10 აგვისტოს ეროვნული ჩემპიონატი იწყება და არა მგონია, შარშანდელზე უკეთესი გამოდგეს.
ზოგიერთ კლუბს ალბათ ის უხარია, რომ ფეხბურთის ფედერაციამ სამონაწილეო თანხის გადახდისგან გაათავისუფლა. შეღავათი კარგია, მაგრამ ამით რა?!
ჩემპიონობისთვის თბილისის "დინამო" იბრძოლებს და, არა მგონია, ამ საქმეში კონკურენტი ჰყავდეს.
გორის "დილამ" კარგად კი წარმოაჩინა თავი ევროსარბიელზე, მაგრამ "დინამო" რესურსით რომ აღემატება გიორგი დევდარიანის გუნდს, საკამათო არ უნდა იყოს.
იქნებ, "ზესტაფონმა" გაიბრძოლოს ჩემპიონობისთვის, თუმცა, ასეც რომ მოხდეს, ეს "ზესტაფონი" "დინამოს" დამჯაბვნელს ჯერ არ ჰგავს.
ჩემპიონატი მარათონია და
ასეთ მარათონში "დინამოს" კონკურენტი არ ეყოლება - ლოგიკურია, თუმცა ვნახოთ... იქნებ, სეზონის მეორე ეტაპზე ყველაფერი ისე შეიცვალოს, რომ ჩემპიონობისთვის რბოლაში მეორე სერიოზული გუნდიც გამოჩნდეს.
რა ჯდება ლეგიონერის ჩამოყვანა?
იქნებ, ისეც მოხდეს, რომ ლეგიონერებზე ლიმიტი დაწესდეს. ამ საკითხზე გუნდებს საერთო პირი არ აქვთო, ვერ ვიტყვით, რადგან ჩვენი კლუბების მესვეურები ახლა ფულის მონაგრებაზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე სხვა რამეებზე.
სპორტის მინისტრი დაგვპირდა, სახელმწიფო საკლუბო ფეხბურთს არ მიატოვებსო და, ალბათ, ასეც იქნება, მაგრამ საამისო პროგრამა ჯერ არ გამომზეურებულა, არადა, სეზონი უკვე იწყება და, ცხადია, კლუბებს აინტერესებთ, რას უნდა ელოდნენ მთავრობისგან 2014-15 წლების სეზონში.
ლეგიონერებზე მილეთს ისიც აინტერესებს, რა უჯდება მათი ჩამოყვანა ჩვენს კლუბებს.
სხვაგან ასეა - პოპულარული კლუბი უცხოელს რომ შეიძენს, სატრანსფერო თანხა არ იმალება და ხელფასსაც კი ასაჯაროებენ.
ჩვენთან ამის ტრადიცია არ არის და რატომ? ხომ ყველას აინტერესებს, რა ღირს ლეგიონერი, რა ხარჯებს იღებს კლუბი უცხოტომელის მომსახურებაში.
ჩაკეტილობა ვერ არის კარგი საქმე, ჩვენს კლუბებს თითქოს სილაღე აკლიათ, ხშირად თვითონ ამძიმებენ სიტუაციას.
ვინ იქნება ბროკერი?
არ ვიცი, ვინ იქნება მსაჯების ბროკერი ამ სეზონში, ვისთან უნდა მივიდეს კლუბის მესვეური, რომ ამ ბროკერმა ყველაფერი ფრიადზე დაალაგოს. წინა სეზონში შუამავლის ვინაობა ძალიან "გაბაზრდა" და, შესაძლოა, ამ სეზონში შუამავალი სხვა აღმოჩნდეს.
მსაჯებზე ისევ გავლენ - ამაში ეჭვი არც შეგეპაროთ, ოღონდაც, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს ჩემპიონატში ნაღდი თამაშები არ იქნება. ხალხი ამისთვის დადის სტადიონზე და ნაღდ ფეხბურთს უკრავს ტაშს.
ერთი და იგივე ფეხბურთელები ტრიალებენ სეზონიდან სეზონში სხვადასხვა ქართულ გუნდებში, ნიჭიერი ახალგაზრდები იშვიათად გამოერევიან - ასე იყო ბოლო წლებში და, ალბათ, ასე იქნება ამ სეზონშიც.
ბილბაო ხომ გვახსოვს?..
"დილაზე" კი იმდენი ემოცია დაიხარჯა, გორულ გუნდზე ჭმუნვით მადლიერ მკითხველს აღარ შევაწუხებ. შესვენება ყველა საქმეს სჭირდება.
"დინამოს" წილისყრაში არ გაუმართლა, მაგრამ ისიც გვახსოვს, თბილისის "დინამომ" ბილბაოს "ატლეტიკს" შინ 2:1 რომ მოუგო და კინაღამ ჩემპიონათა ლიგის კარი შეაღო.
ფეხბურთში რა არ მომხდარა, აქ ოცნებების ასრულების მოედანია, აქ ოცნება აუცილებელი ამხანაგია, სხვანაირად ფეხბურთი სტადიონზე ვერ მიგიყვანს.
კარგი ეროვნული ჩემპიონატიც ოცნებაა, რომელთანაც ძალიან ახლოს ვართ. მაშ, ერთხელაც შევიგრძნოთ საქართველოს მოედნები თავისი ცოდვა-მადლითა და პერიპეტიებით...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"