გივი დიდავა: პროფესიული პრინციპებისთვის არასოდეს მიღალატია

AutoSharing Option
გივი დიდავამ აქტიური საფეხბურთო კარიერა 37 წლის ასაკში დაასრულა. ამჟამად, ის მარტვილის "მერანის" სამწვრთნელო შტაბში მუშაობს. ეს მისი ახალი ამპლუაა.

ამიტომ, უფრო მეტი სათქმელი თავის წარსულზე აქვს. 21-წლიანმა საფეხბურთო ცხოვრებამ დიდავას უამრავი ტიტული მოუტანა. ის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, თასისა და სუპერთასის მრავალგზის გამარჯვებულია. დღეს ის თავის შთამბეჭდავ კარიერასა და სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრება:

- ფეხბურთის თამაში 6 წლიდან დავიწყე, საფეხბურთო სკოლა "განთიადში". ჩემი პირველი მწვრთნელი ზაურ მიქაძე გახლდათ. პირველი დიდი კლუბი ქუთაისის "ტორპედო" იყო, რის შემდეგაც ვთამაშობდი თბილისის "დინამოში", ბოლნისის "სიონში",
ცხინვალის "სპარტაკში"... ბოლო ორი სეზონი კი მარტვილის "მერანში გავატარე.

არაერთხელ ვიყავი საქართველოს ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელი, ტიტულები ნამდვილად არ მაკლია... არ შემიძლია, დიდი პატივისცემით არ გავიხსენო "დინამოს" მაშინდელი მწვრთნელი, აწ გარდაცვლილი დავით ყიფიანი, რომელთანაც მუშაობა ჩემთვის დიდი სკოლა და პატივი იყო.

სწორედ მან წამიყვანა ბელგიაში, კერძოდ - "მეხელენში", სადაც, ჩემ გარდა, იყვნენ ჩალაძე, კიკნაძე, ხომერიკი, ჩხეიძე, ანჩაბაძე... ერთი სეზონი ვითამაშე ისრაელშიც.

Sportall.Ge- ეროვნულ ნაკრებში პირველ მატჩს როგორ გაიხსენებდით?
- ნაკრებში 23 მატჩი ჩავატარე. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ეროვნულ გუნდში გამოძახება დიდი მოვლენაა და ამ მხრივ, არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. არასოდეს დამავიწყდება რუსეთთან ისტორიული გამარჯვება, მალხაზ ასათიანის გოლმა რომ სრულიად საქართველო გაახარა... კარგად მახსოვს ირლანდიასთან მატჩიც...

საერთოდ, ვიტყვი, რომ ჩვენი ფორმაციის ნაკრებმა ბევრი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა, გუნდი ნორმალურ ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა რაღაც მაინც გვაკლდა. დასანანია, რომ გუნდმა, რომელშიც კალაძე, ქინქლაძე, ჯამარაული, ქეცბაია, არველაძე და სხვა მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ, ვერც ერთხელ ვერ მოიპოვა მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური. პირადად მე, საამისოდ არაფერი დამიშურებია...

- დღევანდელი გადასახედიდან განვლილ წლებს როგორ აფასებთ?
- პროფესიულ ფეხბურთში 1992 წლიდან ვარ. ამ წლების განმავლობაში, რასაკვირველია, იყო ჩავარდნებიც, უიღბლობაც... თუმცა ღმერთის წყალობით დაბრკოლებები გადამილახავს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროფესიული პრინციპებისთვის არასოდეს მიღალატია.

ყველაფერს ბრძოლისა და უზომო შრომის შედეგად მივაღწიე. სამწუხაროდ, ასაკი არ მაძლევს საშუალებას, რომ კიდევ დავრჩე ფეხბურთში. ახლა 30 წლის რომ ვიყო, საშუალოევროპულ გუნდში უპრობლემოდ ვითამაშებდი... წინა სეზონის დასრულების შემდეგ, "მერანის" მეპატრონე ფრიდონ ინჯია დამიკავშირდა და გუნდის მეორე მწვრთნელის თანამდებობა შემომთავაზა. რა თქმა უნდა, ეს მალხაზ ჟვანიასთან შეთანხმებით მოხდა.

შემოთავაზებას უპრობლემოდ დავთანხმდი, რადგან ვგრძნობ, მალხაზ ჟვანიას სახით გუნდს ძალიან კარგი ადამიანი და უნიჭიერესი მწვრთნელი უდგას სათავეში. მან "მერანი" ერთ მუშტად შეკრა. აქ ურთიერთობები ერთმანეთის პატივისცემაზეა დამყარებული. ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავარ და ვეცდები, არც ამ კუთხით შევირცხვინო თავი.

- რით ახსნით ეროვნული ჩემპიონატის დონის წლიდან წლამდე დაქვეითებას?
- მართალი ხართ, სამწუხარო რეალობაა, რომ ეროვნული ჩეპიონატის დონე წლიდან წლამდე უარესდება. ამას უამრავი მიზეზი აქვს.

ვფიქრობ, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა, რაც ოფიციალურად, საკანონმდებლო დონეზე უნდა დამტკიცდეს. წარმატებული ევროპული ქვეყნების მოდელის გადმოტანა და საგადასახადო შეღავათების დაწესება ურიგო არ იქნებოდა. ქართველებს ფეხბურთში ამოუწურავი
რესურსი გვაქვს და მისი გამოუყენებლობა არ შეიძლება.

- "მერანი უმაღლესი ლიგის პირველი გუნდია თქვენს სამწვრთნელო კარიერაში. რა შეგძინათ და რა დაგანახავთ გუნდში გატარებულმა ორმა წელიწადმა? - როგორც ფეხბურთელს და ახლა უკვე როგორც მწვრთნელს?
- "მერანში" "სიონიდან" გადმოვედი. მარტვილში როგორც კი ჩამოვედი და მალხაზ ჟვანია გავიცანი, იმ დღიდან იღებს სათავეს ჩვენ შორის მეგობრობაც. აქ დამხვდნენ ფეხბურთელები, რომელთან ერთადაც სხვადასხვა დროს მითამაშია, გამოვყოფდი გიორგი მანწკავასა და გიგა ჟვანიას... საერთოდ, მარტვილელებს იმ პერიოდში კარგი შემადგენლობა ჰყავდათ.

აგერ, ელგუჯა გრიგალაშვილი ეროვნული ნაკრებისა და "დინამოს" საკვანძო ფეხბურთელად ყალიბდება, ანზორ სუხიაშვილი კი "მეტალურგში" სისტემატურად თამაშობს. "მერანი" დღესაც რჩება ტექნიკურ და მებრძოლ გუნდად და მჯერა, ქართულ ფეხბურთში თავის კვალს აუცილებლად დატოვებს.

- რა იქნება თქვენი მაქსიმუმი მიმდინარე ჩემპიონატში და ვინ მიგაჩნიათ უმთავრეს კონკურენტებად?
- ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი ზედა ექვსეულში მოხვედრაა, მთავარ კონკურენტებად კი "მეტალურგს", "ჩიხურასა" და "ტორპედოს" ვხედავ. დასანანი მარცხი განვიცადეთ ლანჩხუთის "გურიასთან", არადა, თავისუფლად შეგვეძლო სამი ქულის აღება...

რაც შეეხება საქართველოს თასს, პირველ შეხვედრაში "სამტრედია" დავამარცხეთ. ვეცდებით, თავი ამ ტურნირზეც ღირსეულად წარმოვაჩინოთ.

- ალბათ, მეგრულ დერბიში გამარჯვებამ ზედა ექვსეულისთვის ბრძოლის სურვილი კიდევ უფრო გაგიმძაფრათ...
- "ზუგდიდთან" უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით, თუმცა მათგან მხოლოდ ორის გატანა მოვახერხეთ. დერბიში გამარჯვებით ბიჭებს საკუთარ თავის რწმენა დაუბრუნათ.

- ყველაზე მეტად რომელი ფეხბურთელის პროგრესს გამოარჩევდით?
- ძირითად შემადგენლობაში უკვე დაიმკვიდრა ადგილი 16 წლის აკაკი შულაიამ, რომელიც არა მარტო გუნდის, არამედ ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ყალიბდება. შულაია საოცრად ეფექტური და ტექნიკურია.

აშკარაა, რომ მას დიდი ფეხბურთელისთვის დამახასიათებელი მონაცემები აქვს. კმაყოფილი ვარ სხვა ახალგაზრდებითაც, გამოვყოფდი პაპუნა ფონიავასა და კიჭი მელიავას, რომლებიც დღითი დღე პროგრესირებენ.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- კლუბთან კონტრაქტი სეზონის დასრულებამდე მაკავშირებს. ჩემი აქ დარჩენა-არდარჩენა შედეგის მიხედვით შეფასდება.

- დაბოლოს, რას ურჩევდით დამწყებ ფეხბურთელებს?
- იყვნენ თავიანთ საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებულები. წარმატების საიდუმლო ყოველდღიურ შრომასა და განვითარებისაკენ სწრაფვაშია. იმისთვის, რომ ჯერ დუბლებში და შემდეგ მთავარ გუნდში გადახვიდე, რაღაც მსხვერპლის გაღებაცაა საჭირო.

იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი ასეთ შრომას გადაიტანენ, შანსები ერთიორად გაეზრდებათ და მერწმუნეთ, აუცილებლად დაფასდებიან. საქართველოში უამრავი ნიჭიერი ბავშვია, მათ სწორი აღზრდა და დაკვალიანება სჭირდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენს ჩემპიონატს გამოასწორებს ის რომ ფეხბურთელებს ნორმალურად გადაუხადონ დატოვონ დიდხანს და ეშველება.
gaga
23:07 08-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული