- და რა სარგებელს მოგვცემს ოდნავ მოშვებული, გათეთრებული წვერი?
- როგორ თუ რა სარგებელს? ჰემინგუეის ფოტო არ გინახავთ? თუ ფეხბურთის გარდა არაფერი გაინტერესებთ? "ჰერმესის" ქამრის გაკეთების გარდა არაფერი იცით ამ სამყაროს წარმომადგენლებმა, ყველანი მაინც ერთმანეთს ჰგავხართ და ბარემ წვერსაც ერთნაირად მოუშვებთ.
- ნუ ახლა, მთლად მასეც არ არის საქმე, ყველამ იცის, რომ ჰემინგუეი მწერალი იყო და თანაც ამერიკელი.
- ესეც საქმეა. ის თუ
- ეგ როგორ?
- როგორ და, ჰემინგუეი მოთხრობებს უფრო მაგრად წერდა, ვიდრე რომანებს.
- იცი რას გეტყვი, ჩვენ აქ ფეხბურთზე ვლაპარაკობთ და ეგ შენი აზრები ლიტერატორებთან აფრქვიე, მისამართი შეგეშალა იუზგარ!
- მხოლოდ ჰემინგუეის შეეძლო დაეწერა უბედური ფრენსის მაკომბერის ამბავი, რომელსაც საშინლად ცუდი ცოლი ჰყავდა, მხოლოდ ჰემინგუეიმ შეიცნო საცოდავი ბერიკაცი და კარგი ბიჭი, რომელთაც ბეისბოლი ძალიან უყვარდათ...
- თავი დაგვანებე, ჩვენი გაჭირვებაც გვეყოფა.
- საერთო უნიფორმასავით ყველას "ჰერმესის" ქამარი გიკეთიათ, ფეხბურთელებსაც, მწვრთნელებსაც, პრეზიდენტებსაც... ძაან სასაცილო სამყარო ხართ, დარწმუნებული ვარ, ფეხბურთზე მწერალი ჟურნალისტებიც სიამაყით მოირგებდით "ჰერმესის" ქამარს, მაგრამ ამის ფული სად გაქვთ? არადა, ყველა ერთმანეთს ჰგავხართ რა...
- და რატომ ვგავართ ყველა ერთმანეთს?
- იმიტომ.
- საერთოდ, თუ დადიხარ ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე?
- არ დავდივარ, მაგრამ ტელევიზორში გიყურებთ ხოლმე ყველას ერთად, ხანდახან საიტების და გაზეთების ფოტოებსაც ვათვალიერებ, ყველგან "ჰერმესის" ქამარი ჩანს, ყველგან "ჰერმესის" ქამარია დომინანტი, ისე, ზოგს სიგარაც ჰყვარებია თქვენს მილეთში, ვიპ ლოჟას მართლაც უხდება სიგარიანი ხალხი.
- და ამის გარდა ვერაფერს ამჩნევ? საქმეს ვერ ხედავ?
- როგორ არა, მაგალითად, ლეგიონერები სათადარიგოთა სკამზეც კი გყავთ ზედა თუ ქვედა ექვსეულში. გაზეთებში ერთმანეთს კარგად ლანძღავთ. კიდევ, აზერბაიჯანი და ყაზახეთი გხიბლავთ და თუ ჰემინგუეის წვერს არ მოუშვებთ, ყველანი მალე ბორატ სეგდიევს დაემსგავსებით.
- დიდი ცინიკოსი ვინმე ხარ.
- თვით ჰემინგუეი ამბობდა, ოსკარ უაილდი უფრო კარგად ლაპარაკობდა, ვიდრე წერდაო. უაილდი კი დიდი ესთეტი და ცინიკოსი იყო. რაც შეეხება ბორატს, იმედია, ეგ მაინც იცით, თუ ვინ არის.
- კარგი, ჯანდაბას შენი თავი, ოღონდაც ახლა ის გვითხარი, ჰემინგუეი და თეთრი წვერი ჩვენთან, ფეხბურთში მოსაქმე ხალხთან რა შუაშია.
- აისბერგი იცით რა არის?
- ეგ ვინ არ იცის, ბოლოს და ბოლოს, "ტიტანიკი" ყველას გვაქვს ნანახი.
- აისბერგის შვიდი მერვედი წყალშია დაფარული, ერთი მერვედი კი გარეთ ჩანს. ჰემინგუეიც მაგას ამბობდა, როცა რაღაცას წერ, რაღაცას ქმნი, არ არის ყველაფერ იმის დაწერა და თქმა საჭირო, რაც იცი, მწერალი თუ ხარ, აისბერგივით უნდა იყო, ოღონდაც ყველაფერი უნდა იცოდე, დანარჩენი შვიდი მერვედიცო.
- მერე?
- მერე ის, რომ თქვენც ყველაფერი იცით, რაც ხდება, მათ შორის ჟურნალისტებმაც, მაგრამ შვიდ მერვედს მალავთ. სამყაროც ეგეთია, მსაჯზე გადიან, ათას რაღაცებს ხლართავენ. ფედერაციის პრეზიდენტობა უნდათ და აღარ იციან, რა პიარ საშუალებები გამოიყენონ ამისთვის, ამბობენ, ისევ ქართულ ფეხბურთში გვინდა ყოფნაო, მაგრამ ზუსტად არ ამბობენ, ფედერაციის პრეზიდენტობა გვსურსო, ამ სურვილის შვიდ მერვედს მალავენ. ყველა მალავს შვიდ მერვედს თქვენს სამყაროში, ამიტომაც ვერ გერევათ ვერაფერი, ამიტომაც ხართ ასეთი ძლიერები.
- "ჰერმესის" ქამარი რა ღირს?..
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"