ჩემპიონთა ლიგა. ოლიმპი-აქტობე ეროვნულზე თუ ფოლადზე?

AutoSharing Option
რუსთავის "ოლიმპმა" უეფაში საჩემპიონთალიგო 16-კაციანი სია გააგზავნა:
მეკარეები - გრიგოლ ბედიაშვილი, ზურაბ ბათიაშვილი;
მცველები - თემურ ღონღაძე, ლაშა ჯაფარიძე, გიორგი რეხვიაშვილი, დავით გიგაური, ლექსო კვახაძე, რევაზ ქემოკლიძე;
ნახევარმცველები - ლუკა რაზმაძე, დენის დობროვოლსკი, დავით ბოლქვაძე, ირაკლი დოლიძე, რევაზ გეწაძე, გიორგი ხიდეშელი.
თავდამსხმელები - ირაკლი მოდებაძე, გიორგი ჭედია.

"ოლიმპის" პრესატაშე მიხეილ ჯორბენაძის თქმით, დღეს განაცხადში შესწორების შეტანის ბოლო ვადაა. ქუთაისის "ტორპედოსთან" ხუთშაბათს დანიშნული მეორე საკონტროლო შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, გაუფორმებენ თუ არა კონტრაქტებს (და შესაბამისად, შეიყვანენ თუ არა განაცხადში) ნახევარმცველ გიორგი ნუგზარის
ძე ჭელიძესა და კენიელ ფორვარდ ალენ ვანგას.

"ქუთაისის "ტორპედოსთან" მატჩის შემდეგ გაირკვევა, რომელი დარჩება. ჯერჯერობით, ისინი ურიგო შთაბეჭდილებას არ ტოვებენ. თუმცა საბოლოო პასუხისთვის კიდევ ერთხელაა დაკვირვება საჭირო. რაც შეეხება რეზო ქემოკლიძეს, მან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ირაკლი მოდებაძემ კი ერთწლიანი", - გვითხრა ჯორბენაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი შეხვედრა აქტიუბინსკში 14 ივლისს გაიმართება, 21-ში კი მატჩს საქართველო უმასპინძლებს, ოღონდ, რუსთავი თუ თბილისი, ეს დღემდე გაურკვეველია. ამაზეა დამოკიდებული, მატჩი 20 ივლისს გაიმართება თუ 21-ში.

"როგორც ცნობილია, ზამთარში ჩვენთან უეფას კომისიის წევრები იმყოფებოდნენ, რომელმაც ხელოვნური საფარი დაგვიწუნა. აქედან გამომდინარე, საშინაო არენაზე საერთაშორისო მატჩების გამართვა პრობლემური გაგვიხდა. ამდენად, ჩვენ კიდევ არ ვიცით, "აქტობეს" შინ ვუმასპინძლებთ თუ - არა. ეს უახლოეს დღეებში გვეცოდინება. ყველაფერი დამოკიდებულია უეფას კომიისის წევრთა საბოლოო დასკვნაზე. დელეგაცია რუსთავის სტადიონს კიდევ ერთხელ ესტუმრა, რათა "ფოლადის" მოედნის მდგომარეობის ლაბორატორიული შემოწმება ჩაეტარებინა. მათი ადრინდელი შენიშვნები გათვალისწინებულია და ძალიან ადვილი შესაძლებელია, თუნდაც ახლანდელის გამოსწორება - მოედნის სულ რაღაც ერთი კვადრატული მეტრია გასასწორებელი.

"ამჟამად, ორი ვარიანტია: კარგი დასკვნის შემთხვევაში, პასუხი გასაგებია და რუსთავში ვითამაშებთ, თუ არა და - ეროვნულ სტადიონზე. თუმცა იმედი მაქვს, "ფოლადს" მაინც მწვანეს აუნთებენ. უეფაში გაგზავნილ მონაცემებში ჩვენს პრიორიტეტულ სტადიონად "ბორის პაიჭაძე" მივუთითეთ. უეფამ გაითვალისწინა, რომ ეროვნული არენა კიდევ ორი ქართული კლუბის - თბილისის "დინამოს" და "ვიტ ჯორჯიის" საშინაო სტადიონია. გამომდინარე აქედან, ევროპის ლიგაზე "დინამო" "ფლორას" თუ მოუგებს და შემდგომ ეტაპზე გავა, 22 ივლისს ითამაშებს, ხოლო "ვეტერინარების" საშინაო შეხვედრა სხვა დღეს გაიმართება, ჩვენ კი 20-ში, 18:00 საათზე ვითამაშებთ და არა 21-ში, მოედანი "დინამოს" მატჩისთვის უკეთ რომ მოამზადონ. თუ რუსთავში გვათამაშებენ, მაშინ 21 ივლისს თამაში 18:00 საათზე დაიწყება", - ამბობს ჯორბენაძე.

მატჩს თურქ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. თბილისში მთავარი არბიტრი ბიულენთ ილდირაი გახლავთ, რომელსაც ევროთასებზე სათადარიგო მსაჯად ასაქმებდნენ, ბოლოს კი დააწინაურეს და ახალგაზრდული და ასაკობრივი ნაკრებების მატჩებს ანდობდნენ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული