დავით კვირკველია: რაღაც გვაკლია და ვერ ვხვდებით

AutoSharing Option
1999 წელს ფოთის "კოლხეთში" დაწყებული კარიერის შემდეგ დავით კვირკველიას თავს ბევრი რამ გადახდა - 9 კლუბი გამოიცვალა, ეროვნულ ნაკრებში 53 შეხვედრა ჩაატარა...

33 წლის კვირკველია ახლა თბილისის "დინამოშია". მას შეტევებში ჩართვა კი უყვარს, მაგრამ 29 სექტემბერს მის კარიერაში განსაკუთრებული რამ მოხდა - მარტვილის "მერანთან" დუბლი შეასრულა.

"ლელომ" გამოცდილ მცველს ინტერვიუ სთხოვა...

- სასიამოვნოა, როცა გუნდს დუბლით ეხმარები. ასეთი შემთხვევა ადრეც მოხდა, თბილისის "დინამოში" პირველად რომ ჩავირიცხე. მაგრამ მაშინ ვის გავუტანე, რაღა დაგიმალოთ და, ვეღარ ვიხსენებ.

- ასეთი ამბავი როგორ დაგავიწყდათ?

- პატარა ბიჭიც აღარ ვარ, თქვენ კი 11 წლის წინანდელი თამაში გამახსენეთ. ეს დუბლი კი აუცილებლად დამამახსოვრდება, რადგან ჩემდა მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ საქართველოში არის ერთი მშვენიერი კლუბი - მარტვილის "მერანი", ამ კლუბთან მძიმე შეხვედრაში გავიმარჯვეთ. მასთან კიდევ ბევრ გუნდს გაუჭირდება, მათ შორის, ლიდერებსაც.

- საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატების შემდეგ, საქართველოში თამაში არ გაგიჭირდათ? სამწუხაროდ, ჩვენთან ძალიან დაბალი დონეა, რაც ევროტურნირებზეც კარგად ჩანს...
- ჩვენთან სასურველი დონე მართლაც არ არის, მაგრამ თუ თქვენ "ტოტენჰემთან" მარცხს გულისხმობთ, ამ გუნდთან მოგება ჩვენზე ძლიერი ლიგის ბევრ გუნდს გაუჭირდება. რუსეთის ჩემპიონატზე ცუდს ვერავინ იტყვის, მშვენიერი გუნდები, მწვრთნელები და ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ხომ ნახეთ, ევროპის ლიგაზე მახაჩყალის "ანჟიმ" იმავე "ტოტენჰემთან" შინ ვერაფერი გააწყო და დამარცხდა...

თუმცა ჩვენთან რომ მძიმე მდგომარეობაა, ეს აშკარაა და ამის უარყოფა სისულელე იქნება. გამოსავალი გვჭირდება და იქნებ, ქართული ფეხბურთისთვის ახლა მაინც გაკეთდეს რამე.

- თქვენი აზრით, გამოსავალი რა იქნება?
- რომან ფიფიასავით მზრუნველი და ფეხბურთზე შეყვარებული რამდენიმე ადამიანის გამოჩენა! ასე რომ მოხდეს, თუნდაც 4-5 კლუბში, დარწმუნებული ვარ, ბევრად უკეთესი და დაძაბული ჩემპიონატი გვექნება. ეს კი საერთო დონის ზრდასაც შეუწყობს ხელს.

მიმაჩნია, რომ ჩემპიონატის დონის ასაწევად სწორედ 4-5 ძლიერი გუნდი გვჭირდება, რომელთა გვერდითაც მოთხოვნებს სხვებიც გაზრდიან. ასე დაიწყო რუსეთში ჩემპიონატის პროგრესი და ასე იყო უკრაინაშიც.

- ჩვენს გუნდებზე რას იტყვით?
- მარტვილის "მერანზე" უკვე გითხარით, მომეწონა და ამ გუნდს რომ მეტი დაფინანსება ჰქონდეს, დარწმუნებული ვარ, სამეულში თავისუფლად მოხვდება. არის კიდევ რამდენიმე საინტერესო კლუბი, მაგალითად, გორის "დილა", "ტორპედო", "ზესტაფონი", "მეტალურგი", საჩხერეს "ჩიხურა", მაგრამ საერთო დონის გასაზრდელად, ბევრად მეტი ძლიერი და, რაც მთავარია, სტაბილური გუნდი გვჭირდება. თანაც, წლეულს ბევრს გაუჭირდა.

- ვითომ, შარშან უკეთესი გუნდები გვყავდა?
- უფრო მეტი დაფინანსება ნამდვილად იყო და ეს გუნდის მომზადების დონესაც განაპირობებდა. მე "დინამოში" გორის "დილადან" გადმოვედი და კარგად ვიცი, რომ იქ შარშან ბევრად უკეთესი პირობები იყო. ახლა კი ასე აღარ არის.

ვიცი, ქუთაისის "ტორპედოშიც" სხვა ვითარებაა. "ზესტაფონი" ჩემპიონატამდე ორი კვირით ადრე შეიკრიბა და სეზონისთვის ნორმალურად როგორ მოემზადებოდა? ეს ყველაფერი ჩემპიონატს დაეტყო.

- შესაბამისად, "დინამოც" მეტოქეებისგან ნაკლებ წინააღმდეგობას აწყდება?
- "დინამოსთან" ყველა თავს იკლავს და შეუძლია თუ არა, ბოლომდე იბრძვის. გუნდში მეორედ ვარ და ერთ შემთხვევასაც ვერ გავიხსენებ, ვინმეს ჩვენთან მოდუნებულს ეთამაშა - ყველა 200 პროცენტით იხარჯება. "დინამოს" ბედი ასეთია და ამას შეგუებულები ვართ. ჩვენთან მოგება პრესტიჟიც არის და თავის გამოჩენის მშვენიერი შანსიც - იქნებ, "დინამოში" მოხვდე, მეტი პრემია აიღო ან ხალხმა უკეთ გაგიცნოს.

მაგალითად, მარტვილელმა შულაიამ ჩვენთან მშვენივრად ითამაშა და ახალგაზრდულში მიიწვიეს. წარმატებას ვუსურვებ ამ ბიჭს. მიმაჩნია, რომ დიდი პრესპექტივა აქვს.

დღეს ჩვენ საქართველოს პირველი გუნდი ვართ, მაგრამ ასეთი კიდევ რამდენიმე უნდა იყოს. ერთი გუნდი დონეს ვერ გაზრდის.

- ეს ნაკრების გაძლიერებასაც წაადგება...
- რა თქმა უნდა. დიდი არჩევანი რომ იქნება ეროვნულ ჩემპიონატსა და უცხოეთში მოთამაშეებს შორის, ეს ნაკრებში კონკურენციას გაზრდის, ფეხბურთელებში კი - მოტივაციას. გუნდის წინსვლის მთავარი წინაპირობაც სწორედ ეს არის.

- ბოლო ორი ციკლია, ნაკრებს ერთი და იგივე მოსდის - ადრე, გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისში ლატვიამ მოგვიგო - 1:0. ახლა კი, ასევე პრინციპულ მატჩში, შინ ფინეთთან დავმარცხდით - 0:1. არადა, ორივესთან გასვლაზე 1:1 ვითამაშეთ და მოგების შანსიც რეალური იყო. რა ემართება ჩვენს გუნდს პრინციპულ მატჩებში?
- მგონია, რომ გადაჭარბებულმა ემოციებმა ცუდი სამსახური გაგვიწია. რაღაც არ გამოვიდა, უიღბლობაც იყო... ბიჭები შემეცოდნენ. ეტყობა, საფრანგეთთან ძალიან დიდი ენერგია დახარჯეს. დასანანი კი იყო - ფრანგებთან მშვენივრად ვითამაშეთ. არადა, ხალხს დიდი მოლოდინი ჰქონდა.

- წლებია, ჩვენი ფეხბურთი უმძიმესი მდგომარეობიდან ვერ გამოსულა. ზოგადად, ფინანსების გარდა, კიდევ რა პრობლემებს ხედავთ?
- ვეტერანებით დაწყებული, ახალი მმართველებით დამთავრებული, ეს საკითხი ვერავინ გადაწყვიტა და ზუსტი პასუხი ვერც მე მექნება. ზოგადად კი ფეხბურთი ადამიანივით არის - სითბო, სიყვარული და მზრუნველობა უყვარს. სხვაგვარად, არაფერი გვეშველება.

- კატასტროფული მდგომარეობის მიუხედავად, გულშემატკივრებისა და სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ქართულ ფეხბურთში დიდი პოტენციალია. თქვენი აზრით, ეს მართლაც ასეა?
- თამაში როგორ არ შეგვიძლია?! ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვეზრდება და ასაკობრივი ნაკრებებიც წარმატებებს აღწევენ. მაგრამ რაღაც გვაკლია, კონკრეტულად რა - ეს არ ვიცით და ვერც ვხვდებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბ-ნო მერაბ! ქართული ფეხბურთის კატასტროფის მიზეზებიც ცნობილია და პრობლემის მოგვარების გზებიც. აუცილებელია ფეხბურთელს ვასწავლოთ: სწრაფი აზროვნება და ემოციების მართვა, სირბილი 90 წუთის განმავლობაში და აღდგენა, სწორად სუნთქვა და ზომიერი დატვირთვით ვარჯიში (სხვაგვარად 20 წლის ასაკში ფეხბურთელის ნაცვლად ინვალიდს მივიღებთ)... გავაგრძელო?
guja_kakhadze
21:21 06-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული