11 აპრილს "ლელოს" მე-14 000 ნომერი გამოვიდა

AutoSharing Option
11 აპრილს სპორტული გაზეთი "ლელოს" მე-14 000 ნომერი გამოვიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გაზეთი რედაქციაში საზეიმო ღონისძიებასაც გამართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ლელოს" მთავარმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ განუცხადა, ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესმება იმას, თუ რა გაუკეთებია გაზეთს შექმნის დღიდან.

"ლელოს" მთავარი პრინციპი არის ქართული სპორტის სამსახური. "ლელო" არ არის მარტო ინფორმატორი, სტატისტიკოსი ან პროპაგანდისტი, "ლელო" ორგანიზატორიცაა. ჩვენი გაზეთი საქართველოში სპორტულ მოძრაობას აძლევს სტიმულს, ეხმარება მეთოდოლოგიის დაგეგმვაში", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, "ლელომ" ჩამოაყალიბა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ასევე, სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციაც. "ჩვენ გვაქვს
ჩვენი სტრატეგია, ჩვენთან წერენ არა მარტო ჟურნალისტები, არამედ ექსპერტებიც, რომელთა ნაწერებზე სპეციალისტებიც კი იღებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას. რაც მთავარია, "ლელო" არის ქართული სპორტის მემატიანე. ჩვენი მუშაობის პრინციპი არის სამართლიანობა და ჩვენ არ ვართ ორიენტირებულნი და უარი ვთქვით ხელოვნურად ინტრიგების შექმნაზე, რადგან სპორტი ჯანსაღი სფეროა", - აღნიშნა გაზეთის მთავარმა რედაქტორმა.

გაზეთი "ლელო" 1934 წლის შემდეგ გამოიცემა. თენგიზ გაჩეჩილაძე "ლელოს" მეექვსე რედაქტორია და ის გაზეთს 29 წელია, ხელმძღვანელობს. "ლელოს" პირველი რედაქტორი მიხეილ კაკაბაძე იყო, ვის შემდეგაც გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ერემო მახარაძე, ირაკლი უგულავა, ანზორ ბასილაია და არჩილ გოგელია.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული