23 ნოემბერს ვლადიკავკაზში 90-იანი წლების "ალანიასა" და მოსკოვის "სპარტაკის" ვეტერანთა შეხვედრა ხმაურიანი სახელწოდებით გაიმართება - "ლეგენდების მატჩი". ვლადიკავკაზელებმა ის ფეხბურთელები მიიწვეს, რომლებმაც კლუბს 1995 წლის ისტორიული გამარჯვება, რუსეთის ჩემპიონის ტიტული მოუტანეს. მიწვეულთა შორის თბილისის "დინამოს" ის ფეხბურთელებიც არიან, ვლადიკავკაზელთა მაშინდელ წარმატებაში წონადი წვლილი რომ შეიტანეს: ომარ თეთრაძე, მურთაზ შელია, მიხეილ ყაველაშვილი, ზაზა რევიშვილი, ზაურ ხაპოვი და სოსო გრიშიკაშვილი.
მიხეილ ყაველაშვილი 1995 წელს 12 გოლით "ალანიას" საუკეთესო ბომბარდირი გახდა, დაცვაში საიმედოდ თამაშობდა მურთაზ შელია, ზაზა რევიშვილი კი "ალანიას" მაშინდელი მთავარი მწვრთნელის
ვალერი გაზაევის ერთ-ერთი ფავორიტი გახლდათ.
"ქართველების წვლილს "ალანიას" გამარჯვებაში დღემდე აფასებენ და მეგობრული ურთიერთობები არ გაგვიწყვეტია. ვლადიკავკაზში მე და გრიშიკაშვილი 22 ნოემბერს მივემგზავრებით, იმედია, ყაველაშვილი და რევიშვილიც ჩამოვლენ - მოსაწვევი ყველას გამოგვიგზავნეს", - გვითხრა მურთაზ შელიამ.