არ ვიცით, შენიშნეთ თუ არა "დინამოსა" და "ტოტენჰემის" მატჩის დასაწყისში მომხდარი უცნაური ფაქტი - ბრაზილიის ნაკრებისა და ლონდონელთა ნახევარმცველი პაულინიო თბილისელთა მცველ გია კვარაცხელიას უბნელი ძმაკაცივით რომ მიესალმა და რაღაცაზე ელაპარაკებოდა.
როგორც აღმოჩნდა, ისინი კარგა ხანია იცნობენ ერთმანეთს და ერთ დროს მეგობრობდნენ კიდეც.
მატჩის შემდეგ კვარაცხელიას სწორედ ამაზე ვკითხეთ. ბუნებრივია, ვერც "დინამო"-"ტოტენჰემის" მატჩს ავუვლიდით გვერდს...
- 2005-08 წლებში ლიტვურ "კაუნასში" ვთამაშობდი, - ამბობს კვარაცხელია, - პაულინიო კი 18 წლ
- ასეთი დონის ფეხბურთელი ლიტვაში როგორ მოხვდა?
- ასეთებიც ხდება. ნამდვილად ნიჭიერი ფეხბურთელია და ამას ჩემგან მტკიცება არ სჭირდება, მაგრამ უცნაურია, რომ ვიდრე ბრაზილიის ეროვნულ გუნდში მოხვდებოდა, მანამდე არცერთ ასაკობრივ გუნდში არ უთამაშია. ასეთები კი ევროპულ კლუბებში შედარებით იოლად ხვდებიან.
კარგად მახსოვს, მაშინ "ვილნიუსის" მეპატრონეს სერიოზული გეგმები ჰქონდა - ლიტვის ჩემპიონობასა და ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას უმიზნებდა. ამიტომაც მიიწვია ბევრი ძლიერი ფეხბურთელი.
სხვათა შორის, საყრდენად მოთამაშე პაულინიოს ქართველი მეწყვილე ჰყავდა - ვაკო კაციტაძე. თუ გახსოვთ, ეს ბიჭი ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო, შარშან კი გორის "დილაში" ირიცხებოდა. მის გარდა, პაულინიოსთან ერთად "ვილნიუსში" აკაკი ხუბუტიაც თამაშობდა.
- როგორც მახსოვს, 2007 წელს ლიტვის საუკეთესო ლეგიონერად თქვენ დაგასახელეს. პაულინიო მაშინ გამორჩეული არ იყო?
- მაშინაც კარგად თამაშობდა და პოტენციალიც ეტყობოდა, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ასეთ დონეს მიაღწევდა. ახლა ის სხვა "პლანეტაზეა", ძალიან დიდი პროგრესი აქვს.
- მაშინაც ასეთი ათლეტური იყო?
- სუსტიც არ ეთქმოდა, მაგრამ მთლად ასეთი ათლეტური აღნაგობისაც არ ყოფილა. ხომ გითხარით, ის ძალიან ბევრს მუშაობდა საკუთარ თავზე და არც გამკვირვებია მისი პროგრესი.
- პირადად სად გაიცანით?
- მეტოქეეები ვიყავით და თავიდან ერთმანეთს უბრალოდ ვესალმებოდით. მერე კი პაულინიო უფრო ახლოს გავიცანი, რადგან ჩვენს კლუბშიც თამაშობდნენ ბრაზილიელები და მათ კაუნასში ხშირად აკითხავდა. ის სწორედ ჩემი თანაგუნდელებისგან გავიცანი და დავმეგობრდით კიდეც. უბრალო ადამიანია.
ლიტვის ჩემპიონატიდან ბრაზილიის ნაკრებში - მართლაც ძალიან დიდი ნახტომია. საქმე ისაა, რომ "ვილნიუსის" მეპატრონეს ფინანსური პრობლემები შეექმნა და გუნდი დაიშალა; პაულინიო კი, როგორც ჩემი თანაგუნდელებისგან ვიცი, პოლონეთში წავიდა, მერე ბრაზილიაში დაბრუნდა...
