მაგრამ ძნელი სათქმელია, ახლა სადღა მიგვიჩინა ადგილი "ტოტენჰემმა". თბილისის "დინამოს" რომ ლონდონელებთან შანსი არ ჰქონდა, ამაზე არავინ დავობდა - დღეს ქართული ფეხბურთი იმ დონის არ არის, რომ ინგლისურ გრანდს სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს.
მაგრამ შოკისმომგვრელი იყო ის სხვაობა, რაც წამყვან ლიგებთან ყოფილა. ის გაცილებით დიდი და მტკივნეულია, ვიდრე შეიძლებოდა წარმოგვედგინა...
გიორგი ჭილაია "ოქროს
1980 წლის სეზონში ჭილაია მცირე ხნით "დინამოს" კაპიტანიც გახლდათ. ვეტერან დინამოელს "ლელო" "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ გაესაუბრა:
- მე არც პრესაში ვჩნდებოდი და არც ტელევიზიაში, მაგრამ იმან, რაც დღეს ვნახე, უზომოდ მატკინა გული, განადგურებული ვარ...
ყველაზე დასანანი ის იყო, რომ ინგლისელებმა რამდენიმე წამყვანი მოთამაშის გარეშე მოგვიგეს და თანაც ისე, რომ ძალები ბოლომდე არც დაუხარჯავთ.
ძალიან მარტივად თამაშობდნენ. არ მიყვარს იმაზე ლაპარაკი, რომ აი, ჩვენს დროს როგორ ვიგებდით, მაგრამ დღეს ეს როგორ არ გავიხსენო? წინააღმდეგობა საერთოდ ვერ გავუწიეთ. მომენტები გვქონდა, რამდენჯერმე გავამწვავეთ თამაში, მაგრამ როგორც კი შეტევას შევეცადეთ, წამოვიდნენ და იმდენჯერ გაგვიტანეს, კლასი გვაჩვენეს და წავიდნენ.
- თქვენი აზრით, რა არის მთავარი პრობლემა, რის გამოც ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდით?
- იცით, ადრე თბილისის "დინამოსა" და ქართული კლუბების მიზანი სხვა იყო. ჩვენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში რომ ვმონაწილეობდით, მხოლოდ ერთი რამ გვამოძრავებდა - ხალხი გაგვეხარებინა. კაი დედის შვილი იყავი და, თბილისში წაგეგო, შეგაჩვენებდნენ, გარეთ გასვლის გვეშინოდა...
სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ჩვენი კლუბები მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბის შედეგებზე ფიქრობენ. ყველამ ვიცით, რომ რომან ფიფია მართლა ბევრს აკეთებს, გუნდი რომ გააძლიეროს და ხალხი გაახაროს. მაგრამ ეს ახლა ბევრად უფრო რთული ამოცანაა, ვიდრე ჩვენს დროს იყო.
მაშინ გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლაში ვიზრდებოდით. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ერთი სეზონის ჩატარება უკვე იმას ნიშნავდა, რომ ევროტურნირში, სულ მცირე, სამარცხვინოდ მაინც არ ვითამაშებდით.
ფაქტია, რომ ჩვენი ჩემპიონატი "დინამოს" კლასის ამაღლებაში ხელს ვერ უწყობს, უკან-უკან ექაჩება და ამას თუ არ მოვუარეთ, არაფერი გვეშველება.
- ფეხბურთელებზე რას იტყვით?
- მიჭირს იმის გაგება, თუ რაში სჭირდება "დინამოს" ზოგიერთი ლეგიონერი. როცა უცხოეთში გიწვევენ, ადგილობრივს ათი თავით უნდა სჯობდე. მე არ ვიცი, შესაძლოა, ეს ვუო და გოგა ფორმაში არ არიან და ამიტომ არ ჩანს მათი კლასი, მაგრამ ასეთ ფეხბურთელს გასაზრდელად ხომ არ იწვევ? ის ხომ ევროთასებზე უნდა დაიხმარო?! არადა, მათი კარგი თამაში ჯერ ვერ ვნახეთ. მაშ, რა გამოდის? - მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში გჭირდებიან?
ვაკვირდებოდი - ვუოს ბურთი ერთხელ არ მიუღია. ჩემი აზრია და თავს არავის ვახვევ - მიმაჩნია, რომ "დინამომ" ქართველი ახალგაზრდები უნდა ათამაშოს. გაიზრდებიან და ეროვნულ ნაკრებს მაინც გამოადგებიან.
- საერთოდ, დღევანდელი ქართული ფეხბურთის დონეზე რას იტყოდით?
- ჩვენი ჩემპიონატის ლიდერები საბჭოთა კავშირის დროინდელ საქართველოს ჩემპიონატში თუ ითამაშებდნენ.
- ხომ არ აჭარბებთ?
- მე კარგად მახსოვს მაშინდელი დონე და დღევანდელს ვადარებ - უმაღლეს და პირველ ლიგაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ჩვენი დღევანდელი ლიდერები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე ლიგაშიც ვერ ითამაშებდნენ. ამას ნიშნისმოგებით არ ვლაპარაკობ, მთელი ქვეყანაა დამნაშავე იმაში, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება.
მაშინდელ საქართველოს პირველობაზეც კი, ყველა გუნდში ორ-სამ გამორჩეულ მოთამაშეს ნახავდი - ვანში, ხობში, ზუგდიდში, გორში, ხაშურში...
იმას რა დამავიწყებს, სამტრედიის "ლოკომოტივი" II ლიგაში რომ იყო და მოსკოვის "დინამო" დევიზ დარჯანიას გოლით დაამარცხა. "ზოოვეტი" თბილისისა და სტუდენტურ ჩემპიონატებში ასპარეზობდა და ორჯერ მოუგო იმ კიევის "დინამოს", რომელსაც მთელი ევროპა უფრთხოდა. ახლა კი ყველამ ვნახეთ, რა დღეში ჩააგდო "ტოტენჰემმა" "დინამო".
ყაზახები და აზერბაიჯანელებიც იოლად გვიგებენ და ამას როგორ შევეგუო?! ჩვენი ჩემპიონატის თამაშებს რომ ვუყურებ, ორიოდე ფეხბურთელს თუ გამოარჩევ. არ ვამბობ, რომ უნიჭოები არიან, მაგრამ 99 პროცენტი დაბალ დონეზეა მომზადებული. ფეხბურთში კი მთავარი ესაა - ფეხბურთელს რისთვის და როგორ მოამზადებ.
ჩვენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობისთვის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ევროთასებზე კარგად გამოსვლისთვის გვამზადებდნენ, ახლა საქართველოს ჩემპიონობისთვის ამზადებენ. განსხვავება ხომ არის?
- მაშინ პირობებიც სხვა იყო...
- ...და თქვენ გგონიათ, უკეთესი პირობები გვქონდა? დღევანდელი წამყვანი მოთამაშეების ხელფასებზე ვერც ვიოცნებებდით. ან სად იყო ისეთი მოედანი, დღეს "დინამო არენასა" და "მიხეილ მესხზე" რომ არის? განსხვავება ის იყო, რომ მოსამზადებელ ეტაპზე დღეში სამჯერ ვვარჯიშობდით და ფიზიკურად მოღონიერებულები საკუთარ შესაძლებლობებს კარგად ვავლენდით. დღეს კი ორჯერადი ვარჯიშების ატანა უჭირთ და ფიზიკურად სუსტები 90 წუთს ვეღარ უძლებენ.
მაშინ არც სასწაულმოქმედი აღმდგენი საშუალებები იყო, ჩვენთვის აღმდგენი საშუალება იყო ძილი...
მე "ტოტენჰემთან" ჩვენი ტაქტიკაც ვერ გავიგე. იცი, რომ ინგლისელები თავით კარგად თამაშობენ, მერე უყურებ, რომ ორმეტრიანი მცველები ჰყავთ, ამ პირობებში საჯარიმოში ბურთის ჩაკიდებით რის მიღწევას იმედოვნებ?
ფეხბურთელების საყურადღებოდაც ვამბობ - რამაზ შენგელიამ იცოდა, ორმეტრიანი მცველების გარემოცვაში სად უნდა მდგარიყო და როგორ გახსნილიყო... მოკლედ, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ...
მაგრამ მაინც, ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. ერთ დღეში "ტოტენჰემს" ვერ დავამარცხებთ. რამდენიმე საინტერესო მოთამაშე გამოჩნდა, მაგალითად - გრიგალაშვილი და პაპავა. კარგი იქნება, თუ გუნდი ნიჭიერი მოთამაშეებით გაძლიერდება და იქნებ, ადრე თუ გვიან, "დინამომ" ძველი დონე დაიბრუნოს.
ჩემს სიტყვებს კი მტრობად ნუ მიიღებენ - წარმოუდგენელია, ძველი დინამოელი ამ გუნდს არ გულშემატკივრობდეს. მისი წარმატება ყველას უზომოდ გაგვიხარდება.
იხილეთ ვიდეო
იხილეთ ფოტოგალერეა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ანდრე ვილაშ-ბოაში: ქართველების დახვედრით კმაყოფილი ვარ
დუშან უჰრინი: რა გინდათ, რომ გავაკეთო?
დინამო-ტოტენჰემი 0:5 - სხვა განზომილება [VIDEO]