თმა ყალყზე დაგიდგებათ - რა ხდება ქართული ფეხბურთის კულისებში

AutoSharing Option
რა ხდება ქართულ ფეხბურთში და რა სჭირს ასეთი მოურჩენელი, რომ ქომაგებს გულს უხეთქავს? რატომ არის ნაკრები ასეთი სუსტი და ეროვნული ჩემპიონატი ასეთი დაბალი დონის?..

ამ თემას საქართველოში აქტუალობა არ დაუკარგავს და ვფიქრობთ, ამ ფონზე დაგაინტერესებთ საქართველოს ნაკრების წევრობის ყოფილი კანდიდატის მონათხრობი...

სრულიად შემთხვევით შევიტყვეთ, რომ 25 წლის ნოდარ მაჭავარიანმა, როგორც იტყვიან, ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა და... ბანკში დაიწყო მუშაობა.

თავის დროზე ის "ლოკომოტივში", "თბილისში", რუსთავის "ოლიმპში", ქუთაისის "ტორპედოში", გორის "დილაში", "ზუგდიდში", ბოლნისის "სიონში" და ალექს გარსიას დროს თბილისის "დინამოშიც" თამაშობდა.

ორჯერ
იყო საქართველოს ჩემპიონი, ამდენჯერვე ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ასევე ორჯერ ითამაშა საქართველოს თასის ფინალში, 3-ჯერ დაასახელეს ჩემპიონატის საუკეთესო მცველების ნომინაციაში, ექტორ კუპერმა კი ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვია...

მოკლედ, ნოდარ მაჭავარიანი ქართულ ფეხბურთში შემთხვევითი კაცი არ არის და ამდენად, მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს მისი ბედი. რა ხდება საფეხბურთო კულისებში და რატომ თქვა უარი ფეხბურთზე?

- ფეხბურთიდან მართლა წავედი და "ვი-თი-ბი ბანკში" დავიწყე მუშაობა. პარალელურად, მინი-ფეხბურთის გუნდში ვთამაშობ. ასე ვიკლავ დარდს და ვცდილობ, ისევ სპორტულად ვიცხოვრო.

- რამ გადაგადგმევინათ ეს ნაბიჯი? ჯერ 25 წლის ხართ და თამაში კიდევ შეგეძლოთ...
- დავიღალე ქართულ ფეხბურთში არსებული უსამართლობით. ერთ დღესაც დავფიქრდი, მიღირდა კი ეს ყველაფერი იმად, რომ ჩემი თავი და ოჯახი მეწვალებინა? კიდევ კარგი, განათლება მქონდა, მშვენიერი სამსახურიც ვიშოვნე, თორემ ამათი შემყურე სახლში უგუნდოდ უნდა ვმჯდარიყავი და მელოდა, როდის გაიღებდა ვინმე მოწყალებას.

მესი არ ვყოფილვარ, მაგრამ ტიტულებიც მომიპოვებია და საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაშიც არ გამიჭირდებოდა. 21 წლისა რუსთავის "ოლიმპში" ვთამაშობდი, ექტორ კუპერმა ნაკრებშიც გამომიძახა, მაგრამ სამწუხაროდ, სწორედ მაშინ მივიღე ტრავმა და ჩემს ნაცვლად მიწვეული ბევრჯერაც ათამაშა...

ამ ასაკში იოლი არ არის ფეხბურთიდან წასვლა. საშუალო დონის მოთამაშის გადასახედიდან ვამბობ - საქართველოში თუ ვიღაცის ნაცნობი, ახლობელი ან ვინმე გავლენიანი მენეჯერის ფეხბურთელი არ ხარ, ყველა გერიდება. ოღონდ ფულები აკეთონ და ეს ვითომ მწვრთნელები ისეთებს იგონებენ, თმა ყალყზე დაგიდგება.

მე კი ამ არასაფეხბურთო თამაშებისთვის გამოუსადეგარი ვიყავი, თორემ დამიჯერეთ, მათი უზნეო წესები რომ მიმეღო, პრობლემა არ შემექმნებოდა. ფეხბურთი იყო მთელი ჩემი ცხოვრება, მაგრამ ამდენი ტყუილის, იმედგაცრუებისა და უსამართლობის ატანა შეუძლებელი აღმოჩნდა.

- ზოგადად, ეს გასაგებია, მაგრამ შეგიძლიათ, კონკრეტულად გვითხრათ, რა უსამართლობას აწყდებოდით?
- ერთ შემთხვევას გავიხენებ: მწვრთნელი ამბობს, ჩამოდი და კონტრაქტში 30 ათას დოლარს გადაგიხდითო. მაგრამ კონტრაქტი რომ გავაფორმე, ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე გეუბნება - 15 ათასზე მეტს ვერ ვიხდითო. ეს რა სამართალია?! ასე ბევრი მოთამაშე მოუტყუებიათ.

- საქართველოში ამდენს იხდიან?!
- ზოგან იხდიდნენ, ბევრს ახლაც აქვს ფული. იყო შემთხვევა, მეორე მწვრთნელმა მითხრა - დირექტორს შენს პოზიციაზე თავისი ახლობელი მოჰყავს, შენ კი სჯობიხარ იმას, მაგრამ გუნდში ვერ დაგტოვებთო.

ძნელია ეს ყველაფერი გაიგო. ეს არის ადამიანური ან პროფესიული მიდგომა?! ან არ გაინტერესებთ, რატომ იხარჯება უზარმაზარი თანხები ლეგიონერებზე, რომელთა ნაწილს ხშირად თავი არაფრით გამოუჩენია? ამ დროს კი, ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას გასაქანი არ ეძლევა.

"ლელოში" ვნახე უგუნდო ფეხბურთელების სია. იქ ისეთი გვარები ამოვიკითხე... ბევრი ხომ ასაკობრივი და მეტიც - ეროვნული ნაკრების წევრი იყო?! იცით, რატომ ჩამოწერეს ისინი ამ ვითომ მწვრთნელებმა და მენეჯერებმა?

- რატომ?
- იმიტომ, რომ მათ რაღაც-რაღაცებს ვერ უბედავდნენ და მერე დააბრალეს, უხასიათოები არიანო. წარმოდგიდგენიათ?! ანუ გარყვნილი რომ არ ხარ, ცილს აქეთ გწამებენ და კარიერას გინგრევენ.

- ანუ, გინდათ თქვათ - ბევრი მოთამაშე იმიტომ იჩაგრება, რომ მწვრთნელს "წილებში" არ ისვამს?
- ამაზე ბევრჯერ მიფიქრია... ვერაფერს დავამტკიცებ, მაგრამ... ალბათ, ეს ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყვეტია. სიმართლე ისაა, რომ ასეთი ფეხბურთელი საქართველოში არავის სჭირდება, რადგან ზოგიერთები "პადიომნებით" ფულს ვერ აკეთებენ.

- ქართველი მწვრთნელები ასე მუშაობენ?
- ყველას ხელს ვერ დავადებ! არიან ისეთი მწვრთნელები, რომლებიც ამას არ იკადრებენ, ზოგიერთები კი ნამდვილად ღუპავენ ქართულ ფეხბურთს. კარგ სპეციალისტებს გუნდებს არ აკარებენ იმიტომ, რომ ამ სქემებში მონაწილეობას არ კადრულობენ.

ერთ-ერთი მაგალითია გია ცეცაძე. ახლა გაახსენდათ, როცა ნაკრებში და "დილაში" თავისი შესაძლებლობები დაამტკიცა. არადა, ამ კაცს ახლოს არ იკარებდნენ. ის წესიერი კაცია და ამიტომაც ჰქონდა წარმატება, ბევრისთვის უცნობი მოთამაშეებით "დინამოს" და "ზესტაფონს" ეომებოდა.

- მაშ ვინ არიან ისინი, ვინც ღუპავენ ფეხბურთს?
- თავის გულში ჩაიხედონ და მიხვდებიან, ვინც არიან. ყველამ კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს და ვინ რისთვის არის ფეხბურთში. მე კი წავედი და იქით გახედვაც აღარ მინდა...

გული მიკვდება, რომ ამ საშინელებას ეწირება არა მხოლოდ ბევრი ნიჭიერი მოთამაშე, მთელი თაობები, მთლიანად ჩვენი ფეხბურთი და განმკითხავი კი არავინაა.

- კი, მაგრამ მწვრთნელები ჩივიან, ფეხბურთელები არ გვყავსო. მთლად ასეც ხომ არ არის? კარგ მოთამაშეზე უარს ვინ იტყვის?
- ვინც ამბობს, ფეხბურთელი არ მყავსო, ის ან იტყუება, ან თვალები დახუჭული აქვს. თუ ახალგაზრდა მოთამაშეებს გასაქანს არ მისცემენ, ხოლო საკეთებლად უცხოელებს ჩამოიყვანენ, ეს ბიჭები სად გაიზრდებიან?!

- ჩაწყობილ თამაშებზე რას იტყოდით? ამ სენმა ჩვენს ჩემპიონატში ფეხი მყარად მოიკიდა?
- ხომ იცით, საქართველოში ყველაფერი მოსულა. ვფქირობდი, ეს ყველაფერი მეთქვა თუ არა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, რომ ხმამაღლა მელაპარაკა. იქნებ, ვიღაც მაინც დაფიქრდეს.

ქართულ ფეხბურთში დიდი უბედურება ტრიალებს და ამას თუ არ მოვუარეთ, მუდმივად ჭაობში ვიქნებით.

მხოლოდ საკუთარი ტკივილი არ მალაპარაკებს, ჩემი მეგობრების, ნაცნობების, ფეხბურთელების გასაჭირი გაგიმხილეთ. მათაც იგივე სათქმელი აქვთ, მაგრამ ერიდებიან - მერე ხომ არც ერთი კლუბი არ აიყვანს. მე კი არ მინდა, ჩემს მდგომარეობაში სხვებიც აღმოჩდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
ერთი ფეხბურთელი მომწონდა 77 ნომერი.კარში ხშირად ურტყამდა,მაგრამ ბოლო სამ თამაშში ერთხელაც არ დაურტყამს.ეგ ბალღიც ხომ არ გააფუჭეს ან შეაშინეს.ვინ არის მთავარი მამაძაღლი,გვითხარით.
sdfghjkl
15:18 30-08-2013
0
გორის დილა მაგარი გუნდი არის
mari
16:03 20-08-2013
0

სიახლეები პოპულარული