ახალი ასოციაცია ფედერაციას: დავიცვათ ფეხბურთელთა უფლებები!

AutoSharing Option
ფოტოზე: მარცხნიდან: ედიკ საჯაია, ჯაბა მუჯირი, კახა კუჭავა

11 სექტემბერს საზოგადოებამ "საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის" დაფუძნების თაობაზე შეიტყო. ეს ფიფას აგენტის, ბესარიონ აბაშიძის, ადვოკატების - იმედა დვალიძის, ზვიად კორძაძისა და ყოფილი და ამჟამინდელი ფეხბურთელების - ზურაბ ხიზანიშვილის, გოჩა ჯამარაულის, მიხეილ ყაველაშვილისა და ლექსო ინწკირველის ინიციატივით მოხდა.

31 ოქტომბერს კი "პირველი რადიოს" პრესკლუბში მსგავსი პროფილის მეორე ორგანიზაციის, "საქართველოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის" პრეზენტაცია შედგა.

მისი დამფუძნებლებიც ყოფილი ფეხბურთელები არიან - ჯაბა მუჯირი, ედიკ საჯაია, სოსო გრიშიკაშვილი.

როგორც ჯაბა მუჯირმა გვითხრა, იდეა ოთხი წლის
წინათ, "ლელოში" დაბეჭდილი ერთ-ერთი წერილის შემდეგ დაებადა:

"ბოლო ხანებში ფეხბურთელებსა და კლუბებს შორის დავები იმდენად გახშირდა, ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელი იყო. ამ იდეის განხორციელებაზე 4 წლის წინ დავფიქრდი, როცა "ლელოში" "ზესტაფონსა" და მის ყოფილ მეკარეს, გია ჭანტურიას შორის დავის დეტალებს გავეცანი.

ერთი თვეა, რაც ასოციაცია შეიქმნა და ჩვენს რიგებში უკვე 150-მდე ფეხბურთელი გაწევრიანდა. ასოციაციის ძირითადი მიზანი ფეხბურთელთა ინტერესების დაცვაა.

ჩვენი ოფიციალური პარტნიორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია "ერისთავის იურიდიული ჯგუფი" გახდა, რომელიც ფეხბურთელებს იურიდიულ კონსულტაციებს უფასოდ გაუწევს. ასოციაცია ფეხბურთელებს მხოლოდ მათი კლუბების ინფორმირების შემდეგ დაელაპარაკა.

ჩვენდამი ნდობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ "პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის" დამფუძნებლებიც ყოფილი ფეხბურთელები არიან. ასოციაცია დაფუძნდა არა კლუბებთან კონფრონტაციისთვის, არამედ თანამედროვე ხედვების დასამკვიდრებლად - ფეხბურთელი მის დამქირავებელთან თანაბარ პირობებში უნდა იყოს და არა - კაბალურში.

არადა, მოთამაშეები ხშირად სწორედ ასეთი კონტრაქტების მსხვერპლნი ხდებიან და დაუცველები არიან. კლუბები უარს ამბობენ მკურნალობის ხარჯებზე, ბედის ანაბარა ტოვებენ და ასე შემდეგ.

ახლახან ლიტვაში ერთი ფეხბურთელი დაშავდა და გამოუშვეს. მას ხელშეკრულებაში წარმოუდგენელი რამ ეწერა - თურმე კონტრაქტის მესამე პირისთვის გაცნობის უფლება არ ჰქონდა და სწორედ იმიტომ, რომ ფეხბურთელის უფლებები დაცული არ იყო. ერთ კონტრაქტში კი ეწერა - თუ ფეხბურთელი ტრავმას 24 დღეში არ მოირჩენდა, ხელშეკრულება გაუქმდებოდა, კლუბის პასუხისმგებლობასა და მის მიერ მკურნალობის ხარჯის გასტუმრებაზე კი არაფერი ეწერა.

ასოციაციაში უმაღლესი და პირველი ლიგის 150 ფეხბურთელის გაწევრიანებაც სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენში დამკვიდრებული საკონტრაქტო სისტემა გადასახედია.

კარგია, რომ ჩვენი ორგანიზაციის აუცილებლობას კლუბებიც აღიარებენ, ხოლო ფეხბურთელებმა დაძლიეს შიში, რომ კლუბები ჩვენთან გაწევრიანებაში ხელს შეუშლიდნენ. მხოლოდ უმაღლესი ლიგის სამ კლუბს ვერ შევხვდით, მაგრამ ვგეგმავთ".


კახა კუჭავა, "ერისთავის იურიდიული ჯგუფის" წარმომადგენელი, ასოციაციის გამგეობის წევრი:

"ჩვენი სურვილია, ფეხბურთელებს არსებული პრობლემების მოგვარებაში დავეხმაროთ. ეს უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებებს ვერ შეეხება. მომავალში სხვადასხვა ინიციატივით გამოვალთ".

ჯაბა მუჯირს ადრე დაარსებულ "საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციასთან" მსგავსებაზეც ვკითხეთ და იმაზეც, თუ რატომ ვერ გაერთიანდა შინარსიითა და მიზნებით იდენტური ორი ორგანიზაცია:

"მოკლედ ვიტყვი, რომ ჩვენ შორის განსხვავება გადაწყვეტილების მიღების პრინციპებშია. ჩვენ გუნდურობას ვამჯობინებთ.

ჩვენი მიზანია, სტანდარტული კონტრაქტები შედგეს, სადაც მხოლოდ ციფრები ჩაიწერება. ამის შესახებ კლუბებსაც ვაცნობეთ.

მაგრამ ერთია ჩვენი შეთავაზება და მეორეა, როცა ფეხბურთელი კლუბთან ერთი-ერთზე დარჩება. ამიტომ უახლოეს პერიოდში ამ წინადადებით ფედერაციასაც მივმართავთ - ფეხბურთელთა უფლებები მინიმალურ დონეზე მაინც იყოს დაცული".


ბოლოს მუჯირს ეგრეთ წოდებული "შავი კონტრაქტების" თაობაზეც ვკითხეთ:

"ეს მსოფლიო ფეხბურთის პრობლემაა. გამოსავალი მინიმალური ხელფასის დადგენაა. ასე გააკეთეს სერბეთში და პრობლემა მოისპო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული