ბაჩი ბოლქვაძე – დინამოს გამო ფეხბურთს ორჯერ შევეშვი

AutoSharing Option
საქართველოში გამოკვეთილი ”ათი ნომრები" ყოველთვის იზრდებოდნენ და ისეთი არჩევანი იყო, ბევრი ნიჭიერი გამთამაშებელი სანაკრებო სარბიელზე ვერც გამოჩნდა – გიორგი დარასელია, თამაზ კიკლიაშვილი, ალეკო კანტიძე, გიორგი ანჩაბაძე. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ფეხბურთი სწორედ ”ათიანების" გარშემო ტრიალებდა, მის გარეშე არც ერთი გუნდი არ ყალიბდებოდა და ხარსხსაც გამთამაშებლის მიხედვით აფასებდნენ.

თუმცა ერთ, არც ისე მშვენიერ დღეს, ქართული ფეხბურთი ”სწორი ფეხბურთის" გზას დაადგა და ევროპულისა და საკუთარის სინთეზის ნაცვლად, მივიღეთ კალკირებული ვითომ ევროპული ფეხბურთი და ამ უგუნურობამ ”საჩუქრად" ძალიან უფერული და უნიჭო შემსრულებლების ფეხბურთი
დავგვიტოვა.

ცხინვალის ”სპარტაკის" გამთამაშებელი ბაჩი ბოლქვაძე იშვიათობად ქცეული ათიანია – ნიჭიერი და ცოტა ზარმაცი, - როგორც თავად აღიარებს – ”მაგრამ სიზარმაცე წარსულში დავტოვე, იმიტომ რომ ფეხბურთი მიყვარს".

ბევრისგან ნაქებმა ბოლქვაძემ ”სიონთან" შეხვედრაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მართალია, მოედანზე ბენ ჯონსონივით არ დარბოდა, მაგრამ ”სპარტაკი" აათამაშა და მის მოქმედებას აზრი შესძინა. თუმცა, ბოლნისთან თამაშით უკმაყოფილო თავად დარჩა:

- ეს არაა ჩემი საუკეთესო თამაში, მოუმზადებელი ვარ და ჯანი მაკლია.

- მოუმზადებელი რატომ ხარ?
- ”სპარტაკში" სეზონის დაწყებამდე მიმიყვანეს და მოსამზადებელი ეტაპი ვერ გავიარე. სამი წელიწადია ასე გრძელდება და ფორმაში ვერა და ვერ ჩავჯექი.

- თბილისის ”დინამოში" თამაშობდი და შეკრება როგორ არ გაგივლია?
- მე იმას ვგულისხმობ, რომ სამი წელიწადი უცხოურ შეკრებაზე არ ვყოფილვარ - დიღმის ბაზაზე ორჯერადი ვარჯიში მას ვერ შეცვლიდა.

- შენი იმედი ჰქონდათ და ”დინამოდან" მაინც წახვედი - რატომ?
- იმიტომ, რომ ”დინამოზე" გული ამიცრუვდა. თამაშის და თავის გამოჩენის საშუალება არ მეძლეოდა და დარჩენას რა აზრი ჰქონდა. არადა, ოთხი წელიწადი ვითამაშე და ერთი ხანობა, დუბლების კაპიტანიც ვიყავი. ამ ოთხი წლის განმავლობაში, ძირითადში მხოლოდ ხუთჯერ დამაყენეს, ისიც უმნიშვნელო მატჩებში – მაგალითად, ”ბორჯომს" 12:0 რომ მოვუგეთ და ა.შ.
ფეხბურთიდან წასული ვიქნებოდი, რომ არა კახა ცხადაძის თანადგომა – 2009 წელს ახალგაზრდულ ნაკრებში რომ დანიშნეს, ”დინამოში" უთამაშებელს, ნაკრებში მიწვევდა. ალბანეთთან ამხანაგურიც მათამაშა, რომელიც 0:1 წავაგეთ. სხვათა შორის, იმ მატჩში სამი საგოლე მომენტი შევქმენი.

შეიძლება, ჩემი გასაკეთებელი კარგად ვერ გავაკეთე, მაგრამ ვფიქრობ, შანსი უნდა მოეცათ. როდესაც ”დინამოს" აკადემია ჩამოაყალიბეს, მე პირველი გუნდის კაპიტანი ვიყავი, სადაც თამაშობდნენ გიორგი ლორია, გურამ კაშია, კერესელიძე, რომელმაც ერთ-ერთი სეზონის პირველ წრეში 16 გოლი გაიტანა, მაგრამ შანსი მასაც არ მისცეს და ფეხბურთიდან წავიდა.
სამწუხაროდ, გევრდში მხოლოდ ისინი დამიდგნენ, რომლებიც ”დინამოში" საკითხს ვერ წყვეტდნენ და ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ფეხბურთს თავი ორჯერ დავანებე. ერთხელ 2004 წელს, მეორედ კი 2006 წელს.

- ”დინამო" რა შუაშია?
- რა შუაშია და იყო მიზეზები, რის გამოც, გული ამიცრუვდა. 2006 წელს ჰაინც ტოპმიოლერმა 19-წლამდელებში მიმიწვია, მაგრამ სად უნდა ვენახე, როდესაც აღარ ვთამაშობდი. კარგად მახსოვს, მაშინ გია ჭიაბრიშვილმა შემომატრიალა. სხვათა შორის, ზუსტად იმ დროს წაიყვანა გიორგი კიკნაძემ ”ლოკომოტივში" ყენია და ხელი არ შეუშლიათ. დარწმუნებული ვარ, ლევანი რომ დარჩენილიყო, ”დინამოში" ფეხბურთს ვერ ითამაშებდა.

დუშან უჰრინი ძალიან მენდობოდა, მაგრამ წავიდა და თავის გამოჩენის შანსი არ მომცემია. მპირდებოდნენ, რომ მათამაშებდნენ, მაგრამ ამ შანსს ვერ მოვესწარი. რაინერ ცობელის დროსაც ძირითადში ვიყავი. კახა კაჭარავა მამხნევებდა და მეხმარებოდა. თუმცა, გაუშვეს ცობელი, კაჭარავა მთავარ მწვრთნელად დანიშნეს და ჩვენი ურთიერთობა აირია. რატომღაც, ჩემსკენ აღარ იხედებოდა, დღემდე ვერ ამიხსნია რატომ და არც ამის ახსნა მიცდია... ფაქტია, რომ ასეთი შეცვლილი დამოკიდებულება ჩემთვის უსასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. თუმცა, ვიცი, რომ კაჭარავას მოვწონდი.

წინ არ მიშვებდნენ და ავირიე. 2006 წელს ”დინამოდან” წავედი და ”გაგრაში” ვვარჯიშობდი. როდესაც გუნდის ვიცე-პრეზიდენტი გოდერძი ჩიხრაძე ”დინამოს” მმართველ დირექტორ ბუბა ტყავაძესთან გათავისუფლების ფურცლისთვის მივიდა - მაგას არ ვყიდი და თუ ითამაშებს, მხოლოდ ”დინამოშიო”, ასეთი პასუხით გაისტუმრა. მეც დავბრუნდი და ახალი კონტრაქტიც გავაფორმე. კარგად მახსოვს, პირველივე მატჩში მათე ვაწაძემ ჩემი სამი გადაცემით ჰეთ-თრიქი შეასრულა. თუმცა, ძირითადში მოხვედრის იმედი კიდევ ერთხელ გადამეწურა.

ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ კახა ცხადაძე ნაკრებში მიწვევდა. თუმცა, ერთხელ ნაკრებში გამომიძახეს და ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო, არ გამიშვეს. არადა, დუბლების მატჩის შემდეგ, ბარგი ჩალაგებული მქონდა და შეკრებაზე წასვლას ვაპირებდი. ასე იყო სამშაბათობების შემთხვევაშიც.

ალბანეთის ახალგაზრდულთან თამაშზე კი ხელი აღარ შემიშალეს, მაგრამ ჩამოსულს მითხრეს, ძირითადში აღარ ივარჯიშებო, ორიოდე დღეში კი დუბლებში ვარჯიშიც ამიკრძალეს. რა დავაშავე, დღემდე ვერ ამიხსნია. ფაქტია, რომ ასეთ უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. მერე გუნდიდან წამოსვლა გადავწყვიტე, რადგან სათამაშო პრაქტიკა მინდოდა, მაგრამა 15 ოქტომბრამდე გათავისუფლების ფურცელი არ მაღირსეს. ესეც გაუგებარი იყო, დუბლებშიც არ მათამაშებდნენ და არც მიშვებდნენ. ფაქტობრივად, ხელს მიშლიდნენ.

- მას შემდეგ არსად ჩანდი, რა იყო ეს, მორიგი პაუზა?
- სოსო ჭედია ”ბაიაში" დაინიშნა და მეც წამიყვანა, მაგრამ მოუმზადებელს საზარდული გამეჭიმა და ცხინვალის ”სპარტაკში" მხოლოდ წლეულს ზაფხულში ჩავირიცხე. გუნდს ზამთრამდე ვეკუთვნი და რომ იცოდეთ, გადმოსვლით კმაყოფილი ვარ. როგორც იქნა, უმაღლეს ლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრა ჩავატარე.

- შენი პოზიციის ფეხბურთელი საქართველოში თითქმის აღარ შემორჩა.
- დამოკიდებულება ძალიან ცუდად და აბსურდულად შეიცვალა. მიმაჩნია, რომ გამთამაშებელი ფეხბურთში ყველაზე საჭირო ფიგურა, გუნდის მამოძრავებელი ღერძია. რომელ გუნდსაც კარგი ფლეიმეიკერი ჰყავს, ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს, ვისაც არ ჰყავს, ასეთი გუნდში ხარისხიანად დარბიან, მაგრამ მაყურებლის სიყვარულს ვერასდროს მოიპოვებენ. ”ჩელსი" კარგი გუნდია, მაგრამ სანამ ფლეიმეიკერი არ ეყოლება, ლიგას ვერ მოიგებს. ვერც ”მანჩესტერი" მოიგებს, სანამ გამთამაშებლად ფლეტჩერი ჰყავთ. ახლა სირბილი და ნაკლები იმპროვიზაცია ფასობს, რაც ძალიან არ მომწონს.

მე თუ მკითხავთ, საქართველოს ნაკრების პრობლემაც ეს იყო – კუპერის დროს, იმ ფეხბურთის თამაში დავიწყეთ, რაც არ ვიცოდით, ხოლო, რაც ვიცოდით, დავივიწყეთ. იწვევდნენ მუშა ფეხბურთელებს, რომლებიც პასს ვერ აკეთებდნენ, შემოქმედებითები დაივიწყეს, ქინქლაძე კი, სამწუხაროდ, აღარ გვყავს. ასე იყო დუნგა, რომლის დროსაც ბრაზილიამ მისთვის დამახასიათებელ ფეხბურთზე უარი თქვა. ვინც თავის პლუსზე უარს იტყვის, ის სხვის ფეხბურთსაც ვერ ითამაშებს, რადგან ღამურა ხდება.

ჩემს ნაკლად იმას თვლიან, რომ გიჟივით არ დავრბივარ და ყველა ბურთზე არ ვიბრძვი. შემიძლია დაცვით ფუნქციაც შევასრულო და პრესინგით ვითამაშო, მაგრამ ფეხბურთით ვერ ვისიამოვნებ. თამაში ხელოვნებაა, ბურთით, პასით, მოედანზე ყოფნით სიამოვნება უნდა მიიღო და არა უბრალოდ ირბინო.

- ”სპარტაკის” გარდა, შენით არც ერთი გუნდი არ დაინტერესებულა?
- ბოლო ერთი წელი თავი დანებებული მქონდა და ეტყობა, მწვრთნელებს დავავიწყდი. ყველაზე სერიოზულად წლების წინ დონეცკის ”შახტარი" დაინტერესდა. ოზურგეთელი ვარ და ფოთელები ტურნირებზე მიმატებდნენ. ერთხელ სიმფეროპოლში საერთაშორისო ტურნირზე საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს. თურმე, ”შახტარს" მოვეწონე და საქართველოში სელექციონერი გამოაგზავნა, მაგრამ მაშინ ”მანჩესტერი" მომწონდა და უარი ვუთხარი. მას შემდეგ ასეთი შანსი არ მქონია.

ბაჩი ბოლქვაძემ ინტერვიუში მისთვის და ბევრი ფეხბურთელისთვის მტკივნეული თემა წამოჭრა – კლუბისა და ფეხბურთელის ურთიერთობა, რაც საქართველოში მრავალ კითხვას ბადებს. ამ ურთიერთობებში ბევრი რამ დასალაგებელია.

თუმცა, თბილისის ”დინამოს" მიმართ გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა ისეთი ბრალდებები წამოაყენა, ჟურნალისტური ეთიკის გათვალისწინებით, ვალდებული ვიყავით, ბალანსი დაგვეცვა და მეორე მხარისთვის მოგვესმინა.

ბრალდებები კი საკამოდ მძიმეა, რადგან ბოლქვაძე ”დინამოს" ხელმძღვანელობას პირდაპირ ადებს ხელს და კარიერაში ხელის შეშლას აბრალებს. ბოლქვაძე რამდენიმე მტკივნეულ თემას შეეხო. მთავარი ბრალდება მაინც ახალგაზრდულ ნაკრებში მისი გაუშვებლობა ჩავთვალეთ. ”დინამოს" მმართველ დირექტორ ბუბა ტყავაძეს ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ.

- ბატონო ბუბა, თქვენი ყოფილი ფეხბურთელი ბაჩი ბოლქვაძე ამბობს, რომ წინსვლაში ”დინამო" ხელს უშლიდა და კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს.
- ჩვენ ხელს ვუშლიდით? საინტერესოა... მკითხეთ და ნებისმიერ საკითხზე გიპასუხებთ.

- ის ამბობს, რომ ”დინამომ" რამდენჯერმე სანაკრებო შეკრებასა და სამშაბათობაზე არ გაუშვა, ალბანეთში გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ კი, დუბლებში გადაიყვანეს და მალე იქ ვარჯიშიც აუკრძალეს.
- ეს კიდევ უფრო საინტერესო ბრალდებაა და რა უნდა გიპასუხოთ? მას არაერთხელ მიეცა თავის გამოჩენის შანსი. ასე იყო უგრინის, ცობელისა და კაჭარავას მწვრთნელობის პერიოდში. ვფიქრობდით, გამოსადექი ფეხბურთელი იყო, მაგრამ იმედგაცრუებულები დავრჩით.

რაც შეეხება ნაკრებში არგაშვებას: ასე რომ გაგვეკეთებინა, ფეხბურთის ფედერაცია აუცილებლად დაგვსჯიდა. მე კი რაღაც ვერ ვიხსენებ ისეთ ფაქტს, რომ ნაკრებში ფეხბურთელის არგაშვებისთვის დავესაჯეთ. და თუ ვინმეს რამე ეჩვენება, ეს უკვე ჩვენი გასარჩევი არაა და სხვა თემაა.

და კიდევ - როგორც ვიცი, წლეულს ბოლქვაძე ცხინვალის ”სპარტაკში" ჩაირიცხა. თბილისში ”სპარტაკის" დავესწარი შეხვედრას და ვნახე მისი ქცევა, როდესაც ქუთაისის ”ტორპედოსთან" შეხვედრისას გააძევეს და ვერ ვიტყვი, რომ ნამდვილი სპორტსმენები ასე იქცევიან. რაც გააკეთა, სტადიონზე მყოფმა გულშემატკივრებმა და სპეციალისტებმაც დაინახეს და დარწმუნებული ვარ, იგივეს იტყოდნენ.

ამ მატჩის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ ასეთი ხასიათისა და საქციელის სპორტსმენი არ გვჭირდებოდა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული