წყალტუბოში სტადიონი უნდა აშენდეს

AutoSharing Option
წყალტუბოდან კარგი ამბავი მოვიდა - 26 მაისის სახელობის სტადიონის ხელახლა აშენება იგეგმება.

ქართული ფეხბურთისთვის ინფრასტრუქტურა რაოდენ დიდი მნიშვნელობისაა, თქმა არ უნდა. პერიფერიებში ფეხბურთის ფედერაციისა და ქვეყნის ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, ახლა კი, როგორც ჩანს, წყალტუბოს ჯერია.

17 სექტემბერს წყალტუბოში არქიტექტორთა ჯგუფი და მთავრობის წარმომადგენელი ჩავიდნენ. ეს ინფორმაცია "სამგურალის" დირექტორმა ამირან ვარდანიძემ დაგვიდასტურა.

"სამგურალი" ახლა ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში თამაშობს, წყალტუბოში კი - ვარჯიშობს, სადაც ძველი სტადიონიდან ოდენ მინდორი შემორჩა. საშინაო მატჩებს გუნდი სამტრედიაში, ხელოვნურსაფარიან მოედანზე მართავს.

შევიტყვეთ,
რომ ამ ცოტა ხნის წინათ წყალტუბოს სტადიონის ხელახლა აშენებაზე მომუშავე ჯგუფი სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანს ეწვია; ამას გარდა, კონსულტაცია გაიარა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან.

ვარდანიძემ გვითხრა, რომ ამ დროისთვის არსებობს ორი პროექტი: ერთის მიხედვით, სუფთა საფეხბურთო არენა უნდა აშენდეს, მეორე პროექტი კი ისეთი სტადიონის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელსაც სარბენი ბილიკიც ექნება.

ცხადია, ისიც ვიკითხეთ, თუ რა სახსრებით აშენდება წყალტუბოში სტადიონი. ამ დროისთვის მთელი საკურორტო ქალაქის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, მწვანეში ჩაფლულ წყალტუბოს ალამაზებენ და ამ პროექტში, მთავრობის გარდა, მსოფლიო ბანკიც მონაწილეობს.

როგორც ვარდანიძემ გვითხრა, სტადიონის ასაშენებლად მსოფლიო ბანკი 2,5 მილიონი ლარის გამოყოფას აპირებს, მთავრობა კი - 1,5 მილიონის.

4 მილიონი ლარი გრანდიოზულ მშენებლობას ვერ ეყოფა, მაგრამ კოხტა სტადიონის ასაშენებლად, ალბათ, საკმარისი იქნება. რადგან ინვესტიციების განხორციელება რეალურია, წყალტუბოში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის აშენებას გეგმავენ. ეს ქალაქი სასტუმროების ნაკლებობას არ უჩივის და თუ კარგ სტადიონსაც წამოჭიმავენ, წყალტუბოში ევრომატჩების ჩატარებაც მოხერხდება, იქვე ახლოს ხომ, ქუთაისში, საერთაშორისო აეროპორტიცაა.

"ორიდან რომელი პროექტი გაიმარჯვებს, ამას ქვეყნის ხელისუფლება გადაწყვეტს
", - გვითხრა ვარდანიძემ.

სავარაუდოდ, წყალტუბოს ახალი სტადიონი 3-4 ათას კაცს დაიტევს და თუ ფიფა-უეფას სტანდარტებს გაითვალისწინებენ, ნაგებობას, სულ მცირე, ნაწილობრივი გადახურვა აუცილებლად დასჭირდება.

ორივე პროექტი იმას ითვალისწინებს, რომ სტადიონს სათადარიგო მოედანიც უნდა ჰქონდეს, რათა "სამგურალმა" ხელოვნურ საფარზე ივარჯიშოს და მინდორზე ითამაშოს. სანამ 26 მაისის სახელობის სტადიონი დაინგრეოდა, 12 ათას გულშემატკივარს იტევდა.

იმედია, წყალტუბოში სტადიონის აშენებას წინ აღარაფერი დაუდგება. ის კი საკითხავია, "სამგურალს" თუ ექნება ისეთი დაფინანსება, მნიშვნელოვნად რომ მოღონიერდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სარბენი ბილიკების გარეშე როგორ შეიძლება, რატომ უნდა დავკარგოთ წყალტუბოში ოლიმპიადის ჩატარების შანსი?
Walkabout
10:51 19-09-2013
0
ოლიმპიადას აშშ-მ საუკუნეში ორჯერ უმასპინძლა და წყალტუბო........... ოლიმპიადა არადა მსოფლიო ჩემპიონატი - აუცილებლად! ბლიაად :))) სულ გამოსირდა ეს ხალხი, მაგარი დაბოლებულები არიან, რომ ქართული ფეხბურთის პრობლემები ინფრასტრუქტურის ბრალი ყოფილა.
haha
22:13 19-09-2013
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული