თვით უფროსმა მწვრთნელმა ბ. ნიკოლსონმაც კი საერთო ფრაზებით, მხოლოდ კონტურულად გამოხატა თავისი ნაცნობობა მომავალ მეტოქესთან, თუმცა იგი ადრე ლონდონშიც ჰყავდა ნანახი, და ძალზე გაკვირვებული დარჩა თბილისში მზე და თბილი ამინდი
რა არის ეს? მეტოქის შეგნებული დეზინფორმაცია მისი შეცდომაში შეყვანის მიზნით, თუ მართლა არცოდნა იმისა, რომ თბილისის "დინამო" ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია საბჭოთა კავშირში, რომ მისი საუკეთესო მოთამაშეები ეროვნული ნაკრების წამყვან ბირთვს წარმოადგენენ და ცნობილი არიან საერთაშორისო ფეხბურთში თუნდაც იმით, რომ მსოფლიო ჩემპიონატების სისტემატური მონაწილენი არიან.
არც ის იცოდნენ, რომ ამ ზაფხულს თბილისის "დინამომ" ესპანეთში გამართულ სწორედ იმ დიდ საერთაშორისო ტურნირში მოიპოვა გამარჯვება, სადაც ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთმა აღიარებულმა ლიდერმა "დერბი ქაუნთიმ" განიცადა მარცხი?
რაღაც, არ გვჯერა ეს.
სამაგიეროდ, ჩვენ კარგად ვიცნობთ "ტოტენჰემს". ვიცით, რომ იგი მრავალი ტიტულის მფლობელია: იყო ინგლისის ჩემპიონი, თასის მფლობელი, "დუბლიც" გაუკეთებია, მოუპოვებია თასების მფლობელთა თასი, უეფა-ს თასი და ა.შ.
გუნდის შემადგენლობა შეშურდება მსოფლიოს რომელიც გნებავთ პროფესიულ კლუბს და თუ იგი ახლა ინგლისის ჩემპიონატში მისთვის შეუფერებელ ადგილზეა, ამან შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს არავინ; იქ გუნდის ადგილი გათამაშების რომელიმე ეტაპზე ყოველთვის არ გამოხატავს ძალთა ნამდვილ შეფარდებას და ხშირად დამოკიდებულია კონკრეტულად შექმნილ კონიუნქტურაზე, ცვალებად ვითარებაზე.
ამას გარდა, ისიც ვიცოდით, რომ ლონდონელები "შინაურ" წარუმატებლობათა კომპენსაციას აუცილებლად შეეცდებიან ისეთ სერიოზულ ტურნირში, როგორიცაა უეფა-ს თასი. ნათქვამის საილუსტრაციოა ის ფაქტი, რომ "ტოტენჰემმა" მერვედფინალამდე 4 მატჩში 14 ბურთი გაუტანა შვეიცარიისა და შოტლანდიის ძლიერ გუნდებს - "გრასჰოპერსს" და "აბერდინს".
სწორედ ინგლისური ფეხბურთის კარგი ცოდნით იყო გამოწვეული ის უდიდესი ინტერესი, რომელიც გამოიჩინეს ჩვენმა გულშემატკივრებმა განვლილი მატჩის მიმართ. მართალია, თამაშის შედეგით უკმაყოფილონი დავრჩით, ვინაიდან "ტოტენჰემი" აშკარად გადაურჩა დამარცხებას, შეიძლება, საკმაოდ სოლიდური ანგარიშითაც, მაგრამ თვით მატჩი, მისი სპორტული, საშემსრულებლო დონე, სანახაობითი მხარე და უკიდურესად მაღალი დაძაბულობა, ყოველმხრივ შეეფარდება უეფა-ს მერვედფინალის მაღალ რანგს.
ყოველ შემთხვევაში, მართალი იყო ბ. ნიკოლსონი, რომელმაც თამაშის მერე განაცხადა - დიდი ხანია ჩემს გუნდს ასეთი განსაცდელი არ გადაუტანიაო.
მატჩი დაიწყო ძოძუაშვილის გარღვევით და სტუმრების კართან შექმნილი კრიტიკული მომენტით. რამდენიმე წუთის განმავლობაში დინამოელები არ მოსცილებიან მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანს, შეტევა განსაკუთრებით კარგად ვითარდებოდა ფლანგებიდან, სადაც ყიფიანი და ლ. ნოდია დრიბლინგით უგებდნენ ბრძოლას ევანსს და ნოულსს, მაგრამ დრიბლინგს დრო სჭირდება, ეს დრო კი ინგლისელებს სავსებით ყოფნიდათ კარის წინ ცენტრალური ზონის გადასაკეტად, სადაც 4-5 მოთამაშე სისტემატურად ჩამოდიოდა ხიფათის სალიკვიდაციოდ.
დაცვის ცენტრალურ ზონაში ასეთი კონცენტრაციისას ძნელია გზის მოძებნა კარისკენ, მაგრამ არც მცველთათვისაა ბრძოლა იოლი, ვინაიდან მცირე შეცდომას ან შეუთანხმებლობას შეუძლია გამოიწვიოს სიძნელეები მეკარისთვის, ურთიერთდაზღვევის პრინციპების დარღვევა. ლონდონელები კი დაცვაში თამაშის ნამდვილი ოსტატები აღმოჩნდნენ. არც ერთი შეცდომა, არავითარი ლაფსუსი. ყველამ ზედმიწევნით იცოდა თავისი საქმე, ორი მცველი ერთად არ ამხტარა ბურთზე, არ შეუშლია ხელი ერთმანეთისთვის, არ დაურღვევია სინქრონულობა.
აქ, ჩვენი აზრით, დინამოელებმა არასწორი ტაქტიკური გზა აირჩიეს და ტრაფარეტზე გადავიდნენ, რომელიც მეტოქისთვის აღმოჩნდა ხელსაყრელი. თითქმის ყოველი ფლანგური გარღვევა თუ შუა მინდვრიდან წამოწყებული კომბინაცია მთავრდებოდა კარის წინ დაკიდებული მაღალი ბურთით, ამ სიტუაციაში კი ინგლისელები თავს ისე გრძნობდნენ, როგორც თევზი წყალში, ყოველ მოწოდებას ისინი დამაჯერებლად იგერიებდნენ არა სასხვათაშორისოდ, არამედ ზუსტად, პარტნიორის მიმართულებით.
შემდეგ იწყებოდა ორგანიზებული, კარგად მოფიქრებული კონტრშეტევა, რომელიც შორეული გადაცემების მეოხებით სწრაფად აღწევდა თბილისელთა საჯარიმო მოედანს.
როცა ამდაგვარი საშუალებით არ მოხერხდა მოპირდაპირე დაცვის დაძლევა, თბილისელებმა შორი მანძილიდან სცადეს კარის აღება. ზოგიერთი ასეთი მანევრი ნაჩქარევი და მოუმზადებელი აღმოჩნდა, მაგრამ ყიფიანის, ხურცილავას, მაჩაიძის, ასათიანის დარტყმები ისეთი სახიფათო იყო, რომ "ტოტენჰემი" გოლს გადაურჩა მხოლოდ მეკარე ჯენინგსის უმაღლესი ოსტატობის წყალობით.
მხოლოდ - ვამბობთ იმიტომ, რომ ჯენინგსმა ამ მატჩში ბრწყინვალე თამაში აჩვენა, რამდენიმე წარმოუდგენლად ძნელი ბურთი აიღო და ინგლისელები თბილისში აღებულ თავიანთ 1 ქულას უპირველეს ყოვლისა სწორედ მას უნდა უმადლოდნენ, თუმცა ორჯერ ჯენინგსიც კი უძლური იყო მოემოქმედა რამე, როცა მის წინ 28-ე წუთზე ყიფიანი და მე-40 წუთზე ასათიანი აღმოჩნდნენ ერთი-ერთზე.
სტუმრებს ვერ უშველიდა ვერაფერი, ყიფიანს და ასათიანს რომ ზუსტად დაერტყათ კარში, მაგრამ ერთმაც და მეორემაც იჩქარეს და ფაქტიურად 2 ნაღდი გოლი აჩუქეს ლონდონელებს. საჩუქარი მართლაც რომ ძვირფასი იყო.
ჯენინგსის გარდა "ტოტენჰემს" ჰყავდა კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც მკვეთრად გამოირჩეოდა სხვებს შორის. ეს იყო კოუტსი. N11 მის მაისურზე სულაც არ გამოხატავდა ამ პირველხარისხოვანი ფეხბურთელის ფუნქციებს. კოუტს ნახავდით ყველგან, დაცვაშიც, შეტევაშიც, შუა მინდორშიც, ფლანგზეც - სადაც გნებავთ და ყველგან უნივერსალურად აკეთებდა თავის საქმეს.
გოლი, რომელიც მან 26-ე წუთზე გაიტანა, მაღალი ინდივიდუალური ოსტატობის ნაყოფი იყო. ჩივერსის მიერ მოწოდებული ბურთი კოუტსმა შორი მანძილიდან ზუსტი და უძლიერესი დარტყმით გაგზავნა ბადეში და გოგიამ, რომელმაც მანამდე და მერეც საუკეთესოდ ითამაშა, ვერ მოასწრო მდგომარეობის ხსნა - 1:0.
ტაიმი წავაგეთ. შეიძლება ეს ასე არც მომხდარიყო, დინამოელებს რომ შეტევის დასასრულს მეტი სიზუსტე გამოეჩინათ, მაგრამ "ტოტენჰემს" თავისი მაინც უნდა მიეზღას. ინგლისელები რაციონალურად, გეგმიანად თამაშობენ, მათი ათლეტიზმი არ ცდება ფეხბურთის წესებს, არც ერთი მოთამაშე წამითაც არ გამოეთიშება საერთო გეგმას, არ დაუშვებს რაიმე ზედმეტობას, არ წაძლევს სული ტრიუკებისთვის. გადაცემათა სიზუსტე, პარტნიორის მხარის გრძნობა მათ უნაკლო აქვთ.
მაგრამ "ტოტენჰემი" ასეთი იყო შესვენებამდე, მხოლოდ პირველ ტაიმში. სანამ თბილისელები მას აძლევდნენ სასურველ ტემპში, მის სტილში თამაშის საშუალებას, სანამ კომბინაციურ ბრძოლაში ემოციები და ინდივიდუალური ოსტატობა ასე თუ ისე ლიმიტის ჩარჩოებში იყო მოქცეული. დაიწყო მეორე ტაიმი და თბილისის "დინამო" ათამაშდა ისე, როგორც იგი გვინახავს მის საუკეთესო მატჩებში, მაშინ როცა მთელი გუნდი მობილიზებულია, გამსჭვალულია ერთი სულისკვეთებით და მთელი მისი მექანიზმი შეტევას ემსახურება.
მცველებმა საიმედოდ ჩაკეტეს ინგლისელთა თავდასხმის ტანდემი - ჩივერსი და პიტერსი, რის შედეგად ხურცილავა სულ უფრო ხშირად გადიოდა საიერიშო პოზიციაში, შუა მინდორში კოუტსს აღარ ჰქონდა თავისუფალი მოქმედების საშუალება, ვინაიდან იქ სხვა წამყვანი, ცენტრალური ფიგურა გამოჩნდა - მაჩაიძე.
სწორედ მისი და ასათიანის გარშემო შეიკრა შემტევი ბირთვი, რომელიც წერეთლის მინდორზე გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო აგრესიული გახდა. დინამოელები უტევდნენ მძლავრად მთელი ძალებით, შეუსვენებლივ, ჯერ მაჩაიძის წარმოუდგენლად ძნელი ბურთი აიღო ჯენინგსმა, მერე ასათიანისგან მიღებული ბურთით გავიდა გ. ნოდია კარის წინ ისე, რომ ინგლისელეთა მეკარე თავის ადგილზე აღარ იყო და გოლის გატანას თითქოს აღარაფერი აკლდა. და ბურთი მაინც ასცდა მიზანს.
ამას მოჰყვა ხურცილავას, მაჩაიძის, ასათიანის დარტყმები, ყიფიანის გარღვევა... ვინ მოთვლის, 25 წუთის განმავლობაში სტუმრების კარი რამდენჯერ გადაურჩა იმ მომენტებს, რომლებსაც ესოდენ საჭირო და დამსახურებული გამარჯვება უნდა მოეტანა ჩვენი გუნდისთვის. თუ არსებობს ფეხბურთში სპორტული ბედი, იგი ჯენინგსს და მის მეგობრებს სწყალობდა ამ დღეს.
რამდენჯერ წამოვსულვართ სტადიონიდან გაწბილებული, და გულნატკენი იმის გამო, რომ დინამოელებს ვერ გამოუყენებიათ თავიანთი აბსოლუტური უპირატესობა და ამჯერადაც ასე მოხდა. მხოლოდ ერთხელ, 71-ე წუთზე შეირხა "ტოტენჰემის" კარის ბადე, როცა ასათიანმა და ყიფიანმა კარგად გაითამაშეს კომბინაცია და იგი ასათიანმა დაამთავრა ზუსტი დარტყმით, დანარჩენ შემთხვევებში ლონდონელები სულ იმ ბეწვზე ეკიდნენ, რომელიც არ იქნა და არ გაწყდა არაფრით.
მატჩი ძალზე საინტერესო, შინაარსიანი და დაძაბული იყო. მის მნახველთაგან ეჭვი არ შეეპარება არავის, რომ თბილისელებს არა მარტო უნდა მოეგოთ იგი, არამედ გაემარჯვათ საკმაო მარაგით 12 დეკემბრის განმეორებითი შეხვედრისთვის ლონდონში. თბილისის "დინამო" ღირსი იყო ამისა.
წინაა უკიდურესად ძნელი საპასუხისმგებლო მატჩი. ამოცანა, რა თქმა უნდა, რთულზე რთულია. "ტოტენჰემ ჰოსტპური" ყოველ ღონეს იხმარს, რათა იბრძოლოს მეოთხედფინალში გასასვლელად, მაგრამ თბილისის "დინამოს" ძალა და პოტენციური შესაძლებლობანი კარგად ვიცით, გვჯერა, რომ ჩვენი ფეხბურთელები განვლილი მატჩის მაგალითზე კიდევ უფრო მობილიზებულნი იბრძოლებენ, არ დათმობენ იმას, რაც უეფა-ს თასის გათამაშებაში დღემდე აქვთ მოპოვებული. ისინი ახლა საუკეთესო ფორმაში იმყოფებიან, აქვთ საერთაშორისო ტურნირებში თამაშის გამოცდილება, ჰყავთ სტაბილური შემადგენლობა.
ჩვენ გვინდა, რომ აღარავინ თქვას თბილისის "დინამოს" არ ვიცნობთ, მის შესახებ მხოლოდ გაკვრით გვსმენიაო.
უეფას თასი
თბილისი. "ლოკომოტივის" სტადიონი. 28 ნოემბერი.
დინამო (თბილისი)-ტოტენჰემ ჰოტსპ. (ლონდონი) 1:1 (0:1)
დინამო: გოგია, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ხურცილავა, ჭელიძე, ებრალიძე (წერეთელი), მ. მაჩაიძე, ასათიანი, ყიფიანი, გ. ნოდია, ლ. ნოდია.
ტოტენჰემი: ჯენინგსი, ევანსი, ნოულსი, პრატი, ინგლენდი, ბილი, ნეილორი, პერიმენი, ჩივერსი, პიტერსი, კოუტსი.
მსაჯი: ფ. ვერერი (ავსტრია)
ბ. ქორქია
"ლელო", 1 დეკემბერი, 1973 წელი.
შეფასებები:
ფრანც ვიორერი, მატჩის მთავარი მსაჯი (ავსტრია):
ეს იყო ძალზე ძლიერი, ორი სხვადასხვა სტილის მიმდევარი გუნდის შეხვედრა. მიუხედავად უშეღავათო ბრძოლისა, თამაში ძალიან კორექტულად მიმდინარეობდა.
დინამოელებიდან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ასათიანმა - ტექნიკურმა, მოაზროვნე მოთამაშემ, რომელიც საუცხოოდ ხედავს მინდორს. იგი ნამდვილი დირიჟორია თავისი ამხანაგებისა. ჩემი აზრით, კარგად ითამაშეს მაჩაიძემ, ძოძუაშვილმა და ხურცილავამაც.
საერთოდ, თბილისის "დინამომ" დიდი შთაბეჭდილება დატოვა. "ტოტენჰემიდან" გამოირჩეოდნენ დაუღალავი კოუტსი და მეკარე ჯენინგსი. მაგრამ, მე ვფიქრობ, ინგლისელებმა ამ მატჩში, როგორც იტყვიან, მთლიანად მაინც არ გახსნეს თავიანთი კარტები.
დასასრულ, მე მინდა მადლობა მოვახსენო მასპინძლებს დიდებული შეხვედრისთვის, მატჩის ბრწყინვალე ორგანიზაციისთვის და წარმატება ვუსურვო მათ განმეორებით შეხვედრაში.
ედი ბეილი, "ტოტენჰემის" მწვრთნელი:
ჩვენმა ბიჭებმა მთლიანად ვერ გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები, თუმცა თამაშის ანგარიშით არ შეიძლება უკმაყოფილონი ვიყოთ. მატჩის წინ თქვენს კორესპონდენტს ვუთხარი, თბილისის "დინამოზე" არაფერი ვიცი-მეთქი.
ახლა შემიძლია განვაცხადო, რომ ესაა მაღალი კლასის გუნდი, თუმცა ამ მატჩში თავისი ძალა მთლიანად ვერ გვიჩვენა.
იგრძნობოდა უდიდესი ნერვული დაძაბულობა. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ასათიანის თამაშმა, კარგი იყო მაჩაიძე, თუმცა იგი ცოტა ერთფეროვნად თამაშობს. მომეწონა ძოძუაშვილი - ტიპიური ბრიტანული სტილის მოთამაშე. მომეწონა ყიფიანიც, საერთოდ, ვიმეორებ, "დინამო" მაღალი კლასის გუნდია.
რა შეიძლება ითქვას განმეორებით მატჩზე? შანსები თითქმის თანაბარია, მაგრამ ოდნავი უპირატესობა მაინც "ტოტენჰემის" მხარესაა.
პიტერ ბლეკჰედი (ჟურნალისტი, "ივნინგ სტანდარდის" თანამშრომელი):
მე მჯეროდა, რომ ჩემი თანამემამულეები გაიმარჯვებდნენ, მაგრამ თბილისის "დინამოს" ბრწყინვალე თამაშმა ჩემი პროგნოზები თავდაყირა დააყენა. დინამოელებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, თუმცა გუნდი ზოგჯერ ნელი ტემპით თამაშობს. მოთამაშეთა ტექნიკური მომზადების დონე მაღალია.
ვისი გამოყოფა შეიძლება თბილისელთაგან? პირველ ყოვლისა, ეს იქნება ასათიანი. როგორც მითხრეს, იგი დაშავებული ყოფილა და ჯერჯერობით მთელი ძალით ვერ თამაშობს. თუ მართლა ასეა, მაშინ ბედნიერი ხალხი ყოფილხართ, რომ გუნდში ასეთი მოთამაშე გყავთ. მაჩაიძესთან ერთად იგი მრისხანე ძალაა ნებისმიერი მეტოქისთვის.
თავდასხმიდან გამოვყოფდი ყიფიანს, რომელსაც ამ მატჩში ყველაზე ნაკლებად სწყალობდა ბედი. იგი ტექნიკური, სწრაფი ფეხბურთელია და აკლია მხოლოდ ამ რანგის მატჩებში თამაშის გამოცდილება. ამასთან ყიფიანი თავდასხმის ცენტრში გაცილებით უფრო ძლიერია.
მომეწონა ძოძუაშვილი - სწრაფი, მკვეთრი სტილის ფეხბურთელი, მომეწონა გუნდის კაპიტანი ხურცილავა.
ჩვენი ფეხბურთელებიდან გამოირჩეოდნენ კოუტსი და მეკარე ჯენინგსი.
მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა თბილისელ მაყურებელზე, რომელმაც უდავოდ იცის კარგი ფეხბურთის გემო, ერკვეთა მის ნიუანსებში, მაგრამ საოცრად თავისებურ გულშემატკირვობას უწევს საკუთარ გუნდს. ასეთი მორიდებული მაყურებელი მსოფლიოს არც ერთ სტადიონზე არ მინახავს.
მატჩის ორგანიზაცია უმაღლეს დონეზე იდგა. ჩვენ, ჟურნალისტებს, არავითარი პრეტენზია არა ვგაქვს.
მარტინ პიტერსი:
ეს იყო ძალიან რთული, ნერვიული თამაში და, ჩემი აზრით, იგი მაყურებლებს მოეწონათ. შეხვედრის შედეგით კმაყოფილი ვარ.
პატ ჯენინგსი:
ასეთ მატჩებში ხშირად თამაშს არ ვისურვებდი. ჩვენ, მეკარეებს, ამგვარი ბრძოლები ძვირად გვიჯდება. დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ასათიანმა, ჩემმა კოლეგამ დავით გოგიამ და გუნდის კაპიტანმა ხურცილავამ, რომელიც ძალიან ძლიერად ურტყამს. იმედი მაქვს, რომ ლონდონში წარმატებას მოვიპოვებთ.
მარტინ ჩივერსი:
"დინამო" მაღალი კლასის გუნდია. შედეგით კმაყოფილ ვარ, ჩემი თამაშით - არა. ლონდონში ვეცდები რეპუტაცია აღვიდგინო.
ივ კოლერი (ლონდონელი იურისტი):
ეს იყო სხვადასხვა სტილის გუნდის ბრწყინვალე თამაში. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ასათიანმა, ძოძუაშვილმა, ყიფიანმა, ხურცილავამ. საერთოდ, თბილისი ძალიან მომეწონა.
პატრიკ ბრუინსი (ლონდონელი მასწავლებელი):
ასეთი თამაშის სანახავად მართლაც ღირდა ლონდონიდან ჩამოსვლა. შედეგით კმაყოფილი ვარ. ლონდონში "ტოტენჰემი" გაიმარჯვებს. დიდ მადლობას მოგახსენებთ სტუმართმოყვარეობისთვის.
როჯერ ლოუერი (სტუდენტი):
ბრწყინვალე მოთამაშეა ასათიანი. შედეგით კმაყოფილი ვარ. განმეორებითს მატჩში შანსები ჩემი აზრით, თანაბარია.
(მასალა მოამზადა "ლელოს" სპეციალურმა კორესპოდენტმა თ. ჯაფარიძემ).
"ლელო", 1 დეკემბერი, 1973 წელი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"