ის არაერთხელ გამოსულა ბავარიული გიგანტის წინააღმდეგ, ოღონდაც, ამ სეზონში კობი ფეხბურთელის კარიერას ასრულებს და თუ ბოლო სეზონშიც ითამაშებს მიუნხენელთა წინააღმდეგ, გულს გაუხარდება.
ბოლო წლებში მოკლებული ვართ ქართველი ფეხბურთელების ხილვას დიდ კლუბებში თუ დიდ კლუბებთან პაექრობებში, დღეს კი ამის შანსი ჩვენც გვაქვს კობიაშვილთან ერთად.
როცა კობი "ფრაიბურგის" ფეხბურთელი იყო, "ბაიერნს" ჯარიმიდან გაუტანა. ბავარიელთა კარს მაშინ ოლივერ კანი იცავდა. ის თამაში "ფრაიბურგმა" 3:4 წააგო, თუმცა ფოლკერ ფინკეს ქართველებმა მართლაც კარგად ითამაშეს, ფრაიბურგელმა ფანებმა კი კანს ბანანები
ეს "ბაიერნი" კი მაშინდელზე ძლიერი უნდა იყოს, თუმცა პეპ გვარდიოლას ბოლომდე აქვს თუ არა დალაგებული ურთიერთობა ფეხბურთელებთან, ჯერაც საკითხავია. ბუნდესლიგის წინა ტურში "ბაიერნმა" "მაინცს" 4:1 რომ მოუგო, არიენ რობენს უნდოდა პენალტის დარტყმა, მაგრამ გვარდიოლამ არ დაარტყმევინა და 11-მეტრიანი თომას მიულერმა შეასრულა. მერე "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგაზე "პლზენი" დააჩოქა - 5:0 დაამარცხა.
გვარდიოლამ რობენს დაუყვირა - პენალტი დაარტყიო, მაგრამ ჰოლანდიელმა ბურთი ფრანკ რიბერის გადააწოდა...
შტეფან ეფენბერგმა თქვა - "მაინცთან" მწვრთნელმა ფეხბურთელი ათასობით გულშემატკივრის წინაშე შეარცხვინაო. ვფიქრობ, ეფენბერგმა ეს იმიტომ თქვა, რომ ბევრ გერმანელს შურს გვარდიოლასი. რა თქმა უნდა, "ეფეს" შეეძლო, ეთქვა - არ ვიცი, თამაშის წინ რა უთხრა გვარდიოლამ ფეხბურთელებს, თუ მწვრთნელმა თქვა, პენალტი მიულერმა უნდა დაარტყასო, მაშინ რობენთან გვარდიოლა მართალიაო...
დასავლეთის კარგ ქვეყნებში სულ სხვანაირად წონიან თითოეულ სიტყვას. ეფენბერგმა თქვა ის, რაც გულს მოეფინებოდა "ბაიერნის" გულშემატკივრებს. რობენი მათი კერპია, გვარდიოლას კი "ბაიერნში" თავისი ჯერაც დასამტკიცებელი აქვს.
პეპს შეუძლია, რობენი სათადარიგოთა სკამზე დასვას ან ტრიბუნაზე, მაგრამ "ბაიერნი", რაც უნდა ძლიერი იყოს, ყველა თამაშს ვერ მოიგებს, "მაინცსა" და "პლზენზე" გაცილებით ძლიერი მეტოქეები შეხვდება და რობენი იქ უკვე ძალიან დასჭირდება. თუ მწვრთნელი ფეხბურთელის საქციელზე თვალს დახუჭავს, გამოვა, რომ ის სუსტია, ხოლო თუ მწვრთნელს უთანხმოება მოუვა გუნდის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავთან, ესე იგი, მას ფეხი დაუცდა ფეხბურთელთან ურთიერთობაში.
გვარდიოლა გერმანიაში უცხოელი მწვრთნელია, თანაც - "ბაიერნის", და მხოლოდ გუნდის ტაქტიკა-სტრატეგიაზე ვერ იფიქრებს.
გვარდიოლასა და რობენის ამბავი იმად გამახსენდა, რომ მალე გაირკვევა, ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მომდევნო შესარჩევ ციკლში - თემურ ქეცბაია იქნება ის თუ ახალი მწვრთნელი, ფეხბურთელებთან ურთიერთობა უთუოდ დასალაგებელი ექნება. სწორედ ეს ურთიერთობა გახდება გუნდის საფუძველი.
ურთიერთობის პრობლემა ალბათ ყველა გუნდში გამოხტება ხოლმე. ამასწინათ, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ გენმდივან დავით კვინიკაძესთან მქონდა ინტერვიუ. მან არა ერთი საინტერესო ამბავი გაიხსენა, მათ შორის - ფედერაციასა და მწვრთნელს, მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობის ასპექტები.
პრობლემატური იყო ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ნაკრების მწვრთნელის ურთიერთობაც და როცა ახლა კიდევ ერთხელ არის გადასაწყვეტი, თუ ვის ჩააბარებენ ნაკრებს, ეს ფაქტორიც გახდება გასათვალისწინებელი - ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც გაეზრდება...
მერაბ ჟორდანიასა და "ვიტესზე" გასულ კვირაში ბევრი დაიწერა. თბილისის "დინამოსა" და ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა იცოდა ადამიანებთან ურთიერთობა და ვიტესური ამბების მერე ალბათ ამიტომაც გახდა აქტუალური ვარაუდები იმაზე, აპირებს თუ არა ის საქართველოში დაბრუნებას.
ჟორდანიას ყოველთვის ჰქონდა უპირატესიბა იმ საკითხში, რასაც ურთიერთობა ჰქვია.
გვარდიოლას კი უკვე ებრძვიან...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"