სფფ არბიტრაჟზე, ორ კამერასა და მსაჯების ფულზე

AutoSharing Option
გუშინ "ლოკომოტივის" სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თავკაცები და ფედერაციის განყოფილებების ხელმძღვანელები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს და პირველ ლიგის გუნდების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. სამსაათიანი საკმაოდ საინტერესო, საქმიანი და მნიშვნელოვანი შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენცია გაიმართა.

არბიტრაჟი დაფუძნდა
უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების ხელმძღვანელები ფედერაციის სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს დაფუძნებას დათანხმდნენ - არბიტრაჟი ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქციაში შემავალ ყველა სადავო საკითხს განიხილავს - მაგალითად, სფფ-ს და მის წევრ ასოციაციას, ფედერაციებს, კლუბებს, მოთამაშეებს, ოფიციალურ პირებს, ან რომელიმე ორ მათგანს შორის წარმოქმნილ უთანხმოებას.

საფეხბურთო დავების განმხილველი არბიტრაჟის დებულება "საქართველოს
რესპუბლიკაში" გამოქვეყნდება და დაინტერესებულ ადამიანებს თუ კლუბებს, შენიშვნების გასაკეთებლად, ორი კვირა მიეცემათ.

არბიტრაჟი, სადაც სამი იურისტი დასაქმდება, დავებიდან მიღებული თანხის ოთხი პროცენტით იარსებებს - სარჩელის შეტანა კი ფასიანი იქნება. ფედერაციის იურისტმა კესო ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ არბიტრაჟის წევრებზე ზეწოლის გამოსარიცხად, არბიტრაჟი ფეხბურთის ფედერაციამ ან კლუბებმა არ უნდა დააფუძნონ.

თუკი მოდავე მხარეს არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილებს, შეუძლია შვეიცარიაში, ლოზანის საერთაშორისო სპორტულ არბიტრაჟს მიმართოს.

რატომ გახდა ასეთი პრობლემატური არბიტრაჟი? ბოლო წლებში უეფა და ფიფა განსაკუთრებულ ყურადღებნას უთმობს ლიცენზირებას, საფეხბურთო მეურნეობაში წესრიგისა და სამართლიანობის დამყარებას. სამართლიანობა კი ვერ იქნება, თუკი არ იქნება არბიტრაჟი, რომელიც სპორტულ დავებს იურიდიულ შეფასებებს არსებული წესებიდან გამომდინარე განიხილავს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ფიფა და უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დაჟინებულად ურჩევდა მის დაფუძნებას, მაგრამ თავი ვერა და ვერ მოება - წმინდა საფეხბურთო დავების გარჩევა ხომ სამოქალაქო სასამართლოს არ შეუძლია.

თუმცა, აქ კითხვა იბადება - სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო უკვე არსებობდა და ახლის შექმნა რამ განაპირობა? ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ჩვეული პირდაპირობით დააკონკრეტა - მორაგბე-მოჭიდავეებითა დაკომპლექტებულ სპორტული არბიტრაჟს საფეხბურთო პრობლემების მოგვარება არ შეუძლია და ჩვენი არბიტრაჟის დაფუძნება აჯობებსო.

"რომელიმე თქვენთაგანს ფედერაციასთან, ან პროფლიგასთან პრეტენზია რომ გაუჩნდეს, პროცესს გაგიწელავთ და ვერ მოგვიგებთ. არბიტრაჟის დაფუძნება ვითარებას რადიკალურად შეცვლის და გვინდა თუ არა, გადაწყვეტილის აღსრულება ყველას მოგვიწევს. თუ მემორანდუმს დღეს არ მოვაწერთ ხელს, საფეხბურთო დავებს კვლავ მოჭიდავეები და მორაგბეები განიხილავენ", - ასე, საკმაოდ მკვახედ, მაგრამ გასაგებად აუხსნა კლუბებს სიჭინავამ არბიტრაჟის ჩამოყალიბების აუცილებლობა.

უკლებლივ ყველა კლუბის ხელმძღვანელმა მემორანდუმზე ხელის მოწერით სპორტული არბიტრაჟის დაფუძნება დააფიქსირა.

ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილი "ლელოსთან" საუბარში აცხადებს, რომ "ფედერაციის არბიტრაჟის დაფუძნება ერთპიროვნული გადაწყვეტილებით  კეთილი ნება იყო - მოისმინეს კლუბების აზრი და გადაწყვეტილება ერთობრლივად მიიღეს".


სატრანსფერო დავები: ათამაშეთ კაჭკაჭიშვილი!
ტრანსფერებთან დაკავშირებული დავებიდან აშკარა გახდა - ფედერაციისა დაკლუბების მიერ დაფუძნებული სპორტული არბიტრაჟი ჰაერივით საჭიროა. სხდომის წინა დღეს გავრცელებულ პრეს-რელიზიდან შევიტყვეთ, რომ ყველა დავა "ზესტაფონს" უკავშირდებოდა: იმერლებს გიორგი კაჭკაჭიშვილის ტრანსფერისთვის თბილისის "დინამოსთვის" 3.000 დოლარი უნდა გადაეხადათ, მათ კი ქუთაისის "ტორპედოსგან" ნიკა კვასხვაძის ტრანსფერში 30.000 დოლარი უნდა მიეღო.თ

ფედერაციის გენერალური სამდვნოს უფროსმა რევაზ შენგელიამ დააკონკრეტა, რომ "ზესტაფონს" კაჭკაჭიშვილის ტრანსფერისთვის "დინამოსთვის" ჯერ კიდევ აპრილში გადასახდელი 3000 დოლარი დღემდე ვალად აწევს. ფედერაციის ახალი სადისციპლინო კანონის თანახმად, თუკი კლუბი საკომპენსაციო თანხას ერთ თვეში არ გადაიხდის, შესაძლოა, ქულებიც დააკლდეს.

"დინამოს" მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ იკითხრა, როდის მიიღებდა კუთვნილ თანხას. სიჭინავამ პასუხს ორშაბათს ოფიციალური წერილით შეპირდა - და თუ თანხას არ ჩაგირიცხავენ, მაშინ მას ფედერაცია გადაიხდისო.

საქმეში საინტერესო დეტალი იყო "ზესტაფონის" იურისტის განცხადება, რომ იმერლებმა კაჭკაჭიშვილი აღმზრდელ საფეხბურთო სკოლა "შევარდენს" თანხა უკვე გადაურიცხეს, კომპენსაციის ორჯერ გადახდა კი ვის გაუგიაო.

შენგელიამ ფიფას სამართალი მოიხმო და "ზესტაფონის" წარმომადგენელს დებულების პუნქტით აუხსნა, რომ "დინამოსთვის" თანხა მართლა ეკუთვნის.

სხდომაზე იმდენჯერ ახსენეს გულშემატკივრისთვის უცნობი ფეხბურთელი გიორგი კაჭკაჭიშვილი, შეუძლებელია არ დაგებადოს სურვილი - ათამაშეთ ეს ბიჭი?!

რაც შეეხება კაჭკაჭიშვილის საკითხს, ბათუმის "დინამომ" 1500 დოლარი "ზესტაფონს" უნდა დაურიცხოს. პრობლემა ბანალურია - საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი აჭარული კლუბი თანხის ჩარიცხვას ელის.

ერთი გარიგების ისტორიაც გამჟღავნდა: 2005 წელს წყალტუბოს "სამგურალმა" უმაღლეს ლიგაში ადგილი "ზესტაფონს" დაუთმო. როგორც გაირკვა, საფასურად ზესტაფონელებს წყალტუბოში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოთ და "სამგურალს" დახმარებოდნენ, მაგრამ შეთანხმების პირობები არ შეასრულეს.

ნიკა კვასხვაძის ტრანსფერს კი კურიოზული უფრო ეთქმის - კლუბებმა ერთმანეთში საკითხი უპრობლემოდ მოაგვარეს, მაგრამ "ზესტაფონის" ნაცვლად, ქუთაისის "ტორპედომ" 30 000 დოლარი საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" გადაურიცხა?! თავისთავად, ფონდის თანადგომა სამაგალითო საქმეა, მაგრამ დამეთანხმებით, ამ შემთხვევაში, ღიმილისმომგვრელია - ქუთაისური კლუბის მეპატრონე "ვისოლი" ფულს გადაიხდის და გაუგებრობა ამოიწურება.

როგორც ჩანს, ქართულ კლუბებს უჭირთ აღიარება, რომ ფეხბურთელის აღმზრდელ სკოლას კომპენსაცია უნდა გადაუხადონ. შენგელიამ ახალი სატრანსფერო დებულება ახსენა, სადაც გათვალისწინებული იქნება საფეხბურთო სკოლების "სოლიდარობის თანხა", ანუ 23 წლამდელი მოთამაშის ტრანსფერის ხუთი პროცენტი უნდა მიიღოს იმ სკოლამ და კლუბმა, ვინც ფეხბურთელს სხვადასხვა ეტაპზე ზრდიდა.

"ასე მოხდა ზურაბ ხიზანიშვილის "გლაზგო რეინჯერსიდან" "ბლექბერნში" გადასვლისას: შოტლანდიელებმა ინგლისელებისგან 500 000 გირვანქა მიიღეს და თბილისის "დინამოს", "ლოკომოტივსა" და "თბილისს" 3-3 ათასი ევრო ჩაურიცხეს. "სკონტო" ჰაიფას "მაკაბიში" ლადო დვალიშვილის ტრანსფერით, 300 ათასი ევროთი გამდიდრდა და თბილისის "მერანს" 6000 ევრო ჩაურიცხა, რუსთავის "ოლიმპსა" და თბილისის "დინამოს" კი კომპენსაცია არ მოუთხოვიათ", - განაცხდა შენგელიამ.

იმ დროს, როდესაც ქართულ კლუბებს და განსაკუთრებით, საფეხბურთო სკოლებს ძალიან უჭირთ, ამ პუნქტით ერთი სოლიდური მოთამაშის წლიურ ხელფასს და მინი მოედნის მოსაწყობ თანხას მაინც მიიღებენ და მცირე პრობლემებს მაინც მოაგვარებენ.


ორი კამერა და XXI საუკუნე
სიჭინავამ მატჩის გადაღება მასპინძელ და სტუმარ გუნდებს ორი განსხვავებული რაკურსითა და სტატიკური კამერით დაავალა - კლუბებმა ვიდეოჩანაწერი ორ სამუშაო დღეში სამსაჯო განყოფილებაში უნდა წარადგინონ.

ლაშა დვალიშვილი: "21-ე საუკუნეა და ფედერაცია კლუბებს მოძრავი სატელევიზიო სადგურის შეძენას კი არ თხოვს, ლაპარაკია ერთ ვიდეოკამერაზე. მისი ღირებულებაზეც 2500 დოლარიდან იწყება და მისი შეძენა განვადებითაცაა შესაძლებელი. არა მგონია, ეს ასტრონომიული თანხა იყოს და უმაღლესი ლიგის კლუბს პრობლემა შეუქმნას. გადაწყვეტილების მიზეზი ბოლოს დროს ტრადიციად ქცეული პრეტენზიებია, ლამის ყველა მატჩში მსაჯობა და ესა თუ ის გადაწყვეტილება სადავო ხდება. ნორმალური კამერით გადაღებული კადრიდან კი ყველა კითხვას პასუხი გაეცემა".


მსაჯებს ფული, საწევროს სეკვესტრი. რა ელის პროფლიგას?
სიჭინავას მსაჯების ანაზღაურებაში რევოლუციური ნაბიჯის გადადგმა სურს. ამ მიზნით, ახალი წლის იანვრიდან მთავრობას მსაჯების დაფინანსების პროექტის დაფინანსებას შესთავაზებს, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი ლიგაში მთავარი არბიტრი 1100 ლარს მიიღებს, ლაინსმენი კი 650-ს. დღევანდელი (შესაბამისად) 290 და 190 ლარის ფონზე, ეს დიდი ნახტომი იქნება.

ფედერაციის პრეზიდენტმა უმაღლესი ლიგის კლუბების საწევრო გადასახადების შემცირებაც გადაწყვიტა - მომავალ სეზონში თანხა 40 ათასი ლარიდან, 20 ათასამდე შემცირდება, მომავალში კი საერთოდ უნდა გაუქმდესო. ამასთანავე, "ოლიმპს", "დინამოს", "სიონს", "ვიტ ჯორჯიას", "სამტრედიას", "კოლხეთს", "სპარტაკს" და "ბაიას" მიმდინარე სეზონის საწევროს გადახდა სთხოვა. სხვაგვარად, ამ კლუბებს უეფადან ჭაბუკთა ლიგაში მოასპარეზე გუნდებისთვის გამოყოფილი თანხის გაყინვას შეპირდა.

და ამ მშვენიერი ჩანაფიქრის შემდეგ ერთი "კითხვა მაინც იბადება - საწევროს შემცირების, ან გაუქმების შემთხვევაში, მსაჯებს მთავრობა დააფინანსებს? ან რა ბედი ელის პროფესიული ფეხბურთის ლიგას, რომელიც ამ გადასახადებით (პლუს სპონსორებით, რომლებიც უკვე აღარ დარჩა) არსებობს? ვფიქრობთ, ეს საინტერესო და ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხებია.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული