სწრაფი, ბასრი და იღბლიანი გრიგოლ დოლიძე: წილისყრამ გაგვიმართლა

AutoSharing Option
სწრაფი ფეხბურთელი სულ სხვანაირად ფასობს. ეს ფაქტორი თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია და ვისაც სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს, სხვა გუნდზე ყოველთვის ერთი ნაბიჯით არის წინ.

"დილასაც" არაერთი ასეთი მოთამაშე ჰყავს. მათგან ყველაზე გამოცდილიაო, 30 წლის გრიგოლ დოლიძეზე ითქმის...

დოლიძე იყო, სპლიტის "ჰაიდუკთან" საპასუხო შეხვედრაში შეცვლაზე რომ შევიდა და ეფექტური გოლით დააშამათა ხორვატები.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში კი ორი გოლი გაუტანა "სიონს" და "დილამ" სტუმრად 2:1 იმარჯვა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



დოლიძესთან ინტერვიუც ამ მატჩით დავიწყეთ.

- "სიონი" მართლაც კარგად დაკომპლექტებული გუნდია. დაძაბული
თამაში გამოვიდა. "ჰაიდუკის" მერე კიდევ ორი გოლი გავიტანე, ერთხელაც გამომივიდა ეს საქმე...

- "ჰაიდუკთან" თქვენი ლამაზი გოლით მოპოვებულ გამარჯვებაზეც ვთქვათ. შეცვლაზე რომ შედიოდით, რა დავალება მოგცათ გიორგი დევდარიანმა?
- მწვრთნელს საკუთარი ჩანაფიქრი ჰქონდა და ამ ჩანაფიქრის ნაწილი იყო ჩემი შეცვლაზე თამაშიც. სწრაფი კონტრშეტევის განხორციელებაში უნდა დავხმარებოდი თანაგუნდელებს და ასეც მოხდა - დავეხმარე კიდეც და ორმაგად სასიხარულოა, რომ გოლიც გავიტანე.

- "ჰაიდუკთან" პირველ შეხვედრაში მწვრთნელმა მარცხენა ფლანგზე გაგამწესათ. ამ პოზიციაზე უხერხულად ხომ არ გრძნობდით თავს?
- ფლანგიდან შემტევი ფეხბურთელი ვარ და ეს საქმე ორივე ფრთაზე უნდა მოვახერხო. რა თქმა უნდა, მარჯვენა ფლანგზე თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში, თუმცა, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, იქ უნდა ვითამაშო, სადაც საჭიროა.

- მარჯვენა ფლანგზე "დილას" სამი სწრაფი ფეხბურთელი ჰყავს - დოლიძე, კახა ალადაშვილი და თემურ ღონღაძე. ისე ხომ არ გამოდის, რომ უკვე ყველამ იცის, როგორ და საიდან შეუტევს "დილა"? ფაქტია, სწრაფი შეტევების უმეტესობა მარჯვენა ფლანგიდანაა...
- კარგია, რომ ასეთი დიდი კონკურენციაა. რაც შეეხება სწრაფ შეტევას, "დილას" ეს მხოლოდ მარჯვნიდან როდი შეუძლია; უბრალოდ, მარჯვნიდან სხვანაირად ვუტევთ, მარცხნიდან კი სულ სხვანაირად ვახორციელებთ სწრაფ იერიშს.

- "დილამდე" ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობდით და თითქმის ყველა საგოლე კომბინაცია თქვენი ფლანგიდან ვითარდებოდა. ქუთაისში დარჩენა არ შემოუთავაზებიათ?
- არა, გია გეგუჩაძე რომ წავიდა "ტორპედოდან", უკვე ყველაფერი ნათელი იყო. გულდასაწყვეტი არაფერია, მთავარია, რომელ გუნდშიც მიხვალ, იქ დაამტკიცო შენი შესაძლებლობები.

- ისე ჩანს, თითქოს მეორე ტაიმის შუაწელიდან დაღლა გეტყობათ. ეს იმის ბრალია, რომ სულ მაღალ სისწრაფეზე გიწევთ თამაში?
- როცა მაღალ სისწრაფეზე თამაშობ, დატვირთვაც მატულობს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ 90 წუთის თამაში არ შემიძლია. მაგალითად, "სიონთან" ისე ვგრძნობდი თავს, რომ მესამე ტაიმსაც ვითამაშებდი. გამორიცხულია, ადამიანი ყოველდღე ერთსა და იმავე განწყობაზე იყოს და ასეა საფეხბურთო მოედანზეც.

- სისწრაფეზე სპეციალურად ვარჯიშობდით?
- არა, ამ კომპონენტზე ცალკე არასდროს მივარჯიშია, სისწრაფე თანდაყოლილი მაქვს.

- მაღალკვალიფიციურ ფეხბურთელად თბილისის "ამერში", 2006-08 წლებში ჩამოყალიბდით - ეთანხმებით ამ აზრს?
- ვეთანხმები, ოღონდ "ამერში" გადასვლამდე ბოლნისის "სიონშიც" კარგი სეზონი მქონდა. "სიონი" და "ამერი" იყო ის ეტაპი, როცა სერიოზულად იწყებ რაღაცის კეთებას.

- ძალიან სერიოზული წარმატება იქნება, თუ "დილა" ევროპალიგის ჯგუფში გავა...
- "რაპიდი" "ჰაიდუკზე" ძლიერი მოწინააღმდეგეა. ყველამ ნახა, რომ ახალგაზრდა ხორვატებთან თამაში ადვილი არ იყო. "რაპიდი" კი უფრო ჩამოყალიბებული, გამოცდილი გუნდია, თუმცა თამაში ყველასთან შეიძლება.

- მიგაჩნიათ, რომ "დილას" წილისყრამ გაუმართლა?
- ასეა, რადგან გაცილებით ძლიერი მეტოქეც შეიძლებოდა შეგვხვედროდა, "რაპიდთან" კი წარმატების შანსი გვაქვს.

- "რაპიდამდე" ეროვნულ ჩემპიონატში "დინამოსთან" გიწევთ თამაში. ერთ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ სეზონი გრძელია. იქიდან გამომდინარე, რომ "დინამოს" საუკეთესო პირობები აქვს, "დილას" რა შანსი უნდა ჰქონდეს ჩემპიონატში?
- "დილაშიც" არის ისეთი პირობები, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. დანარჩენს სეზონი გვიჩვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სიონი-დილა 1:2 - გრიგოლ დოლიძის მეორე სუნთქვა [VIDEO]
დილა-ჰაიდუკი 1:0 - "ჰაიდუკიც" გაგორდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი კაცი ხარ დოლა
ioseba
15:33 14-08-2013
0
19-იანებიც ეგრე იძახდნენ, წილისყრამ მაგრა გაგვიმართლაო. ფაქტია რაპიდმა 10 კაცით აუსტრიასთან არ წააგო, პლიუს მომენტებიც ქონდა.
ჯობს საქმიანად ევროპულად მოვემზადოთ. მეტოქე ცაში ავიყვანოთ, ხოლო თუ გავედით, მერე ვთქვათ ორჯერ მეტი.
ramo
15:13 14-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული