სამწვრთნელო გამოცდილება მივიღე ყველა დონეზე, ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში, "კრისტალ პალასის" აკადემიასა და კლუბ "ლონდონ ტაიგერსში". ამ უკანასკნელში საფეხბურთო სკოლის მენეჯერიც გახლდით. მიმაჩნია, ჩემი ცოდნა და გამოცდილება თანამედროვე ფეხბურთის ღირებულებებთან არის შეჯერებული.
ალბათ, თბილისის "დინამოს" დაინტერესება ჩემით ევროპულმა სამწვრთნელო და სამენეჯერო განათლებამ განაპირობა.
- აკადემიაში რა კონცეფციით მუშაობთ?
- ის მთლიანად თანამედროვე ფეხბურთის ფუნდამენტალურ პრინციპებს ეფუძნება. კონცეფციას განსაზღვრავს ჩემს მიერ მომზადებული პროგრამა, რომელიც ფეხბურთელის მომზადების სასწავლო ეტაპებს და ფიზიკური განვითარების პერიოდებს ითვალისწინებს: სპეციფიკური და არასპეციფიკური სავარჯიშოები სისტემაშია მოყვანილი. პროგრამა მწვრთნელს ეხმარება, როდის, რა და როგორ ასწავლოს და როგორ მართოს საკუთარი თავი და გუნდი.
- აკადემიის ფიზმომზადების მწვრთნელი იტალიელი რიკარდო დევივოც ბრიტანეთში მუშაობდა - ის თქვენი რეკომენდაციით ჩამოიყვანეს?
- დიახ, დევივოსაც ფიზმომზადების მწვრთნელის განათლება დიდ ბრიტანეთში აქვს მიღებული და სამხრეთ აფრიკის ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში მუშაობის გამოცდილება აქვს. ამას ხასგასმით იმიტომ ვამბობ, რომ თანამედროვე ფეხბურთში მწვრთნელის კომპეტენცია უმნიშვნელოვანესია.
- "დინამოს" აკადემიას ჯერ ქართველი ხელმძღვანელობდა, შემდეგ ესპანელი და ახლა - ინგლისური განათლების მქონე ქართველი. ყველას თქვენი მუშაობის სტილი და მეთოდი გაგაჩნიათ - ეს ბავშვებს ხომ არ დააბნევს?
- თანამედროვე ფეხბურთში გადამწყვეტი არის არა ეროვნება, არამედ მენტალიტეტი, რომელიც ფეხბურთში სამწვრთნელო ფილოსოფიას განსაზღვრავს. ალბათ, აკადემიის ხელმძღვანელად ჩემი მოწვევის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო.
- ინგლისელებთან კავშირებს იყენებთ?
- ახლახან ლონდონში ვიმყოფებოდი და პრემიერ ლიგის გუნდების აკადემიებთან, მათ შორის, "მანჩესტერ სიტისთან" და "ტოტენჰემთან" კონტაქტები დავამყარე. თანამშრომლობა პარტნიორ კლუბებში განსაკუთრებულად ნიჭიერი ფეხბურთელების პერიოდულ სტაჟირებას, ტურნირების ორგანიზებას და მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებაში მათ დახმარებას ითვალისწინებს. ვფიქრობ, ფეხბურთელების და მწვრთნელების განვითარებას ეს ხელს შეუწყობს.
- რა გავლენა მოახდინა თქვენზე მამამ, ამირან მინაშვილმა?
- მის ცოდნას, გამოცდილებასა და რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებდი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"