ეს ამბავი იდუმალებით არის მოცული, როგორ მოხვდა გუნდში ქორთუა, რომელსაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია და ქართველი გულშემატკივარიც საკმაოდ კარგად იცნობს.
ირაკლი გულშემატკივარმა "გაგრადან" გაიცნო, სადაც მისი კარიერა დამაიმედებლად დაიწყო, მაგრამ სასურველი კალაპოტით ვერ წარიმართა. 2004 წელს 17 წლის მცველი კიევის "დინამო 2"-ში აიყვან
ეს იყო "გაგრას" პირველი უკრაინული ტრანსფერი, რომლის შემდეგაც კლუბმა ამ სლავური ქვეყნის კლუბებთან პარტნიორობა დაიწყო.
თავიდან ნიჭიერი ბიჭი კიეველებს ძალიან მოსწონდათ, მაგრამ მთავარ გუნდში ვერ დაწინაურდა; მერე სათადარიგოებში ყოფნა აღარ აკმაყოფილებდა და 2005-06 წლების სეზონის მეორე ნახევარში სიმფეროპოლის "ტავრიაში" იჯარით გაუშვეს.
2006 წლის ზაფხულიდან კი რუსეთის პრემიერლიგის "როსტოვში" გასინჯეს, მაგრამ საბოლოოდ ლატვიურ "დიჟვანგში" გადავიდა, რომელიც 2007 წლიდან "ბლაზმად" გადანათლეს. 2009 წლის ზამთარში ქორთუამ კონტრაქტი დაუგავპილსის "დინაბურგთან" გააფორმა. იმავე წელს "გაგრაში" დაბრუნდა, მაგრამ მალე წავიდა და სარბიელზე მხოლოდ 2011 წელს გამოჩნდა - ორი წლის წინ, თებერვალში ირაკლი სოხუმის "დინამოში" ჩაირიცხა.
ჩვენთვის უცნობია, როგორ და რანაირად აღმოჩნდა სოხუმის "დინამოში" საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მცველი. აფხაზეთიდან დევნილი ფეხბურთელის ოჯახი დიღომში, "ლოკომოტივის" ყოფილ ბაზაზე ცხოვრობდა, მაგრამ რაც ეს ბაზა მორაგბეებს გადაეცათ და ხალხი გამოასახლეს, მას შემდეგ ირაკლის ალი-კვალიც დავკარგეთ.
სოხუმის "დინამოს" ვებგვერდზე მითითებულია, რომ ირაკლი ქორთუა აფხაზეთის პასპორტის მფლობელია. არადა, ვიკიპედიაში, მოქალაქეობის გრაფაში, საქართველო უწერია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს ჩემპიონატიდან ფეხბურთელი სათამაშოდ სეპარატისტების ლიგაში წავიდა.
ბუნებრივია, კითხვები ჩნდება - როგორ, რანაირად? ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ტრანსფერით აფხაზებმა ქართულ ფეხბურთს სერიოზული დარტყმა მიაყენეს.
როგორც ჩანს, ამჟამად ირაკლი საუკეთესო ფორმაში არ არის, რადგან 2012 წელს აფხაზეთის საუკეთესო ფეხბურთელების ნომინაციაში მე-9-10 ადგილზე გავიდა - უკრაინის ჩემპიონატში ნათამაშებ 25 წლის ფეხბურთელს გაცილებით მეტი მოეთხოვება.
საინტერესოა, რომ ათეულში მოხვდნენ გენადი კაცია ("დინამო"), ასლან გაგუა ("ნართი"), დავით ლოგუა (სკა), თემურ სანგულია ("დინამო"). რა თქმა უნდა, ყველა მათგანს პასპორტში აფხაზი უწერია.
გარდა ამისა, "რიწას" მთავარი მწვრთნელია ჯუმა კვარაცხელია, გალის "სამურზაყანოს" - ჯუმბერ ანჯაფარიძე, გალის სპორტკომიტეტის თავმჯდომარეა ზურაბ კიკნაველიძე...
აქვე ვიტყვით, რომ აფხაზეთში ცნობილი პოეტია ალექსეი გოგუა, სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტის დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტს სონერ გოგუა თავკაცობს, თანამდებობის პირები - ვინმე ხოჯავა, სალუქვაძე, პარლამენტის დეპუტატები არიან ბეჟან უბირია, ასლან კობახია, ახრა კვეკვესკირი...
რას ვიზამთ, ესეც ჩვენი ისტორიის უკუღმართობის გამოძახილია. წლების განმავლობაში ცნობილი მწვრთნელები, აწ გარდაცვლილები გრიშა და რევაზ გაგუები და თენგიზ კაცია ქართულ ფეხბურთს უზრდიდნენ მომავალ თაობებს. მათთვის რომ ვინმეს ეთქვა, ქართველები არ ხართო, გულიანად გადაიხარხარებდნენ.
ისიც ბედის ირონიაა, რომ 2012 წელს აფხაზეთის ჩემპიონი "გაგრა" გახდა - ძალიან სურთ, ბესიკ ჩიხრაძის დაარსებული ანალოგიური სახელის კლუბს საკუთარი საპირწონე შეუქმნან.
ცხადია, აფხაზეთის ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელები ადრეც თამაშობდნენ, რადგან რუსებისგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენები კიდევ ცხოვრობენ. საფეხბურთო კლუბი გალის "სამურზაყანო", უმთავრესად, ქართველებით არის დაკომპლექტებული. 2011 წელს გუნდი ჩემპიონატის აუტსაიდერი იყო, გასულ სეზონში შედეგები გააუმჯობესა: 7-გუნდიან ჩემპიონატში 18 ტური გაიმართა, 6 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 9 წააგო; ბურთების სხვაობა - 19:26-ზე.
საბოლოოდ, "სამურზაყანომ" 21 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა. ქორთუას სოხუმის "დინამომ" მას 9 ქულით გაასწრო და მე-4 ადგილი დაიკავა. გუნდს ფინანსურად უჭირდა და დაშლის პირას იყო, მაგრამ ახლა სპონსორი მოძებნეს და ვებგვერდზე ცნობა გაავრცელეს, გადავრჩით, ჩემპიონატში ისევ ვითამაშებთო.
მოლდოველების მსგავსად, საქართველოს ჩემპიონატში სეპარატისტული რეგიონების გუნდები არ მონაწილეობენ. სამწუხაროა, რომ ჩვენთან ეს ჯერ ვერ ხერხდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"