შრომისმოყვარეობა დაუფასდა და ხომ ხედავთ, ახლა რა დონის ფეხბურთელია. ბრაზილიის ნაკრებსა და "ტოტენჰემში" შემთხვევით ვერ მოხვდები.
- დავინახეთ, რომ თამაშის დაწყებამდე თავად მოგესალმათ...
- სიმართლე გითხრათ, მისვლა მერიდებოდა. ვფიქრობდი, მას მერე შვიდი წელი გავიდა და იქნებ არც ვახსოვარ-მეთქი, მაგრამ... თავად მოვიდა, თბილად მომიკითხა და წარმატება მისურვა.
- ეს იყო 22 აგვისტოს ყველაზე კარგად გასახსენებელი ამბავი. თავად მატჩზე თუ შეგიძლიათ, რამე გვითხრათ...
- ასე მეგონა, უცხოპლანეტელებს ვეთამაშეთ. კოშმარი იყო, ბევრად მაღალი კლასის ფეხბურთელებს ვეთამაშებოდით. შედეგით კი განადგურებულები ვართ.
"ტოტენჰემთან" ერთი შანსი გვქონდა - მაქსიმალური მონდომებით გვეთამაშა და ვერავინ იტყვის, რომ სირბილი გვეზარებოდა.
მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ძალა აღმართს ხნავსო, ხომ გაგიგონიათ? ან ვის უნდა დავაბრალო წაგება? შეცდომებზე ლაპარაკი სიბრიყვეა. და თუ რაიმე შეცდომა იყო, ეს არა "დინამომ", არამედ, პირველ რიგში, ქართულმა ფეხბურთმა დაუშვა.
- თქვენი აზრით, მატჩის უფრო ღირსეული შედეგით დასრულება შეუძლებელი იყო?
- 0:5-ის შემდეგ ყველა არგუმენტი უადგილოდ ჩანს. რაღაცას ვიტყვი და თავის მართლებაში ნურავინ ჩამომართმევს - ქართული ფეხბურთის დღევანდელ დონეს მხოლოდ თბილისის "დინამო" ვერ გადაახტება. საქართველოს ჩემპიონატს თუ არ ეშველა და მისი დონე არ ამაღლდა, წარმოუდგენელია რაიმე პერსპექტივაზე ლაპარაკი. სხვაგვარად, ქართულ კლუბებს ევროპაში წარმატებით თამაში გაუჭირდებათ. ელემენტარულად, ჩვენ გამონაკლისები ვერ ვიქნებით და ვერც გულშემატკივარს გავახარებთ.
34 წლის ვარ, ჩემ გარშემო იცვლებოდნენ მწვრთნელები და ხელმძღვანელები, მაგრამ უცვლელი რჩება ჩვენს ფეხბურთში არსებული გარემო. რა პრობლემებსაც წინა თაობები აწყდებოდნენ, იმავე პრობლემებს აწყდებიან დღევანდელებიც.
მე "დინამოს" არ ვგულისხმობ, აქ მართლაც საუკეთესო პირობებია და ვითარება რადიკალურადაა გაუმჯობესებული, მაგრამ გავიხედოთ, რა ხდება სხვაგან, აქვთ კი ნიჭიერ ფეხბურთელებს ზრდის საშუალება? კლუბებს - სტაბილური დაფინანსება, ჩვენს ფეხბურთს კი - კარგი გარემო და ხელშეწყობა? როცა ინგლისელებისა და ჩვენს შესაძლებლობებში უდიდესი განსხვავებაა, შეუძლებელია, ეს შედეგში არ აისახოს.
ეს არის ობიექტური მიზეზი და თუ გვინდა, ასეთი შოკი შემდგომში მაინც ავიცილოთ თავიდან, ქართულ ფეხბურთს სერიოზულად უნდა მიეხედოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თვალსაზრისი: რატომ უყვართ ინგლისში ფეხბურთი სხვანაირად?..
დინამო-ტოტენჰემი 0:5 - სხვა განზომილება [VIDEO]
აი ეს არის დღევანდელი ქართული ფეხბურთი!