ამ საფეხბურთო აკადემიაში ბევრი კარგი მოთამაშე გაუზრდიათ.
მაგრამ სულაქველიძის აკადემია დღეს ჩრდილში მოექცა - ინვესტორის გამოჩენის იმედი არ გამართლდა, რიგის "სკონტოსთან" თანამშრომლობაც დასრულდა და ბოლო წლებში არაერთ პრობლემასაც წააწყდნენ.
ამის შესახებ აკადემიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, უმცროსი თენგიზ სულაქველიძე გველაპარაკება:
- ჩვენს სკოლაში ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ბევრი ფეხბურთელი
საქართველოში უპრეცედენტო შემთხვევის მომსწრე გავხდით, როდესაც კვირკველია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ აღმოჩნდა ყაზანის "რუბინში" და ჩემპიონთა ლიგაზე ისე ითამაშა, რომ ბურთი საქართველოს მეორე ლიგაშიც არ გაუგორებია.
სკოლაში ყოველთვის გვყავდა ნიჭიერი ბავშვები. მიმდინარე ჩემპიონატში უმეტესი გუნდების დუბლებსა და ჭაბუკთა ლიგაში ჩვენი წარმომადგენლები თამაშობენ. მაგალითად, "ვიტ ჯორჯიაში" ასეთი 7 ფეხბურთელია.
ლიცენზირების ეტაპი სულ 7-მა თუ 8 სკოლამ გავიარეთ და ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი გვქონდა. მოსაგვარებელია ხელოვნური მოედნის საკითხი, რომელიც მხოლოდ უამინდობისას გვესაჭიროება. საამისოდ საკმაოდ დიდი თანხა გვჭირდება. თუმცა ამ საკითხის მოგვარებას მალე ვიმედოვნებთ. დანარჩენი ნიუანსები უფრო ადვილად მოგვარდება, ვიდრე სტადიონის პრობლემა. ჩვენ ძველებურად აქტიურები ვართ და მომავალს იმედიანად ვუყურებთ.
- აკადემიასთან თანამშრომლობით რომელიმე ბიზნესჯგუფი თუ დაინტერესდა?
- დაინტერესება რამდენიმე ჯგუფიდან იყო და არის კიდეც. თუ ჩვენი ჩანაფიქრი განხორციელდება, დარწმუნებული ვარ, საქართველოში საუკეთესო აკადემია გვექნება.
ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც სკოლებს დაახარისხებს. დახმარება ლიცენზირებულ სკოლებსაც სჭირდებათ, საუკეთესოდ რომ ვაქციოთ. აუცილებელია მწვრთნელების გადამზადება და იმ პირობების შექმნა, რომლითაც შესაძლებელი გახდება საფეხბურთო სკოლებში გადასახადის დაწევა ან საერთოდ გაუქმება, მშობელს ბავშვის ფეხბურთზე მოყვანა რომ გაუადვილდეს.
- საქართველოში აღზრდის ერთიანი სისტემა და მეთოდოლოგია არ მოქმედებს. საამისოდ რა არის საჭირო?
- ერთიანი სისტემა აუცილებელია, თორემ შედეგზე ოცნებაც არარეალური იქნება. მაგრამ ეს დელიკატური საკითხია. მახსოვს, ნაკრების ერთ-ერთმა ნიჭიერმა მწვრთნელმა გააკეთა განცხადება, რომ ესპანური მოდელი აირჩია და თითოეულ პოზიციაზე 5 ფეხბურთელს მიიწვევდა. საბოლოოოდ ამან არ გაამართლა, რადგან 5 თანაბარი დონის მოთამაშე ფიზიკურად ვერ მოიძებნა.
ვფიქრობ, ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ საქართველოსთვის უცხო მოდელების შერჩევით ვართ დაკავებულები და მთავარს ვივიწყებთ - ჩვენ სხვა ქვეყანა ვართ, რომელმაც საკუთარი გზა უნდა აირჩიოს, სხვისი მიბაძვა კი არაფერს გვარგებს. ქართველი უნდა გაიზარდოს ქართულად და არა დაპროგრამებული სისტემით.
აქამდე როგორ იზრდებოდნენ ვარსკვლავები, ესპანურ მოდელს ვიყენებდით, ჰოლანდიურს, ინგლისურს თუ ფრანგულს? ამას რატომ არავინ კითხულობს? დავუბრუნდეთ საკუთარ თავსა და საწყისებს, მოვძებნოთ ის ადამიანები, რომლებიც თაობებს ზრდიდნენ და დღეს ჩრდილში არიან. დარწმუნებული ვარ, არავისზე ნაკლები მოდელი არ გვექნება და გაიზრდებიან ის თაობები, რომელთა გამოჩენაზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს.
- უფრო და უფრო იშვიათად იზრდებიან შემოქმედებითი მოთამაშეები, თავდამსხმელებს ერთი მცველის მოტყუებაც უჭირთ, ფეხბურთელთა უმრავლესობა უინიციატივოა და საერთოდაც, ჩვენი ფეხბურთი უფერული გახდა. სად გაქრნენ ინდივიდუალისტები, რომლებითაც საქართველო ცნობილი იყო?
- ეს მართლაც დიდი პრობლემაა. საქართველო ყოველთვის ამაყობდა ტექნიკური ფეხბურთით და ფეხბურთელებით და იმედია, ეს დრო ისევ დაბრუნდება. მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, სწორედ იქ მივდივართ, რომ ქართველი ყოველთვის თავისებური იყო და სხვისი მოდელებით ვერ ვისარგებლებთ. და თუ მაინც ამ გზას ავირჩევთ, სასიკეთო შედეგს არ უნდა ველოდოთ.
ალბათ, ასეთების დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ბავშვებს ინდივიდუალურ ქმედებას უკრძალავენ. ჩვენთან ნიჭიერებს არ ვანებივრებთ, მაგრამ ფინტს და მეტოქის მოტყუებას არასდროს ვუშლით.
მეორე ფაქტორიც არის: ახლაც ძალიან კარგი ბავშვები მოდიან, მაგრამ სათანადო პირობებს ვერ ვუქმნით. ამიტომ გვჭირდება სახელმწიფოს თანადგომა და პროგრამა, ბიზნესი ქართულ ფეხბურთში რომ შემოვიდეს.
იმედია, რომ ასეთ შემთხვევაში ყველაფერი გამოსწორდება. დამიჯერეთ, ეს საკითხები ერთმანეთთან კავშირშია, რადგან ბავშვებს პირობებს თუ ვერ შევუქმნით, ვერ გაიზრდებიან.
- "ზესტაფონის" ყოფილი მენეჯერი, ამჟამად ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე ამბობს, რომ მოედნის მორწყვის გადასახადი რადიკალურად არის შესამცირებელი. გამოცანად რჩება, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბუნებრივი საფარის მქონე საფეხბურთო სკოლებისა და სტადიონების დირექციები რატომ არ ერთიანდებით, როდესაც წყლის გადასახადი მნიშვნელოვნად შეგიმცირდებათ?
- რატომაც არა, გაერთიანებაზე დაფიქრება ღირს, პრობლემები ერთობლივი ძალებით რომ მოვაგვაროთ. 7-8 წელიწადი ჩვენს სტადიონზე საქართველოს ეროვნული და თითქმის ყველა ასაკობრივი და ჩამოსული ნაკრებები ვარჯიშობდნენ, რადგან ერთ-ერთი საუკეთესო მოედანი გვქონდა და დანარჩენებიც კარგ მდგომარეობაში იყო, მაგრამ მერე და მერე მორწყვა ძვირად ღირებული სიამოვნება გახდა და მოედნების მოვლაც ძალიან გაგვიჭირდა.
და თუ ეს პრობლემა დროულად მოგვარდება და ებრალიძის ჩანაფიქრი განხორციელდება, სკოლები და სტადიონები სულს მოვითქვამთ. სიმართლე გითხრათ, თითოეული ჩვენგანი ამაზე ოცნებობს და ვიცით, რომ ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს.
სახელმწიფო პროგრამა გვჭირდება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"